პეტრიწონის მონასტრის ტიპიკონი

პეტრიწონის მონასტრის ტიპიკონიპეტრიწონის მონასტრის წესდება შექმნილი გრიგოლ ბაკურიანის ძის დაკვეთით ქართულ და ბერძნულ ენებზე 1083 წლის დეკემბერში.

ბიზანტიის იმპერიის დასავლეთის ამირსპასალარმა სევასტოსმა გრიგოლ ბაკურიანის-ძემ თავის აშენებულ მონასტერს წესდება (ტიპიკონი) დაუწერა ქართულად და ბერძნულად. მან ბერძნული ტექსტი ორ ცალად გააკეთებინა, რომელთაგანაც ერთი პეტრიწონის მონასტერში დარჩა, მეორე კი — კონსტანტინოპოლის წმ. პანაგიის ტაძრის წიგნსაცავში ინახებოდა. სამივე ცალს (ერთს ქართულს და ორს ბერძნულს) თვითონ გრიგოლმა მოაწერა ხელი, ხოლო ბერძნულ ცალებზე აგრეთვე მოაწერინა ხელი იერუსალიმის პატრიარქ ეფთვიმეს, რომელიც სტუმრად იყო მასთან ფილიპოპოლის პრასტინში.

XIX საუკუნეში, როცა ბულგარეთი განთავისუფლდა თურქთა ბატონობისაგან და დაისვა საკითხი, თუ ვის ხელში უნდა გადასულიყო პეტრიწონის მონასტერი, სადაც ქართველების ნაცვლად, წინააღმდეგ მისი დამაარსებლის სურვილისა, ბოლო ხნის მანძილზე მართავდნენ ბერძნები. აღნიშნული ტიპიკონის დაკარგვას უკავშირებენ იმ ფაქტს, რომ ტიპიკონში დაცული ანდრძი (პეტრიწონის მონასტერში არ უნდა მიეღოთ ბერძენი ბერი სამსახუროდ) იქნებოდა გარანტი იმისა, რომ მონასტერი დაბრუნებოდა ქართულ მხარეს.

ვიდრე ხელნაწერები ჯერ კიდევ პეტრიწონში იყო, გ. მუსეოსს, რომელსაც აინტერესებდა გრიგოლ ბაკურიანის-ძის ცხოვრება და მოღვაწეობა, აჩვენეს მხოლოდ ახალბერძნულად XVIII საუკუნეში ნათარგმნი ტექსტი, რის საფუძველზე 1888 წელს მკვლევარი იძულებული იყო ტექსტი გამოეცა ამ ახალი თარგმნის მიხედვით.

შემდეგ ბუქარესტის ხელნაწერთა ერთ კოლექციაში აღმოჩნდა ძველი ტექსტიდან XVIII საუკუნეში გაკეთებული პირი, რომელიც 1904 წელს გამოსცა ლუი პეტიტმა (Louis Petit), რომლის შემდეგაც პეტრიწონის ტიპიკონი გახდა ყოველმხრივი შესწავლის საგანი.

1936 წელს სოფიაში ყოფნისას სოფიის ხელნაწერი უნახავს გრიგოლ ფერაძეს, რომელიც მაშინ ვარშავის უნივერსიტეტში მოღვაწეობდა, მისთვის ძნელი არ იყო დაედგინა, რომ მის წინაშე პეტრიწონის მონასტრის ტიპიკონი იყო.

1954 წელს კათოლიკე მღვდელმა მიხეილ თარხნიშვილმა სოფიის ხელნაწერი გამოსცა ბელგიაში, მან თავის გამოცემას დაურთო ლათინური თარგმანი. ამ გამოცემიდან ქართული ტექსტი უცვლელად გადაბეჭდა პროფ. ისიდორე დოლიძემ[1].

