გრიგოლ ბაკურიანის ძე

ტერმინს „გრიგოლ“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ გრიგოლ.

გრიგოლ ბაკურიანის ძე (გ. 1086) — XI საუკუნის ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, ბიზანტიის იმპერიის ჯერ აღმოსავლეთის, მერე დასავლეთის (ევროპული ნაწილის) დომესტიკოსი (მთავარსარდალი), სევასტოსი. ძე ერისთავთერისთავ ბაკურიანისა.

გრიგოლ ბაკურიანის ძე. პეტრიწონის მონასტრის ფრესკა.

წარმომავლობა

რედაქტირება

პეტრიწონის მონასტრის ტიპიკონის ბერძნული რედაქციის გამოქვეყნებამდე XI საუკუნის გრიგოლ ბაკურიანის-ძის წარმოშობის შესახებ მხოლოდ ორი ცნობა არსებობდა. ბიზანტიელი უფლისწული და ისტორიკოსი, კეისარი ალექსი I კომნენოსის ასული ანა კომნენოსი თავის ისტორიულ თხზულება „ალექსიადაში“, აღნიშნავს: გრიგოლი „წარმოშობით ეკუთვნის დიდებულ სომხურ საგვარეულოს“[1][2]. ამის საპირისპიროდ სომეხი ისტორიკოსი მათეოს ურჰაეცი თავის თხზულებაში — „ჟამანაკაგრუთიუნ“ (ჟამთააღმწერლობა) გრიგოლ ბაკურიანის-ძეს „ტომით ქართველს“ უწოდებს[3]. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ანა კომნენოსი დაიბადა 1083 წლის დეკემბერში, ხოლო გრიგოლ ბაკურიანის-ძე კი პაჭანიკებთან ბრძოლისას დაიღუპა 1086 წელს. ანა კომნენოსისაგან განსხვავებით, მათეოს ურჰაეცი გრიგოლის თანამედროვე იყო.

1888 წელს ლაიფციგში გ. მუსეოსმა გამოაქვეყნა პეტრიწონის მონასტრის ტიპიკონის ბერძნული ვერსიის ახალბერძნული თარგმანი, ხოლო 1904 წელს ლუის პეტიტმა ამ თარგმანის დედანიც გამოსცა[4]. ეს გამოქვეყნებული „დედანი“ თავისთავად იყო XVIII საუკუნის პირი პეტრიწონის მონასტრის XIII საუკუნეში შესრულებული პირისა, სადაც გრიგოლი საკუთარ თავს „ნათესავით ქართველს“ უწოდებს. 1905 წელს ნიკო მარმა თავის ნაშრომში „Аркаун монгольское название христиан, в связи с вопросом об армянах-халкедонитов“ წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ გრიგოლის მიერ საკუთარი თავის ქართველად სახელდება, შესაძლოა, ნიშნავდეს მის ქალკედონიტობასო. საქმე ის არის, რომ ბერძნული ვერსიის გადაწერილ პირში აღნიშნულია, რომ პერტიწონის მონასტრის ტიპიკონი დაიწერა ბერძნულად, ქართულად და სომხურად, ასევე ის რომ გრიგოლს თავისი ხელრთვა შეუსრულებია სამ ენაზე: ბერძნულად, ქართულად და სომხურად. მართალია გრიგოლი როგორც ბიზანტიელი მოხელე, ბიზანტიაში შემავალ ისტორიული სომხეთის ტერიტორიებსაც განაგებდა, მაგრამ მაინც უჩვეულოდ ჩანდა რატომ დაწერდა ნათესავით ქართველი ტიპიკონის მესამე სომხურენოვან ვარიანტს და რატომ მოაწერა ხელი სომხურადაც. აქედან მოყოლებული გაიყო აზრი ორად: მეცნიერების ერთი ნაწილი მას ქართველად მეორე კი სომეხად მოიხსენიებს.

მოგვიანებით გაირკვა, რომ პეტრიწონის ტიპიკონის დედანი აღარ არსებობს. ის დაზიანებული იყო ჯერ კიდევ XIII საუკუნეში, ამიტომ მონასტრის ბერებს გადაუწერიათ მისი როგორც ქართული, ისე ბერძნული ვერსიები. ისინი ერთად აკინძულები აღმოჩნდნენ ყორაისის ბიბლიოთეკაში კუნძულ ქიოსზე. აღმოჩენილ ხელნაწერში არაფერია ნათქვამი სომხური ვერსიის არსებობის შესახებ. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ კუნძულ ქიოსზე აღმოჩენილი ქართული ხელნაწერი წარმოადგენს 1083 წლის დედნის ასლს, მაშინ როცა ბერძნული ვერსიაში შეტანილია ცვლილებები. აკაკი შანიძის მოსაზრებით, ცნობა ტიპიკონის სომხური ვარიანტისა და სომხური ხელრთვის შესახებ წარმოიშვა ბერძნული პირის გადამწერის მიერ, რომელსაც, შესაძლოა, ქართული და სომხური ანბანის მსგავსების გამო ქართული ვერსია სომხურად მიეჩნია[5].

