წირქოლის ღვთისმშობლის ეკლესია
წირქოლი, იგივე წირქვალი – VIII საუკუნის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია შიდა ქართლში (ქსნის ხეობა), დაბა ახალგორის ჩრდილოეთით მდებარე სოფელ წირქოლში, მდ. ქსნის მარჯვენა ნაპირზე[1]. მიეკუთვნება გარდამავალ ხანას (VII–X სს.). ეკლესიის აგების ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის. თუმცა მისი ხუროთმოძღვრების და მორთულობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ის VIII საუკუნეშია აშენებული. ასევე, არ შემორჩენილა ცნობები ეკლესიის ამგებზე.
წირქოლის ეკლესია ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. ამჟამად ახალგორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას და მათ შორის სოფელ წირქოლსაც, რუსი ოკუპანტები აკონტროლებენ.
არქიტექტუტული აღწერა
რედაქტირებაწირქოლის ეკლესია VII–X საუკუნის გარდამავალი პერიოდის სხვა ძეგლებთან შედარებით უჩვეულო არქიტექტურა აქვს. გეგმაში წაგრძელებული სწორკუთხედის შენობას გარედან მარტივი მასები აქვს და ერთი შეხედვით ერთ ნავიან სამლოცველოს ჰგავს. შიდა კონსტრუქცია ბევრად უფრო რთულია: ინტერიერში ცენტრალურ კვადრატულ სივრცეს აგვირგვინებს უყელო სფერული გუმბათი, რომელიც ტრომპების საშუალებით პირდაპირ აზის კვადრატულ საფუძველს და გარედან არ არის გამოვლენილი. დასავლეთ ნაწილი ორ სართულიანია და გუმბათქვეშა სივრცეს თაღოვანი მალებით უკავშირდება. გუმბათის ასეთი გადაწყვეტა უჩვეულოა ქართული ხუროთმოძღვრებისთვის. ინტერიერის აღმოსავლეთ ნაწილი ეთმობა საკურთხეველს, ნახევარწრიული აფსიდით და გვერდითა ოთახებით. მიუხედავად იმისა რომ, წირქოლის ეკლესიის არქიტექტურაში გარე მასების და შიდა სივრცის შესაბამისობა დარღვეულია, შენობის მშვენიერი პროპორციები, და ფასადების სისადავე ტაძრის ხუროთმოღვრის უდავო ნიჭს მოწმობს.
ყურადღებას იქცევს აღმოსავლეთის ფასადი: სიმეტრიულ ფასადზე მარტივი კარნიზით დაგვირგვინებული ფრონტონი ჰორიზონტალური სარტყელით არის გამოყოფილი. ფრონტონის ქვეშ ფასადის ცენტრში ორმაგი თაღოვანი სარკმელია მოთავსებული და თითო ვიწრო სარკმელი მის ორივე მხარეს. სარკმლებსა და ფრონტონს შორის მთელი ფასადის გასწვრივ არის დიდი სწორკუთხა ჩაღრმავება, რომელშიც ადრე ჩასმული იყო რუხ–მოშაო ფილები და მკვეთრად გამოიყოფოდა თავისი ფერით, მოყვითალო ნასვრეტებიანი ტუფით მოპირკეთებული ფასადისგან (ეკლესია მთლიანად ნასვრეტებიანი ტუფით არის მოპირკეთებული). სავარაუდოდ ეს ჩაღრმავება რომელიც წირქოლის ეკლესიის თავისებურობას წარმოადგენს, თავის დროზე განკუთვნილი იყო წარწერისთვის, მაგრამ მისი დატანა რატომღაც ვერ მოხერხდა. აღმოსავლეთ ფასადი თავისი ფრონტონით და ჰორიზონტალური კარნიზით ერთი შეხედვით ანტიკური ეპოქის შენობას მოგვაგონებს და უჩვეულოა ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრებისთვის. სამხრეთის ფასადი ასევე სიმეტრიულია. მის ცენტრში სამი ერთმანეთზე გადაბმული ბრტყელი თაღოვანი ნიშაა მოთავსებული. ნიშის ზემოთ კი ორმაგი სარკმელი. ცენტრალურ ნიშაში გაჭრილია შენობაში შესასვლელი კარი, სადა ყოველგვარი დეკორაციის და მორთულობის გარეშე, ხოლო ორმაგი სარკმელი შესასვლელი კარისგან განსხვევებით დეკორაციის სიუხვით გამოირჩევა. მისი თავსამკაული გულმოდგინედ არის დამუშავებული და მოჩუქურთმებული წვრილი დეკორაციული თაღების მწკრივით და ცხოველების გამოსახულებით. ქვემო თაღების მოჩარჩოებაში წითელი ფერის საღებავის გამოყენებაც ერთგვარ დეკორაციული ელემენტს ქმნის. აღსანიშნავია ფასადზე ეკლესიის ქვის პერანგის წყობაც – ნასვრეტებიანი ტუფის მაღალი და დაბალი რიგები ერთმანეთს ენაცვლებიან და შენობას დეკორატიულობას ანიჭებენ.
ეკლესია მიწისძვრის შედეგად ძლიერ დაზიანდა, აღმოსავლეთ ფასადი შუაზე გაიყო, ფრონტონის ნაწილი ჩამოინგრა, ჩრდილოეთ ფასადი კი გვერდზე გადაიხარა. ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად მოხერხდა ძეგლის სრულად აღდგენა.