პეტრიწონის ტიპიკონის ასლები

რედაქტირება

ქართული ტიპიკონის დედანმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. ის, როგორც ირკვევა, დაზიანებული იყო ჯერ კიდევ XIII საუკუნეში. ჩვენამდე მოაღწია ქართული ტიპიკონის ორმა ასლმა: ერთი გადაწერილი დედნიდან XIII საუკუნეში და აღმოჩენილი კუნძულ ხიოსზე, ხოლო მეორე ბულგარეთის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში შენახული XIX საუკუნეში შექმნილი ე. წ. „სოფიის“ ხელნაწერი. ასევე ჩვენამდე ვერ მოაღწია ვერც ბერძნულმა დედნის პირებმა. როგორც პეტრიწონის მონასტერში, ასევე კონსტანტინოპოლში დაცულმა. ბერძნული პირებიდან შემოგვრჩა მხოლოდ XIII საუკუნის ასლი და 1782 წელს ამავე ასლის ახალბერძნული თარგმანი, დაცული კუნძულ ხიოსის კორაისის ბიბლიოთეკაში.

ხიოსის ხელნაწერები

რედაქტირება

საბერძნეთში, ხიოსის კუნძულზე, კორაისის სახელობის ბიბლიოთეკაში, დაცულია მე-13 საუკუნეში გადაწერილი ქართულ-ბერძნული ხელნაწერი № 1598, რომელიც შეიცავს პეტრიწონის ქართველთა მონასტრის ტიპიკონს ორ ენაზე: ქართულად და ბერძნულად. ხელნაწერში ჯერ ქართული ტექსტია მოთავსებული (გვ. 1-145) და შემდეგ ბერძნული (გვ. 147-298). საბიბლიოთეკო ბარათზე მიწერილია: „მისი უდიდებულესობის დომესტიკოს გრიგოლ ბაკურიანის მიერ აშენებულ პეტიწონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში, დაწერილია სომხურ და ბერძნულ ენაზე[კ 1]. ცხადია მინაწერში შეცდომაა, რადგანაც ტექსტი ქართულ და ბერძნულ და არა სომხურ და ბერძნულ ენებზეა შესრულებული. ხელნაწერი 1888 წლამდე პეტრიწონის მონასტერში იყო დაცული. შემდეგ იგი ბერძენთა ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობის მეთაურის კორაისის სახელობის ბიბლიოთეკისათვის გადაუციათ კუნძულ ხიოსზე, რომელიც ბალკანეთის ომებამდე (1912-13) ოსმალეთის ფარგლებში იყო, შემდეგ კი საბერძნეთს მიეკუთვნა.

აღნიშნული ხელნაწერის აღმოჩენისას ვარაუდობდნენ, რომ კუნძულ ხიოსზე დაცული ეგზემპლიარი წარმოადგენდა დედანს, მაგრამ მას შემდეგ რაც 1955-1957 წლებში ქართულ მხარეს გადაეცა ხელნაწერთა ფოტოფირები, შესაძლებელი გახდა ტექსტის სოფიის ხელნაწერთან შედარება. გამოირკვა, რომ ხიოსის ხელნაწერი არ იყო დედანი, არამედ მისი ასლი შესრულებული XIII საუკუნეში. ისიც გამოირკვა, რომ მას აკლია ცოტა და ტექსტი ბოლოში არეულად არის გადმოწერილი. ასლზე არაა შემორჩენილი, როგორც გრიგოლის, ისე პატრიარქ ეფთვიმეს ხელრთვა, რადგანაც ხელნაწერს აღნიშნული ბოლო ფურცელი აკლია.