გრიგოლ ბაკურიანის-ძის სომხური წარმოშობის დასაბუთება სცადეს სომეხმა ისტორიკოსებმა პ. მურადიანმა[6] და ვ. არუთინოვა-ფიდანიანმა[7]. მის ქართულ წარმომავლობას ამტკიცებდნენ ქართველი მეცნიერები: ა. შანიძე[8], გ. გოზალიშვილი[9], ლ. მენაბდე[10], ნ. ლომოური[11].

ყველა მკვლევარი, ვინც გრიგოლ ბაკურიანის-ძის ბიოგრაფიას შეეხო, ერთსულოვნად იზიარებდა მისი ტაოდან წარმოშობას. აღნიშნული თვალსაზრისის დამკვიდრება ნ. მარს ეკუთვნის, რაც სადავოდ არავის გაუხდია. საინტერესოა, რომ სინამდვილეში წყაროებში არავითარი მითითება გრიგოლის ტაოდან წარმომავლობის შესახებ არ მოგვეპოვება.

გრიგოლ ბაკურიანის-ძე ტიპიკონში საკუთარი წარმოშობის შესახებ შემდეგ ცნობებს გვაწვდის:

...მონასტერსა პეტრიწონისასა, რომელი-ესე აღიწერა და დაემტკიცა ბრძანებითა ჩემ გრიგოლისათა, ნებითა ღმრთისაითა სევასტოსისათა და დიდისა დომესტიკოსისა ყოვლისა დასავლეთისაითა, ძისა სანატრელისა ერისთავთა მთავრისა ბაკურიანისაითა (ბერძნულ ტექსტში ამ ადგილას იკითხება: „ღვიძლმა შვილმა ნეტარი ბაკურიანისა ბრწყინვალე ერისთავთ-ერისთავისა“) აღმოსავლელისა და ქართველისაითა და თანამეღვიძლისა ძმისა ჩემისა სანატრელისა აბაზ მაგისტროსისა...

მამანო და ძმანო რომელნი-ესე მკვიდრ ვართ მონასტერსა ამას შინა, ვინაითგან ქართველნი ვართ ნათესავით მხნენი და მხედრობით აღზრდილნი...

რამეთუ ნეტარი მამაი ჩუენი ვინაითგან ადრე მიიცვალა და ჩუენ მცირენი დაგვიტევნა და ჰასაკად ვერ მოწიფულნი, ამისთვის ყოველი მონაგები და სახმარი მამისა ჩუენისაი დედამან ჩუენმან დედობრივისა ჭირვეულობასა მიხედვითა სხუათა მათ შვილთა თვისთა, დათა ჩუენთა მზითვად მისცა და ჩუენ შიშუელნი დაგვიტევნა ყოვლისაგან მამულისა და დედულისაგანცა სახმრისა. და დანიჩუენნი [ზითვითა] მათითურთ წარვიდეს ქმართა [მათთა და] განიბნეს სხუათა და სხუათა შინა [სოფელთა და მ]უნ წარაგეს ყოველი...

ეგრეთვე მე[ცა მსახუ]რებითა და რუდუნებითა ჩემითა ს[ომხე]თს შინა და საქართველოს და სასარკინოზეთს მებრ და მერმე საბერძნეთს მოსვლითა საცხორებელსა ჩემსა ვეძიებდი და მოვირეწდი. და მრავალთა შინა ჟამთა ვიქცეოდი ესრეთ. და ესე ყოველი გინათუ მონაგები, გინა სახმარი, ანუთუ პატივი მთავრობისაი მომიგიეს, ყოველივე შეწევნითა ღმრთისაითა ქმნილ არს ჩემდა და მშობელთა ჩემთა ლოცვითა და თვით შემითა მრავლითა ტანჯვითა და მოჭირვებითა და სისხლთა დათხევითა...

და მსგებფსსა შინა სამსა დღესა სასეფოდ ჟამსა წარვიდეს: ერთსა დღესა მამისა ჩემისა ბაკურიანისათვის და ერთსა დღესა მამის ძმისა ჩემისა ხუასროვანისათვის და ერთსა მამის ძმის წულისა ჩემისა ბაკურიანისათვის...

სხუაი ოქრობეჭედი ერთი, რაითა ხელმწიფებაი მაქუნდეს პრასტინთა ჩემთა [...], ვინაიცა მენებოს, ნათესავთა ჩემთა და მსახურთა ჩემთა, დაღაცათუ სომეხნი იყვნენ სარწმუნოებითა...

მონაზონნი მონასტრისა ჩემისა გუარად ქართველნი არიან...

