გაგიკი
გაგიკი — კახეთ-ჰერეთის მეფე (დაახლოებით 1039-1058 წწ.), დავით უმიწაწყლოს შვილი, კვირიკე III დიდის დისწული და შვილობილი. 1039-1040 წწ. გაგიკი საქართველოს მეფე ბაგრატ IV-ს ეხმარებოდა თბილისისათვის ბრძოლაში, შემდეგ კი ებრძოდა ბაგრატ IV-ს, რომელიც კახეთ-ჰერეთის დაპყრობას ცდილობდა. ბრძოლა მოხდა მიქელ-გაბრიელის მთასთან (მისი მდებარეობა დაუდგენელია). გაგიკი დამარცხდა. ბაგრატმა დაატყვევა კახეთ-ჰერეთის ერისთავები, გადავიდა თიანეთში და გადაწვა ბოდოჯის სასახლე. კახეთ-ჰერეთის სამეფომ დაკარგა ჰერეთი, რომელიც შემდეგში ხან გაგიკის ხელში იყო, ხან კი ბაგრატისა. 1044-1045წწ. გაგიკი ბაგრატ IV-ის მოწინააღმდეგე ლიპარიტ ბაღვაშის მოკავშირე გახდა. დაახლოებით 1045-1046 წლებში, როდესაც ბაგრატ IV თბილისში შევიდა და ისნის გასათავისუფლებლად იბრძოდა, გაგიკი მის მხარეზე გადავიდა, მაგრამ მალე (1046-1047 წწ.), როდესაც ლიპარიტი კვლავ განუდგა საქართველოს მეფეს, გაგიკმა ისევ ლიპარიტის მხარე დაიჭირა. ასეთი მოქნილი პოლიტიკის წყალობით, გაგიკმა მოახერხა კახეთ-ჰერეთის პოლიტიკური დამოუკიდებლობის შენარჩუნება.
გაგიკი | |
---|---|
კახეთის ქორეპისკოპოსი | |
მმართ. დასაწყისი: | 1037 |
მმართ. დასასრული: | 1058 |
წინამორბედი: | კვირიკე III |
მემკვიდრე: | აღსართან I |
გარდ. თარიღი: | 1058 |
მამა: | დავით უმიწაწყლო |
ლიტერატურა
რედაქტირება- პაპუაშვილი თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 611.
წინამორბედი: კვირიკე III |
კახეთის ქორეპისკოპოსი 1037 - 1058 |
შემდეგი: აღსართან I |