კუნძულ ხიოსის კორაისის ბიბლიოთეკაში დაცულია 1782 წელს ახალ ბერძნულად ნათარგმნი პეტრიწონის ბერძნული ტექსტი. ეს ახალ-ბერძნული თარგმანი წინათ პეტრიწონში იყო დაცული და უთუოდ პეტრიწონული ტექსტიდან არის ნათარგმნი. აღნიშნული ხელნაწერიც დაცულია ხიოსის კუნძულის კორაისის სახელობის ბერძნულ აღორძინების ბიბლიოთეკაში (№ 1599). აღნიშნული ბერძნული ხელნაწერი 100 გვერდისაგან შედგება. საბიბლიოთეკო ბარათზე მიწერილია: „ტიპიკონი (ასლი) ღვთისმშობლის ეკლესიაში, რომელიც გამოიფინა დასავლეთის დიდი დომესტიკოსის გრიგოლ ბაკურიანის იბერიელის მიერ დაწერილი ბერძნულ, ქართულ და სომხურ ენებზე. ასლი დაიწერა ალექსი კომნენოსის დაკვეთით ახალ ბერძნულად 1792 წელს[კ 2].

ს. ყაუხჩიშვილმა პეტრიწონის ქართველთა მონასტრის წესდების ძველი ბერძნული ტექსტის გამოცემისას ისარგებლა ორივე მოღწეული ხელნაწერის მიხედვით (ძირითადად ხიოსის ხელნაწერის მიხედვით და ბუქარესტის ტექსტის ვარიანტების ჩვენებით), მანაც, ლუი პეტიტის მსგავსად, გრიგოლ ბაკურიანის-ძის ხელმოწერა გიორგი მუსეოსის გამოცემიდან გადმობეჭდა.

სოფიის ხელნაწერი

რედაქტირება
 
სოფიის ასლის პირველი გვერდი

ბულგარეთის დედაქალქის სახელმწიფო ბიბლიოთეკაში დაცულია პატარა ტანის ხელნაწერი ქაღალდზე[2]. იგი გადმოწერილია ხიოსური ხელნაწერისაგან 1702 წელს, სანამ ხიოსური ხელნაწერი ჯერ კიდევ პეტრიწონის მონასტერში იყო.

ხელნაწერი შესრულებულია ქაღალდზე, ჩასმულია მკვიდრ ყდაში. ზომა 21 სმ X 16.5 სმ. პროფესორი ბ. ცონევის შედგენილს სოფიის სახელმწიფო წიგნთსაცავის „ხელნაწერებისა და ძველი ნაბეჭდი წიგნების აღწერილობაში“ ამ ხელნაწერის შესახებ იკითხება: „581 (167) ხელნაწერი წიგნი უცნობ ენაზე ახალი დროისა. გვერდების რაოდენობა 132,4. ნაწერი სომხურს ჰგავს, მაგრამ არ არის ასეთი. ბოლოს მოიპოვება რაღაც ტაბულის მსგავსი ქარტაზე, ჩასმულია მუყაოს ყდაში, მთელი“[3].

აღნიშნული ხელნაწერი ქართველმა მეცნიერებმა შეისწავლეს 1949 წელს ბიბლიოთეკის მიერ შესრულებულ მიკროფილმებიდან.

ხელნაწერს აქვს ორმაგი პაგინაცია, ძველი და ახალი. პირვანდელი პაგინაცია მელნითაა შესრულებული, ახალი — ფანქრით (ძველი პაგინაციის რიცხვები შიგნითა ანუ ყუის აშიებისაკენ აქვს, ახლისა კი — გარეთა აშიებისაკენ).

ძველი პაგინაციის მიხედვით ცხადია, რომ ხელნაწერს აკლია ორი ფურცელი (გვ. 43-46), რაც ტექსტის ვითარებიდანაც ჩანს. ამით უნდა იყოს გამოწვეული შემდეგ ხელახალი გადანომრვა გვერდებისა ფანქრით, რასაც შედეგად ის მოჰყოლია, რომ 42 გვერდის შემდეგ ფაქრით დანომრილი გვერდი მელნისას ოთხით ჩამორჩება: 43 (47), 115 (119), 130 (134). ასე რომ უნდა ყოფილიყო 134 გვერდი, ხოლო არის 130.

ამის გარდა, თავში აქვს ერთი ცარიელი ფურცელი, ბოლოში კი 12 ცარიელი, დაწერილი ფურცლები დახაზულია, დაუწერელი.