ეგრეთვე პერითორისა ციხესა შიგნით ავლინი, რომელი აბაზს, აღსართანის ძმასა, სიძესა ჩვენსა, ჰქონდა...[12]

მოყვანილი ადგილებიდან კარგად ჩანს, რომ მიუხედავად იმისა, რომ განასხვავებს „ნათესავის“ და „სარწმუნოების“ ნიშანს ერთმანეთისაგან, ის, ასევე, თავის ნათესავებს უწოდებს არა ნათესავით სომხებს არამედ სარწმუნოებით სომხებს. ასეთები კი მრავლად იყვნენ XI საუკუნის საქართველოში, როდესაც ქვემო ქართლის მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ სომხებს ეპყრათ. გარდა ამისა, იმ ხანად კახეთში კვირიკიანები მეფობდნენ და არაა გამორიცხული რომ თვით კახეთის მეფეები გაგიკი და აღსართანი, რომლებიც მამის ხაზით სომხები იყვნენ, მონოფიზიტები ყოფილიყვნენ. ასევე მონოფიზიტები იქნებოდნენ აღსართანის ძმა (ძმები) და უახლესი ნათესავები. საერთოდ აღსანიშნავია ერთი რამ: ბიზანტიის „იბერიის თემი“, თუ შედარებით მოკლე ისტორიულ პერიოდს არ ჩავთვლით, ფაქტობრივად არ ყოფილა საქართველოს შემადგენლობაში, ის ძირითადად ბიზანტიის შემადგენლობაში შედიოდა.

პეტრიწონის ტიპიკონიდან არ ჩანს, თუ რომელი მხარიდან წარმოსდგებოდა გრიგოლი. ფაქტობრივად, ჯერ კიდევ ნ. მარის მიერ სრულიად უსაფუძვლოდ გამოთქმული დებულება გრიგოლის ტაოდან წარმოშობის შესახებ, გამონაკლისის გარეშე ყველა შემდგომმა მკვლევარმა უკრიტიკოდ გაიმეორა. გრიგოლის წარმოშობის დასადგენად არაფერს არ იძლევა იმ მამულების ჩამოთვლა, რომელსაც ის ფლობდა. სრულიად აშკარაა თვით გრიგოლის ცნობიდანვე, რომ ის და მისი ძმა სამშობლოში, დედას „უმამულოდ“ და „უდედულოდ“ დაუტოვებია. ისინი ბიზანტიის კარის სამსახურში ჩამდგარან და უკვე მისგან მიუღიათ მამულები. ასე რომ, ტაოში ბიზანტიის კეისრისგან ნაბოძები მამულის მიხედვით მისი ტაოელად გამოცხადება სრულიად უსაფუძვლოა. არსებობს თვალსაზრისი, რომ ბიზანტიის კეისრები მათ სამსახურში მყოფ პირებს მამულებს მათივე მშობლიურ მხარეებში აძლევდნენ. აღნიშნული თვალსაზრისი ვერანაირად ვერ მიესადაგება იმ პირებს, ვინც საქართველოს სხვა კუთხიდან მომდინარეობს, მაგალითად, თუნდაც წარმოშობით კახეთიდან მყოფი პირები, რადგანაც ბიზანტიის კეისარი მათ კახეთის ტერიტორიას ვერ გადასცემდა სამართავად იმ მიზეზის გამო, რომ აღნიშნული ტერიტორია მის იურისდიქციაში არ იმყოფებოდა.

ერთადერთი ცნობა, რომელიც გრიგოლის ტაოდან წარნოშობაზე შეიძლება მეტყველებდეს, ესაა კედრენეს (სკილიცას) მონათხრობი გრიგოლის მამის შესახებ. ამ ბიზანტიელი ისტორიკოსის მიხედვით,

 
„დავით კურაპალატი გარდაცვლილიყო და თავისი სამფლობელოების მემკვიდრედ მეფე (იგულისხმება ბასილი კეისარი) დაეწერა. იბერიაში რომ ჩავიდა, მიცემული მემკვიდრეობა დაიდგინა. ბოლო კურაპალატის ძმა გიორგი, შიდა იბერიის მმართველი, დაარწმუნა დაკმაყოფილებულიყო თავისი საკუთარი სამფლობელოებით და სხვისას არ შესეოდა, შეკრა მასთან ზავი: მძევლად მისი ვაჟი მიიღო და ფინიკიაში წავიდა. თან წაიყვანა იბერიის დიდგვაროვნები, რომელთაგან უმთავრესნი იყვნენ ბაკურიანი, ფევდატე და ფერსი...[13]

უფრო ქვემოთ, გიორგი I-თან ომის აღწერისას კედრენე აღნიშნავს:

 
„რადგან აბაზგიის მთავარმა გიორგიმ დაარღვია რომაელებთან დადებული ხელშეკრულება და რომაელტა საზღვრებში იჭრებოდა, მეფემ მთელი ჯარით გაილაშქრა მის წინააღმდეგ... ამას შემდეგ მოხდა მეორე ბრძოლა... გიორგი გაიქცა იბერიის შიდა მთებში. ცოტა ხნის შემდეგ მან მოლაპარაკება გამართა მეფესთან (კეისარ ბასილისთან), დაუთმო თავისი ქვეყნის ის ადგილები, რომელიც მეფეს სურდა და შეკრა ზავი: თავისი ვაჟი ბაგრატიც მძევლად მისცა. მეფემ მაგისტროსობა უბოძა ბაგრატს და უკან გაისტუმრა.“

