ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია

ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია ― საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი ეპარქია.

გეოგრაფია

რედაქტირება

მდებარეობს შიდა ქართლში, მდინარე ლიახვის აუზში მდებარეობს. ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება წილკნისა და დუშეთის, სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიები, დასავლეთიდან ჭიათურისა და საჩხერის, ჩრდილო-დასავლეთიდან - ნიკორწმინდის, სამხრეთიდან - ურბნის–რუისისა და გორისა და ატენის ეპარქიები, ჩრდილოეთ მხარეს იგი კავკასიონის ცენტრალურ ქედს ებჯინება.

ეპარქიის მნიშნვლოვან ნაწილზე მისი იურისდიქცია მხოლოდ ნომინალურ ხასიათს ატარებს.

ნიქოზის საეპისკოპოსო დააარსა ვახტანგ გორგასალმა წარმართული სალოცავის ადგილზე, სადაც დაკრძალული იყო სპარსელებისაგან წამებული რაჟდენი. ნიქოზის საეპისკოპოსოში შედიოდა ლიახვის ზემო წელი, დვალეთი და მთიანი რაჭა (გლოლა-ღები). მისი კათედრალი („ღვთაების ეკლესია“) მდებარეობდა „დვალეთის გზაზე“. ნიქოზის საეპისკოპოსოს მისია იყო ქრისტიანობის გავრცელება ცენტრალური კავკასიონის მთიანეთში.[1]

1811 წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ უძველესი სამწყსო ერთიან ქართლის ეპარქიის შემადგენლობაში შევიდა. მისი აღდგენა მხოლოდ 1995 წლის 5 აპრილს გახდა შესაძლებელი. ეპარქიის აღდგენის დღიდან მისი მწყემსმთავარია მიტროპოლიტი ისაია ჭანტურია.

სიწმინდეები

რედაქტირება

როგორც საეკლესიო ტრადიციით არის ცნობილი, წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალმა იერუსალიმიდან საქართველოში ჩამოტანილი წმიდა ცხოველსმყოფელი ჯვრის ნაწილი ნიქოზის საკათედრო ტაძარში დააბრძანა. ნიქოზში ვახტანგ გორგასლის დროინდელი ეკლესია და ნაგებობანი არ შემონახულა. მოღწეულია შემდეგ საუკუნეებში გადაკეთებული ღვთაების ეკლესია.

XIII ს-ში თამარ მეფის ასულმა რუსუდანმა წმიდა ჯვარს ვერცხლის ბუდე გაუკეთა და ძვირფასი თვლებით შეამკო. ჯვარზე წარწერა იერუსალიმიდან მისი ჩამობრძანების ისტორიას ეხებოდა. წმიდა ჯვარი საუკუნეთა მანძილზე ნიქოზის საკათედრო ტაძარში იყო აღმართული და მის შესახებ ცნობილი იყო დასავლეთისა და აღმოსავლეთის მრავალ ქვეყანაში. XVIII ს-ის ბოლოს, ქართველთა დიდი შეჭირვების ჟამს, 1799 წელს, როდესაც ნიქოზში ათანასე მღვდელმთავრობდა, წმიდა ჯვარი დაიკარგა.

VI ს. შუა წლებში, 541 წელს აშენებულ გერის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დიდმოწამის წმიდა ნაწილი მისივე სახელობის შეჭედილ ხატში იყო დაბრძანებული. 1186 წელს ეს ხატი წმიდა მეფე თამარის მიერ აშენებულ არბოს წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ჩააბრძანეს და მას შემდეგ ამ ტაძარშია დაბრძანებული. საბაწმინდის დედათა მონასტერში წმიდა მოწესეთა უხრწნელი ნაწილები ოდითგანვე ინახებოდა. ვახუშტის ცნობით - „ერედვის მთასა შინა არს მონასტერი გუნბათიანი, ძეს მოწესე მკუდარი დღემდე დაუშლელი“.

ეპარქიის ეკლესია-მონასტრებს ადრიდანვე მდიდარი წიგნთსაცავები ჰქონდათ. მათგან აღსანიშნავია იკორთის წმიდა მიქაელ მთავარანგელოზის მონასტერი, სადაც მძლავრი სამონასტრო სასწავლებელიც არსებულა. აღსანიშნავია, ასევე ყანჩაეთის მონასტერი. ყანჩაეთის კაბენის მონასტერში ინახებოდა XII-XIII საუკუნეების ოთხთავი და XVII საუკუნის ჟამგულანი. მდიდარი წიგნთასაცავი ჰქონდა ცხავატის მაცხოვრის ეკლესიას, რომელიც XX– ს-ის 30-იან წლებში გაძარცვეს.

XVIII-XIX საუკუნეთა მიჯნაზე, მრავალი გაჭირვების მიუხედავად, ნიქოზის ეპარქია ბოლო დრომდე არსებობდა და მისი იურისდიქციის საზღვრები საკმაოდ ვრცელი იყო. მის დაქვემდებარებაში იყო წინწყაროსა და წილკნის გაუქმებულ კათედრათა სამწყსო ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი. 1804 წელს ნიქოზის საეპისკოპოსოც გაუქმდა და იგი მცხეთის სამთავროს ტაძარს, ანუ ქართლის მთავარეპისკოპოსს მიაწერეს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 451.