ბიბლიოთეკის ქონების წიგნში აღნიშნულია, რომ არ არის ცნობილი, ვინ მოიტანაო.

ბ. ცონევის მიერ მოხსენიებული ტაბულა, სხვა არაფერია თუ არა 1311 წელს პეტრიწონის ღვთისმშობლის ხატის ვერცხლის პერანგზე შესრულებული წარწერის ასლი.

 
სოფიის ასლის ბოლო გვერდი

ბულგარულ სამეცნიერო ლიტერატურაში მოიპოვება ცნობა, რომ სოფიის ხელნაწერი პეტრიწონის მონასტერში ყოფილა 1892 წლამდე, როცა მონასტერი ჯერ კიდევ ბერძნების ხელში იყო, რადგანაც მოსალოდნელი იყო, რომ მონასტერი ბულგარელებს დარჩებოდათ და ეშინოდათ, ვაი თუ ბერძნებმა იქიდან რაიმე გაიტაცონო, სახალხო განათლების სამინისტროს აუწერია მონასტრის ქონება და პლოვდივის გუბერნატორს მანოლოვს გადაუცია 1892 წელს სოფიის სახელმწიფო ბიბლიოთეკისათვის 28 ხელნაწერი და ძველი ნაბეჭდი წიგნი სიის მიხედვით. ეს სია დაუბეჭდავს ვ. იორდანოვს 1930 წელს და იქ 26 ნომრად აღნიშნული ყოფილა: „საეკლესიო-სომხური წიგნი, ცნობილი არ არის როდის დაიწერა“.

სოფიის ხელნაწერში, რომელიც ხიოსის ხელნაწერიდან არის გადაწერილი, გამოტოვილია სტრიქონები და დაშვებულია მრავალი შეცდომა. აკაკი შანიძის აზრით „პეტრიწონის მონასტრის წესდების გადმონაწერი, რომელზედაც აქ საუბარია, გადმოუღია ასო-ასოდ ქართული ენისა და მწერლობის უცოდინარ პირს“.

„ბევრგან აკლია შემოკლების ნიშნები (ქარაგმები). მოვიყვანდი მთელ სიას გადმომწერის შეცდომებისას, მაგრამ აბა რა აზრი აქვს, როცა ჩვენ ხელთ გვაქვს მისი დედანი! უნდა აღინიშნოს მხოლოდ, რომ ბევრი შეცდომა გაუსწორებია მ. თარხნიშვილს თავის გამოცემაში და მცდარი დაწერილობა სქოლიოში ჩაუტანია. ოღონდ მ. თარხნიშვილი ვერ მიმხვდარა (ან როგორ უნდა მიმხვდარიყო!) ერთ რასმე: დედნის 142 გვერდზე რომ მოთავსებულია იოვანე ახალციხელი მღვდლის მინაწერი, რომელიც დედანში — ხიოსის ხელნაწერში) სულ სხვა ხელითაა დაწერილი, ვიდრე მთელი ტექსტი, სოფიის ნუსხის გადმომწერს თავისი ხელით, ე. ი. იმავე მოხაზულობის ასოებით გადმოუღია, როგორც ტიპიკონის ტექსტი, ამიტომ სოფიის ხელნაწერში წაიშალა განსხვავება ტიპიკონის ტექსტის ასოებსა და ახალციხელი იოანე მღვდლის მინაწერის ასოებს შორის. აი ამას შეუყვანია შეცდომაში მ. თარხნიშვილი, რომელმაც დაასკვნა, რომ სოფიის ხელნაწერი 1702 წელს არის გადმოწერილი იოანე მარკოზის-შვილის მიერო. სოფიის ხელნაწერის ტექსტი, რომ ახალციხელ ქართველ მღვდელს გადმოეწერა, მას რა თქმა უნდა ასეთი შეცდომები არ მოუვიდოდა, რომლებიც შიგ მრავლად მოიპოვება.

...(ჩამოთვლილია შეცდომების ჩამონათვალი)...