კედრენე საქართველოს მეფეების (ბაგრატ III და გიორგი I) ბასილ კეისართან ურთიერთობის ამსახველ ინფორმაციას სხვადასხვა ქრონიკებიდან იღებს. ამიტომ, თუმცა ის ბასილი კეისრის საქართველოში მოსვლის ამბავს ორჯერ გვიყვება: ერთხელ დავით კურაპალატის გარდაცვალებისას 1001 წელს და მეორე 1021 წელს გიორგი I-თან ომის დროს. კედრენე საქართველოს პოლიტიკური ვითარების ზერელე ცოდნის გამო, მეორე 1021 წლის ამბავი ასახავს ბაგრატ უფლისწულის მძევლად აყვანას. პირველ შემთხვევაში კი ფაქტობრივად კეისრის საქართველოში 1001 და 1021 წლის მოსვლაა ერთმანეთში არეული. ქართველ მეცნიერთა მოსაზრებით ბაგრატ უფლისწულთან ერთად ბასილი კეისარმა წაიყვანა სწორედ ბაკურიანი, ხოლო ჯოჯიკის-ძეები ძმები ფევდატე და ფერსი ოცი წლით ადრე 1001 წელს საქართველოში პირველი მოსვლის დროს გაიყოლა თან. ფერსი რომ ბაგრატის მძევლად წაყვანამდე ბევრად ადრე იმყოფებოდა კეისრის კარზე, თუნდაც იქიდან ჩანს, რომ მას ამ ამბებზე ცოტათი ადრე ბიზანტიაში კეისრის წინააღმდეგ აჯანყებაში მონაწილეობისათვის თავი მოკვეთეს.

ამგვარად, ბაგრატის მძევლად წაყვანისას, ბიზანტიის კეისარს ზემოთ ჩამოთვლილ პირთაგან თან მხოლოდ ბაკურიანის წაყვანა შეეძლო და არა ძმები ჯოჯიკისძეების.

აშკარაა, რომ კედრენესთან დასახელებული ბაკურიანი სწორედ გრიგოლის მამაა. ჯერ ერთი რომ გრიგოლი თავს ბაკურიანის-ძედ იხსენებს, გარდა ამისა ბაკურიანისთვის კეისარს, ისევე როგორც ძმებ ჯოჯიკის-ძეების ფევდატე და ფერსისათვის, პატრიკიოსის ტიტული უბოძებია. სწორედ ამ ტიტულით მოიხსენიებს გრიგოლი თავის მამას. ქრონოლოგიურადაც მოვლენები კარგად ესადაგება ერთმანეთს: ბაგრატ უფლისწულთან ერთად საქართველოდან კეისრის კარზე წასული ბაკურიანი, სავარაუდოა, ტახტის მემკვიდრესთან ერთად 1025 წელს დაბრუნებულიყო საქართველოში. მართლაც, გრიგოლი მას დაახლოებით 1026-1027 წლებში უნდა შეძენოდა. როგორც ვიცით, 1083 წლისათვის, ანუ პეტრიწონის ტიპიკონის შედგენის დროისათვის გრიგოლი თავს მხცოვნად მოიხსენიებს, რაც გვაფიქრებინებს, რომ ის 50 წელზე ნაკლების არ უნდა ყოფილიყო. თუ იმასაც გვაითვალისწინებთ, რომ 1086 წელს ის ჯერ კიდევ პირადად იბრძვის ბრძოლის ველზე, სადაც იღუპება, უნდა ვიფიქროთ, რომ ის არც 60-ს იქნებოდა ბევრად გადაცილებული. ამრიგად შეიძლება იტქვას რომ გრიგოლი გარდაცვალებისას იქნებოდა 58-60 წლისა, ხოლო ტიპიკონის შედგენის მომენტისათვის 55-57 წლის იქნებოდა.

ამგვარად აშკარაა, რომ გრიგოლის მამა ბაკურიანი კეისარ ბასილის ბაგრატ უფლისწულის მძევლად წაყვანისას წაუყოლებია თან. აღნიშნული წყარო ვერანაირად ვერ გამოდგება გრიგოლის სადაურობის დასადგენად, რაც თავისთავად მისი ტაოდან წარმომავლობას არ ადასტურებს.

როგორც ცნობილია სახელი ბაკურიანი ბაკურის ძეს აღნიშნავს. ამგვარად, გრიგოლი ეკუთვნოდა საქართველოს დიდებულ ბაკურიან-ბაკურისძეთა საგვარეულოს.