საინტერესო ინფორმაცია
რედაქტირებაწირქოლის ეკლესიაში ღვთისმშობლობას იმართებოდა ხატობა, რომელსაც ესწრებოდნენ მომლოცველები ახლომახლო სოფლებიდან. ეკლესიის გვერდით არის სასაფლაო. საფლავის ქვებზე გამოსახულია ადამიანები ძველ ქართულ ტანისამოსში. ეკლესიის მახლობლად ასევე დგას ციხე, რომელიც პირველად X საუკუნეში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით იხსენიება ქართულ ისტორიულ წყაროებში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქანდაკება და მხატვრობა ქართული ხელოვნების განვითარების ძველ ხანაში: წირქოლი //ჩუბინაშვილი გ. ქართული ხელოვნების ისტორია.ტ.I.-ტფ.-1936.-გვ.207-208. სამ ქვაზე გამოსახული რელიეფის (დანიელი ლომების ორმოში)მოკლე აღწერილობა. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა (სურ.162).
- წირქოლი //საქართველოს სულიერი საგანძური. წ.I.-თბ.,2005.-გვ.74-75. VIII საუკუნეში ნასვრეტებიანი ტუფით აგებული ეკლესიის ხუროთმოძღვრული დახასიათება, დეკორაციული თაღების აღწერილობა. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. დართულია ეკლესიის ორი ფოტო.
- ზაქარაია პ. ახალგორის რაიონი.-თბ.,1981.-გვ.5-6. მოკლე ცნობა IX საუკუნის ძეგლის - უყელო გუმბათიანი (რაც საქართველოსათვის დამახასიათებელი არ იყო)ეკლესიის შესახებ.
- მატერიალური კულტურის ძეგლები //მაკალათია ს. ქსნის ხეობა.-თბ.,1968.-გვ.69-70, გვ.72. ღვთისმშობლის სახ. დარბაზული ეკლესიის (VIII ს.) არქიტექტურული დახასიათება. აღნიშნულია წირქვლის თეთრი წმინდა გიორგის სახ. ეკლესია.
- ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია.-თბ.,1995.-გვ.66. წირქოლის გუმბათიანი ტაძრის მოკლე ხუროთმოძღვბრული აღწერილობა.
- წირქოლი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება.-თბ.,1974.-გვ.40-41; გვ.117-118. წირქოლისა და არმაზის ხუროთმოძღვრების შედარებითი დახასიათება. ტექსტს დართული აქვს სიგრძივი განივი კვეთი. ანაზომი ვლ.წილოსანისა.
- სოფ.წირქოლი. ეკლესია წმ.გიორგი (თეთრი)//შიდა ქართლი: ახალგორის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა.IV.-თბ.,2008.-გვ.245-246. ძეგლის ხუროთმოძღვრული (აბსიდი, სარკმელი, ნიშა, ტრაპეზი, კანკელი, ფრესკის ნაშთი, კამარა, იატაკი) აღწერილობა. მოცემულია ეკლესიის გეგმა და სამხ.-დას.ხედის ფოტო.
- სოფ.წირქოლი. ეკლესია "წმ.მარიამის" //შიდა ქართლი: ახალგორის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა.IV.-თბ.,2008.-გვ.246-247. სოფლის შემაღლებულ ადგილას, ფლეთილი ქვითა და აგურით ნაშენი ეკლესიის ფასადების დამუშავების ტექნიკის, შიდა სივრცისა და აგურის წყობაში ჩაძირული დიდი ჯვრის შესახებ. მოცემულია ეკლესიის გეგმა და სამხრეთ დას.ხედის ფოტო.
- სოფ.წირქოლი. ეკლესიის ნანგრევი; წირქოლის ეკლესია; სოფ.წირქოლი, სოფლიდან ჩრდ.4 კმ.-ზე მთაში, ეკლესია წმ.გიორგი (კომპლექსი) //შიდა ქართლი: ახალგორის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა.IV.-თბ.,2008.-გვ.249-251; გვ.253-254. სოფ.წირქოლსა და მის მიდამოებში ნაგები რამდენიმე ეკლესიის მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა. დართულია ძეგლების გეგმები და ფოტოები.
- გვასალია ჯ. ქსნის ხეობის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები //საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული.III.-თბ.,1967.-გვ.43. მოკლე ცნობა წირქოლის ციხის მდებარეობისა და სამშენებლო პერიოდების შესახებ.
- წირქოლის ეკლესია //ქართული წარწერების კორპუსი.I.: აღმოსავლეთი და სამხრეთი საქართველო (V-X სს.).-თბ.,1980.-გვ.220-222. რეზ.რუს.ენაზე. განხილულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში დაცული წირქოლის ეკლესიის 957/967 წლების (ლეონ მეფის) საამშენებლო წარწერა. მოცემულია სალიუსტრაციო მასალა (ტაბ.84, 85, სურ.1-3).
- ხუნდაძე თ. ძველი აღთქმის სიუჟეტები რელიეფურ ფრაგმენტებზე წირქოლიდან //AСДEMIA.ტ.III.-2001.-გვ.81-92. რეზ.ინგლ.ენაზე. საქართველოს ხელოვნების ეროვნული მუზეუმის ფონდებში დაცული წირქოლის რელიეფის მხატვრულ-კომპოზიციური და ტექნიკური შესრულების ხერხების ანალიზი, აგების სავარაუდო თარიღის (IX ს.) განსაზღვრა.
- წირქოლის ციხე, წირქოლის ეკლესია // ჟღერს ქვის ჰარმონია, ნაკვეთი მესამე, ტ 15, თბ., "ციცინათელა", გვ. 237-241.