წირქვალის ციხე, წირქოლის ციხეშუა საუკუნეების ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში (ახლანდელი ახალგორის მუნიციპალიტეტი); მდებარეობს მდინარე ქსნის მარჯვენა მხარეს, ქარაფოვანი კლდის თავზე, იქ სადაც ხეობა ვიწროვდება. აგებულია ადრე შუა საუკუნეებში. კონტროლს უწევდა მდინარეების ქსნისა და ალეურის გასწვრივ მიმავალ გზებს; კეტავდა ქსნის ხეობის მთაგორიან მხარეს. ვარაუდით, ის ქსნისხევის ადმინისტრაციული და პოლიტიკური ცენტრი იყო. X საუკუნის დასასრულს კახეთის სამთავრომ შიდა ქართლზე პოლიტიკური ექსპანსიის დროს წირქვალის ციხე თავის ხელისუფლებას დაუქვემდებარა. XI საუკუნის დასააწყისში მეფე ბაგრატ III-მ აიღო; XVIII საუკუნეში მსხვილ ფეოდალ გივი ამილახვარს ეკუთვნოდა. 1777 წელს აქ იყო გამაგრებული ერეკლე II-ის წინააღმდეგ აჯანყებული ქსნის ერისთავი გიორგი, იმავე წელს ქსნის საერისთავოს გაუქმებისთანავე სამეფო ხელისუფლებას დაექვემდებარა. ციხის სამშენებლო ფენაში შეიმჩნევა ადრინდელი და გვიუანდელი შუა საუკუნეების შრეები. წირქვალის გორაზე მოკვლეულია გვიანდელი ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური მასალა. წირქვალის ციხის ახლოს მდებარეობს წირქოლის ეკლესია.

წირქვალის ციხე

ლიტერატურა

რედაქტირება