როგორც ზემოთ ითქვა, გრიგოლის მამა ადრევე გარდაცვლილა და გრიგოლი და მისი ძმა აბაზი დედას უმამულოდ დაუტოვებია — მთელი მამული დებისთვის დაურიგებია მზითვად. ერთ-ერთი დის მეუღლე აბაზი, გრიგოლისვე ცნობითმ აღსართანის ძმა ყოფილა. აღსართანი კი კახეთის მეფე, გაგიკის ვაჟი და ტაშირ-ძორაგეტის დიდი მეფის დავითის შვილიშვილია. გრიგოლის ნათესავები დის ხაზით იყვნენ როგორც ტაშირ-ძორაგეტის, ისე კახეთის კვირიკიანები. აქედან გასაგები ხდება, თუ ვის გულისხმობდა ის, როდესაც თავის „სომხური სარწმუნოების“ ნათესაობაზე საუბრობს. აქვე თუ განვიხილავთ გრიგოლის სიტყვებს: „ეგრეთვე მე[ცა მსახუ]რებითა და რუდუნებითა ჩემითა ს[ომხე]თს შინა და საქართველოს და სასარკინოზეთს მებრ და მერმე საბერძნეთს მოსვლითა საცხორებელსა ჩემსა ვეძიებდი და მოვირეწდი“. როგორც ჩანს საბერძნეთში ანუ ბიზანტიის კეისრის სამსახურში ჩადგომამდე გრიგოლი მსახურობდა ჯერ სომხეთს და შემდეგ საქართველოში. რომელ სომხეთს გულისხმობს ის ამ შემთხვევაში? ვასპურაკანის სამეფო 1021 წლიდან უკვე ბიზანტიის შემადგენლობაშია, შირაკის სამეფო 1041 წლიდან ფორმალურად, ხოლო 1045 წლიდან ფაქტობრივადაც (გაგიკის დატყვევების შემდეგ) ბიზანტიამ მიიერთა, ისე, რომ დაახლოებით 1026-1027 წლებში დაბადებული კაცისათვის ერთადერთ სომხეთად (თუ არ ჩავთვლით ვანადიდის სამეფოს, მაგრამ მას ქართული წყაროები და, შესაბამისად, იმ ხანის ქართველები „სომხეთს“ არ უწოდებდნენ), სადაც შეიძლებოდა 17-18 წლის ჭაბუკს 1043-1044 წლებში სამსახური დაეწყო და თანაც ქართველებიც ამ სამეფოს „სომხეთად“ მოიხსენიებდნენ, ეს ტაშირ-ძორაგეტი იყო. მართლაც, დავით უმიწაწყლოს (990-1048) ვაჟი გაგიკი (1037-1058) იმჟამად კახეთ-ჰერეთის გაერთიანებულ სამეფოს ედგა სათავეში და კახური საგვარეულოს წარმომადგენლობისათვის დიდი სირთულე არ იქნებოდა მამა მეფის კარზე გვარიშვილობის შესაფერისი პატივისა და სამსახურის მოპოვება.

ბიოგრაფია

რედაქტირება

987-989 წლებში ბიზანტიის მხედართმთავარმა ბარდა ფოკამ ხელისუფლების ხელში ჩაგდება მოინდომა და აჯანყდა. მას მხარი დაუჭირა ქართველმა მეფემ დავით III კურაპალატმა. ბასილ II-მ დაამარცხა ბარდა ფოკა და მისი მომხრეების დასჯაც გადაწყვიტა, მათ შორის დავით III-ისა. ქართველთა მეფემ კი ბიზანტიის აგრესიის თავიდან ასაცილებლად ბასილს პირობა მისცა, გარდაცვალების შემდეგ თავისი სამეფო მისთვის დაეტოვებინა.

1001 წელს დავით III გარდაიცვალა. ბასილმა ქართველებს პირობის შესრულება მოსთხოვა და დიდი ლაშქრით შევიდა იმიერ ტაოში. აქ საქმეების მოგვარების შემდეგ ქართველ აზნაურებს მძევლები ჩამოართვა, ხოლო დიდგვაროვნების ნაწილი თან წაიყვანა, მათ შორის ბაკურიანი და ძმები — ფევდატი და ფერსი.

ბიზანტიაში გადასახლებულ ტაოელ ქართველებს და მათ შთამომავლებსაც ძალიან გაუჭირდათ უცხოეთში. ალბათ ამიტომ ზოგმა, როგორც კი საშუალება მიეცა, სამშობლოს მოაშურა. დარჩენილები ბიზანტიის სამსახურში ჩადგნენ. ერთი ამათგანი იყო გრიგოლ ბაკურიანის ძე.

ეს ის გრიგოლია, რომლის მამა ბაკურიანი, მეცნიერთა აზრით, ბასილ II-მ საქართველოდან წამოიყვანა. ბაკურიანის გარდაცვალების შემდეგ გრიგოლის დედა გაჭირვებამ აიძულა, ნაწილი ქონებისა გაეყიდა, ნაწილი კი ქალიშვილებისთვის გადაეცა მზითვად. გრიგოლსა და მის ძმას აბაზს კი თითქმის არაფერი შერჩათ. ძმები იმპერიის სამსახურში ჩადგნენ და მალე დიდ წარმატებას მიაღწიეს. გრიგოლი აქტიურად მონაწილეობდა იმპერიის სამხედრო ექსპედიციებში და კარგი მეომრისა და მხედართმთავრის სახელი დაიმკვიდრა.

გრიგოლ ბაკურიანის ძეს XI საუკუნის 60-იანი წლების დამდეგს უკვე საკმაოდ დიდი თანამდებობა ეჭირა. დაახლოებით 1064 წლისთვის იბერიის თემში მოღვაწეობს, მონაწილეობს თურქ-სელჩუკთა მიერ გარემოცული ანისის ციხე-ქალაქის დაცვაში. მართალია, ანისი დაეცა, მაგრამ იმპერატორს გრიგოლის ვაჟკაცობა სათანადოდ დაუფასებია და მალე იბერიის თემის მმართველად დაუნიშნავს.