აქედან ჩანს, თუ რამდენად სანდოა მ. თარხნიშვილის გამოცემა. მაგრამ მ. თარხნიშვილი მაინც მადლობის ღირსია, რადგან კარგი ხელნაწერი ვერ იშოვა და რა ექნა? რაც იშოვა, იმის მიხედვით გამოსცა ქართული ტექსტი და მისი ლათინური თარგმანი, რომელიც ქართულის შინაარსობრივ შეცდომებს იმეორებს“[4].

ბუქარესტის ხელნაწერი

რედაქტირება

ბუქარესტის ხელნაწერთა ერთ კოლექციაში აღმოჩნდა ძველი ტექსტიდან XVIII საუკუნეში გაკეთებული პირი, რომელიც 1904 წელს გამოსცა ლუი პეტიტმა. ბუქარესტული ხელნაწერი გადმოწერილია უთუოდ პეტრიწონის ცალიდან XVIII საუკუნეში. მაგრამ ამ ტექსტს აქა-იქ აკლია და თანაც შეცდომებითაა გადმოწერილი. ამიტომ ლ. პეტიტმა თავისი 1904 წლის გამოცემის ზოგიერთ ნაწილში გ. მუსეოსის გამოცემული ახალ ბერძნულად ნათარგმნი ტექსტი გამოიყენა. იქედანვე ამოიღო და დაბეჭდა ცნობა გრიგოლისა და ეფთვიმე პატრიარქის ხელის მოწერის შესახებაც.

კვიპროსის ხელნაწერი

რედაქტირება

როდესაც მეორე მსოფლიო ომი გათავდა და საქართველოდან 1921 წელს საფრანგეთში გატანილი სამუზეუმო ნივთები 1945 წელს საქართველოს დაუბრუნდა, ექვთიმე თაყაიშვილმა ჩამოიტანა ცნობა, რომ კვიპროსის ბერძენთა მონასტერში (სავარაუდოდ ქართულ „ღალიაში“) დაცული იყო პეტრიწონის ქართული ტიპიკონი[კ 3], რომლის დასასაბუთებლად მას თან ჰქონდა გადმონაწერი შესრულებული ხელნაწერის ფოტოპირიდან, რომლებიც მას ვინმე „ინტელიგენტმა“ და „შეგნებულმა“ ბერძენმა მიაწოდა.

აკაკი შანიძის აზრით კვიპროსული ხელნაწერის ისტორია გამოგონილია და რეალურად არ არსებობს არანაირი პეტრიწონის ქართული ხელნაწერი კუნძულ კვიპროსზე. მეორე მსოფლიო ომის წინ, 1938 წლის 17 თებერვალს ათენის მეცნიერებათა აკადემიაში ისტორიკოსს კ. ამანტოსს მოხსენება წაუკითხავს გრიგოლ ბაკურიანის მონასტრის ხელნაწერების შესახებ და ეს მოხსენება შემდეგ დაუბეჭდავს[5][6]. აკაკი შანიძის აზრით სწორედ ამის შემდეგ გაუგზავნეს ბერლინში ხელნაწერის პირველი გვერდის ფოტოსურათი, მაგრამ არ აცნობეს, თუ სად იყო ხელნაწერი შენახული და გზის ასაბნევად ხიოსის მაგივრად კვიპროსი მიუთითეს ბერლინელ ადრესატს. ე. თაყაიშვილმა ეს ფოტო რომ მიიღო საფრანგეთში, მან დაიჯერა რომ ის მართლა კვიპროსიდან იყო. აკ. შანიძე ასკვნის, რომ აღნიშნული ფოტოსურთზე ასახული ხელნაწერი ზუსტად იმეორებს ხიოსის სტრიქონთა რიგს და ასოების მოხაზულობას, შესაბამისად არანაირი „კვიპროსული“ ხელნაწერი არ არსებობს.

