ლოწობანი — ისტორიული ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, მდინარე ქსნის მარცხენა ნაპირზე, სოფ. იკოთიდან (ახალგორის მუნიციპალიტეტი) ჩრდილო-აღმოსავლეთით 4 კმ დაშორებით აღმართულ კლდეზე.

ააგო კახეთის ქორეპისკოპოსმა ფადლა II-მ (X საუკუნე). ლოწობანი გაბატონებული იყო მდინარეების ქსანსა და არაგვს შორის მოქცეულ ტერიტორიაზე. მასთან გადიოდა კახეთიდან მდინარე ქსნის შუა წელისაკენ მიმავალი მნიშვნელოვანი სტრატეგიული გზა. X საუკუნის შუა წლებში, კახეთის მთავარ კვირიკე II-ისა და აფხაზეთის მეფის გიორგი II-ის ბრძოლის დროს, ლოწობანი დაიკავა კვირიკე II-ის მოღალატე ფეოდალმა ივანე არშის ძემ, ქართლელ და კახელ აზნაურთა დახმარებით კვირიკე II-მ მალე აიღო ლოწობანი და ახალ აგებულ შურის ციხესთან ერთად დაანგრია. ამით აფხაზთა მეფეს გამოეცალა მნიშვნელოვანი საყრდენი პუნქტები ქართლში გასაბატონებლად. 1072-1073 წლებში საქართველოს მეფე გიორგი II-მ კლდეკარის ერისთავს ლიპარიტ ივანეს ძეს რუსთავის სანაცვლოდ ლოწობანი გადასცა. იმავე ხანებში ლოწობანს კახეთის მეფე აღსართან I დაეუფლა. XIV საუკუნის დასაწყისში ლოწობანი შალვა ქსნის ერისთავმა დაიკავა. ამით ქსნის ერისთავებმა მტკიცედ მოიკიდეს ფეხი მდინარე ქსნის ხეობის შუა წელზე.

შემორჩენილია ფრაგმენტები ლოწობნის ციხის კედლებისა, რომლებიც ბუნებრივი სიმაგრის დანამატები იყვნენ. შეიმჩნევა კედლის ორგვარი სამშენებლო წყობა, რაც შეიძლება სხვადასხვა პერიოდისა იყოს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გვასალია ჯ., ქსნის ხეობის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები. «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», 1967, ტ. 3;
  • მუსხელიშვილი დ., კახეთ-ჰერეთის პოლიტიკური გეოგრაფიის საკითხები XII-XIII საუკუნეებში, იქვე;
  • გვასალია ჯ., ქსე, ტ. 6, გვ. 300, თბ., 1983