იბერიის თემი ანუ საკატეპანო იმპერიის აღმოსავლეთ პროვინციაში, საქართველოს მოსაზღვრედ შექმნილი ბიზანტიური სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეული იყო და ძირითადად მოიცავდა დავით III კურაპალატის მამულებს, რომლებიც ჯერ კიდევ 1001 წელს შეიერთა ბასილი II-მ. ამას გარდა, მასში შედიოდა ანისისა და კარის (ყარსის) სამეფოთა მიწა-წყალიც. იბერიის თემის მმართველის ანუ დუკას თანამდებობა იმპერიაში ერთობ საპატიო იყო.

გრიგოლ ბაკურიანის ძეს რთულ დროს მოუხდა იბერიის დუკად ყოფნა: ბიზანტიის აღმოსავლეთ საზღვრებში თურქ-სელჩუკები თარეშობდნენ, იბერიის თემსა და მის მიმდებარე ტერიტორიას მომთაბარე ოღუზები არბევდნენ. გრიგოლმა ერთხანს შეძლო იბერიის თემის შენარჩუნება, მაგრამ XI საუკუნის 70-იანი წლების შუა ხანებში თურქ-სელჩუკთა შემოსევებმა არნახული მასშტაბები შეიძინა. მტერი ბიზანტიის ცენტრალურ რაიონებს დაემუქრა. მომთაბარე ოღუზები კონსტანტინოპოლსაც კი მიუახლოვდნენ. იმპერატორმა გადაწყვიტა ამიერკავკასია დროებით დაეთმო, აქედან გაწვეული მეომრებით კი ცენტრალური პროვინციები გაემაგრებინა.

ამ დროს კონსტანტინოპოლში საიმპერატორო კარზე ქართველთა საკმაოდ დიდი პარტია არსებობდა. ისინი, უპირველესად, ბიზანტიის დედოფლის, ქართველი მართა-მარიამის გარშემო იყვნენ თავმოყრილი. საფიქრებელია, რომ ამ დაჯგუფებას მიეკუთვნებოდა გრიგოლ ბაკურიანის ძეც. პოლიტიკურმა ვითარებამ და საქართველოს სამეფო ოჯახთან ახლო ნათესაობამ იმპერატორს უბიძგა, იბერიის თემში შემავალი ციხეები საქართველოს მეფისთვის, გიორგი II-ისთვის გადაეცა. ამ გადაწყვეტილების მიღებაში დედოფლის გარშემო დაჯგუფებულ ქართველთა დასსაც უნდა შეესრულებინა საგრძნობი როლი. საბოლოოდ ეს საქმე იმპერატორმა გრიგოლს მიანდო. გიორგი II და გრიგოლი ბანაში შეხვდნენ ერთმანეთს. მათი შეხვედრისას გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის პირობით, საქართველოს დაუთმეს კარის (ყარსის) ციხე-ქალაქი და მისი მიმდებარე ტერიტორია. ასევე ქართველთა ხელში გადავიდა სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში ბიზანტიელთა გამგებლობაში მყოფი ციხეები. ეს იყო საქართველოს საგარეო პოლიტიკის საგრძნობი წარმატება. სიმბოლურია, რომ ეს საქმე სწორედ გრიგოლ ბაკურიანის ძის ხელით განხორციელდა.

აღმოსავლეთში თურქ-სელჩუკთა გაბატონების შემდეგ იბერიის საკატეპანო გაუქმდა. გრიგოლმა მოღვაწეობა ბიზანტიის დასავლეთ ნაწილში — ბალკანეთში განაგრძო.

1081 წელს ალექსი კომნენოსმა აჯანყება მოაწყო. იმპერატორი ნიკიფორე III ტახტიდან ჩამოაგდო და თავი იმპერატორად გამოაცხადა. ამიერიდან ბიზანტიის სათავეში თითქმის ერთი საუკუნე კომნენოსთა საგვარეულო იდგა. ეს გადატრიალება კონსტანტინოპოლში არსებულ ქართველთა ხელდებით განხორციელდა. შეთქმულებას ფარულად ხელმძღვანელობდა მარიამ დედოფალი. ალექსი კომნენოსს მხარში ედგა და მასთან ერთად იბრძოდა გრიგოლ ბაკურიანის ძეც. ჩვენამდე მოღწეულია აჯანყებამდე გამართული მათი საუბრის ტექსტი. ამ საუბრიდან ნათლად ჩანს, რომ გრიგოლ ბაკურიანის ძე არათუ დიდი მხედართმთავარი, მოხერხებული პოლიტიკოსიც იყო. ალექსი კომნენოსის ქალიშვილის, ანა კომნენოსის მონათხრობით, როცა ალექსიმ აჯანყება გადაწყვიტა, ღამის პირველი დარაჯობისას მივიდა გრიგოლ ბაკურიანის ძესთან და “უამბო მას ყველაფერი... იმან (ე.ი. გრიგოლმა) ყოველივე ეს მოისმინა და მიხვდა, რომ ამგვარ შემთხვევაში დაყოვნება დაუშვებელია, რომ საჭიროა ახლავე შეუდგნენ ამ კეთილშობილურ საქმეს და უთხრა: - თუ ხვალ, დილით ადრე, აქედან გახვალ, მეც გამოგყვები და თავგამოდებით დაგიცავ, თუ მომავლისთვის გადასდებ შენი განზრახვის აღსრულებას, იცოდე, მე თვითონ დაუყოვნებლივ მივალ მეფესთან და ვუამბობ შენსა და შენი თანამზრახველების შესახებო”.

