რაჟდენი
რაჟდენი, წმინდა რაჟდენი (გ. დაახლ. 457) — ვახტანგ გორგასალის თანამოღვაწე, გაქრისტიანებული სპარსი. გამზრდელი, მამაძუძე ვახტანგ გორგასალის მეუღლის ბალენდუხტისა (ირანის შაჰის ასული), რომელსაც გამოჰყვა ქართლში. ირანელების წინააღმდეგ ვახტანგ გორგასალის ომის დროს რაჟდენი ტყვედ ჩაუვარდა ირანელებს. შაჰმა მოსთხოვა ქრისტოანობის უარყოფა. მიუხედავად ტანჯვა-წამებისა რაჟდენი არ დაუბრუნდა ცეცხლთაყვანისმცემლობას. მაშინ შაჰმა ის გაგზავნა წრომში დაბანაკებულ ირანელთა ლაშქრის მეთაურთან, რომელმაც რაჟდენი სიკვდილით დასაჯა — ძელზე გააკრეს და ისრები დაუშინეს. რამდენიმე ხნის შემდეგ ვახტანგ გორგასალის ინიციატივით, რაჟდენის ნეშტი ნიქოზის ეკლესიაში გადმოასვენეს. ვახტანგ გორგასალმა ეს ეკლესია საეპისკოპოზო ტაძრად აქცია. მოღწეულია რაჟდენის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მეტაფრასტული თხზულება. იგი შეუდგენიათ დაახლოებით XII საუკუნეში, რაჟდენის ხსენების დღეს 3 აგვისტოს (ძველი სტილი), ეკლესიაში საკითხავად.
ლიტერატურა
რედაქტირება- კეკელიძი კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960;
- ლომინაძე ბ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 304.