გრიგოლის განზრახვა აბსოლუტურად გასაგებია. მას სურდა კომნენოსი აეჩქარებინა, ვინაიდან, როგორც გამოცდილმა სარდალმა, შესანიშნავად იცოდა, რომ გადავადება მხოლოდ ავნებდა დაწყებულ საქმეს და ჩანაფიქრს ჩაშლიდა. შეთქმულება განხორციელდა. საიმპერატორო ტახტი ალექსი I-მა კომნენოსმა დაიკავა, გრიგოლ ბაკურიანის ძე კი დასავლეთ ჯარების სარდალი ანუ დასავლეთის დიდი დომესტიკოსი გახდა. ამავე დროს იმპერატორმა მას ბიზანტიის უდიდესი სამოხელეო ტიტული - სევასტოსობა უბოძა. იმპერიის სამხედრო იერარქიაში კი იმპერატორის შემდეგ დასავლეთისა და აღმოსავლეთის ჯარების სარდლები იდგნენ. XI საუკუნის მიწურულს დასავლეთის დიდი დომესტიკოსი განსაკუთრებულ როლს ასრულებდა ქვეყნის ცხოვრებაში. არც ის იყო შემთხვევითი, რომ მცირე ხნით ადრე ეს საპატიო თანამდებობა სწორედ ალექსი კომნენოსს ეჭირა, გაიმპერატორების შემდეგ კი იგი გრიგოლს გადასცა.

XI საუკუნის 80-იანი წლებიდან ბიზანტიის დასავლეთ საზღვრებთან გახშირდა პაჭანიკებისა და ყივჩაღების თავდასხმები. გრიგოლი თავდაუზოგავად ებრძოდა მტერს. 1081-1083 წლების შუალედში ერთ-ერთი ბრძოლისას ტყვედაც ჩაუგდიათ ყივჩაღებს, მაგრამ ალექსი კომნენოსს დიდ საფასურად გამოუხსნია. იმპერატორი უდიდეს პატივს მიაგებდა გრიგოლს და მას დამოუკიდებლად მოქმედების უფლებასაც კი აძლევდა.

1086 წელს ალექსი I-მა გრიგოლს მომთაბარე სკვითების წინააღმდეგ გალაშქრება დაავალა. გრიგოლმა გადამწყვეტი ბრძოლის წინ საგანგებოდ განალაგა თავისი ჯარი. შუა ბრძოლისას მოულოდნელად ცხენმა გაიტაცა, მუხას დაეჯახა და იქვე დალია სული. ეს იყო დიდი ტრაგედია ბიზანტიის იმპერიის ისტორიაში. ანა კომნენოსის სიტყვით, მამამისმა — იმპერატორმა ალექსი I-მა, დიდად განიცადა ეს ამბავი: „დაიტირა დაღუპულები, ყველანი ცალ-ცალკე და ერთად, ხოლო დომესტიკოსის სიკვდილის გამო განსაკუთრებით წუხდა და ცრემლს ღვრიდა, ვინაიდან ძალიან უყვარდა ეს კაცი ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე მეფედ გამოაცხადებდნენ“.

ბიზანტიის იმპერიის დომესტიკოსი გრიგოლ ბაკურიანის ძე დიდი პატივით წამოასვენეს და მისსავე აშენებულ პეტრიწონის მონასტერში დაკრძალეს. საქართველოსგან შორს განისვენა ბიზანტიის დიდმა დომესტიკოსმა, თავისი დროის უდიდესმა სარდალმა და ქველმოქმედმა.

უცხოეთში მოღვაწე ქართველ პოლიტიკურ და სამხედრო მოღვაწეთა დასში გრიგოლ ბაკურიანის ძე გამორჩეულია ეროვნული თვითშეგნებით. მართალია, მთელი ცხოვრება ბიზანტიის სამსახურში გალია, მაგრამ ამას ოდნავადაც არ შეუსუსტებია მისი სიყვარული სამშობლოსადმი, ქართველებისადმი. ბიზანტიის დიდმა დომესტიკოსმა უზარმაზარი სიმდიდრე დააგროვა. უკვე ხანში შესულმა თავისი ქონებით იმპერიის ევროპულ ნაწილში, ბულგარეთის ტერიტორიაზე, პეტრიწონის სავანე აღაშენა. 1083 წელს ამ მონასტერს საგანგებო ტიპიკონი — წესდებაც განუწესა.

გრიგოლი ქართული სამხედრო ტრადიციების ერთგული გამგრძელებელი იყო. ბიზანტიელი ისტორიკოსები საგანგებოდ აღნიშნავენ, რომ დიდმა დომესტიკოსმა უკეთ იცოდა ჯარის მომზადება, მისი დაწყობა ფალანგ-ფალანგ (საბრძოლო წყობა, ქვეითი ჯარის ერთმანეთთან მიჯრილი მწკრივები), მოხერხებული საბრძოლო წყობის მოფიქრება. გასაოცარია, მაგრამ გრიგოლს თავი უპირველესად ქართველ მხედართმთავრად მიაჩნდა. ჩვენ „ქართველნი ვართ ნათესავით მხნენი და მხედრობით აღზრდილნი და მარადის ჭირვეულისა ცხორებას ჩუეულნი“, — საგანგებოდ აღნიშნავს იგი.

პეტრიწონის მონასტერიც გრიგოლმა მხოლოდ თავის თვისტომთათვის, ქართველთათვის ააგო. მართლაც საინტერესოა, რომ ბერძნებს, რომელთა გარემოში იზრდებოდა და რომელთა სახელმწიფოს ძლიერებისთვის იბრძოდა წლების განმავლობაში, სავანეში მოღვაწეობა ეკრძალებოდათ. გრიგოლი ტიპიკონში საგანგებოდ აღნიშნავდა: „მე ვურჩევ ყველას ამ მონასტერში მყოფს და უმტკიცესი დადგენილებით ვაწესებ, რომ არასოდეს ჩემს მონასტერში ბერძენი ხუცესი ან მონაზონი არ იქნეს დამკვიდრებული გარდა ერთი მდივნისა, რომელმაც იცის წერა და რომელიც ხანდახან მთავრებთან გაგზავნის წერილს წინამძღვრისგან და მათთან გაგზავნილს უკან დაიბრუნებს და მონასტრის საქმეებს წარმართავს“. ამ გადაწყვეტილებას გრიგოლი ამგვარად ხსნიდა: „ბერძნები მოძალადენი არიან, უპირონი და ანგარნი და მონასტერს რაიმე გაჭირვებას და ვნებას შეამთხვევენ ან ვინმე მოწინააღმდეგეს დააყენებენ ადგილზე, რომელიც შეეცდება იქ გაბატონდეს, ან მამასახლისობა თვითონ მიითვისოს, ან სხვა რაიმე დაწყევლილი საბაბით მონასტერი მიიჩემოს, რაც ხშირად გვინახავს მათგან ჩადენილი ჩვენი ტომის გულუბრყვილობისა და გულმართლობის წყალობით“.

XI საუკუნიდან მოყოლებული, პეტრიწონის მონასტერი ქართველთა კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი იყო. ამ სავანეში ბევრი სახელოვანი ქართველი მოღვაწეობდა. ამის ნათელსაყოფად იოანე პეტრიწის ხსენებაც საკმარისია. გრიგოლ ბაკურიანის ძე კი სამარადისოდ დარჩა ქართველი კაცის მეხსიერებაში ჭეშმარიტ ქართველად, ვინც ბედუკუღმართობამ სამშობლოს მოსწყვიტა და შორეულ ქვეყანაში გადააგდო, მაგრამ დიდებისა და სიმდიდრის მიუხედავად, ქართველი ხალხი არ დაივიწყა, თავისი მოღვაწეობის ყველაზე დიდი შედევრი მას უძღვნა, თავისი სამშობლოს აღმასვლაზე ზრუნავდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბოგვერაძე ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 267.
  • მანანა სანაძე, „გრიგოლ ბაკურიანის ძის წარმომავლობის შესახებ“, «ქართული წყაროთმცოდნეობა», თბ. 2004

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Анна Комнина, Алексиада, Вступителная статья, перевод, коментарииЯ. Н. Любарского, М., 1965, გვ. 465
  2. გეორგიკა, VI, გვ. 60
  3. 1898, გვ. 148
  4. Louis Petit, Typicon de gregoire Paeurianos pour le monastere de patrizos (Backovo) en Bolgaria, «Византийский временник»,приложение к XI т., №1
  5. ა. შანიძე, „ქართველთა მონასტერი ბულგარეთში და მისი ტიპიკონი“, თბ., 1971, გვ. 21-40
  6. П. М. Мурадян, «К вопросу об оценке греческой и грузинской редакции "типика" Григория Бакуриана», Историко-филологический журнал, Ереван, 1968, №1, გვ. 103-118
  7. Типик Григория Пакуриана, введение, перевод и комментарий В. А. Арутюновой-Фиданян, 1978
  8. ა. შანიძე, „პეტრიწონის მონასტრის მაშენებელი გრიგოლი ბაკურიანის-ძე“, მნათობი, 1979, №1, გვ. 173-180
  9. გ. გოზალაშვილი, „გრიგოლ ბაკურიანის ძე“, მნათობი, 1970, №2, გვ. 167-192
  10. ლ. მენაბდე, „ძველი ქართული მწერლობის ძეგლები“, II, თბ., 1980, გვ. 253-276
  11. Н. Ломоури, «К истории грузинского Петрицонского монастыря», Тб. 1981, გვ. 16
  12. ა. შანიძე, „ქართველთა მონასტერი ბულგარეთში“
  13. გეორგიკა, V, 1963, 46