გრიგოლ ბაკურიანის-ძის ხელმოწერა

რედაქტირება

მთავარი რედაქციული განსხვავება ბერძნულსა და ქართულს ტექსტს შორის შემდეგია: ბერძნულში (მე-18 საუკუნის ახალ-ბერძნულად ნათარგმნში) ნათქვამია: ტიპიკონი ქართულისა და ბერძნულის გარდა სომხურადაც დაიწერა, ასევე სომხურად მოაწერა მონასტრის დამაარსებელმა გრიგოლ ბაკურიანის-ძემ მას ხელი. ქართულში (მე-13 საუკუნის გადანაწერში) კი ამისი მსგავსი ჩანაწერი არ მოიპოვება, არამედ ნათქვამია, რომ ტიპიკონები დაიწერა მხოლოდ ქართულ და ბერძნულ ენებზე.

ხელნაწერები ხელმოწერის გარეშე
  • გრიგოლ ბაკურიანის-ძისა და ეფვთვიმე პატრიარქის ხელის მოწერა არ არის ხიოსის XIII საუკუნის ბერძნულ ხელნაწერში, რადგანაც ხელნაწერს აკლია ბოლო ფურცელი, რომელზედაც ამ პირთა ხელმოწერა იყო.
  • გრიგოლის ხელის მოწერა არ მოიპოვება არც იმ ტექსტში, რომელიც ბუქარესტის ერთ ხელნაწერთა კოლექციაში აღმოჩნდა და რომელსაც ლუი პეტიტმა მიაკვლია და გამოსცა 1904 წელს.
  • გრიგოლ ბაკურიანის-ძისა და ეფვთვიმე პატრიარქის ხელის მოწერა არ არის არც სოფიის ქართულ ხელნაწერში.
  • გრიგოლ ბაკურიანის-ძისა და ეფვთვიმე პატრიარქის ხელმოწერა შემონახულია ხიოსის XIII საუკუნის ქართულ ხელნაწერში.

ქართულ ტიპიკონში მოხსენიებულია საინტერესო ცნობები ტიპიკონის შემქმნელსა და მასზე ხელმომწერების შესახებ:

 
„დაიწერა უკუე და დაემტკიცა წესი ესე განგებისაი ამის პატიოსნისა მონასტრისაი. ბრძანებითა ჩემ გრიგოლ სევასტოსისა და დიდისა დომესტიკოსისა ყოვლისა დასავლეთისა მიდამოისა, ძისა ბაკურიანისაითა, მაშენებლისა ზემო თქუმულისა ამის მონასტრისა და ეკლესიისა, წერილითა ბერძნულითა და ქართულითა თუესა დეკენბერსა, მეშვიდესა ინდიქტიონსა, დასაბამითგანთა წელთა ექუს ათას ხუთას ოთხმეოცდა მეათორმეტესა.“

აღნიშნული ქრონიკონი მოცემულია ბიზანტიური სათვალავით, რომელიც დასაბამითგან ქრისტემდე 5508 წელს ანგარიშობდა. შესაბამისად ტიპიკონი დაიწერა 1084 წლის (6592-5508=1084), დეკემბერში მეშვიდე ინდიქტიონს, რომელიც სწორედ ამ წელს მოდიოდა. მაგრამ მაშინ ახალი წელი ენკენისთვით იწყებოდა, და არა ოთხი თვის შემდეგ, იანვრით, როგორც დღეს არის. მაშასადამე, ზედმიწევნით რომ ვთქვათ, წესდება დაუწერიათ 1083 წლის დეკემბერში.

შემდეგ გრიგოლი აღნიშნავს შემდეგს:

 
„და ქვემოით წარიწერნეს ხელითა ჩემითა ზემო ხსენებულისა გრიგოლისითა ყოველნივე ესე ტიპიკონნი, ხოლო ბერძნულნი ორნივე წარიწერნეს შემდგომად ჩემისა დაწერილისა წმინდისა პატრიარქისა იერუსალიმელისა ეფთვიმესითა.“

აღნიშნული ტიპიკონი მოწმეა იმისა, რომ პეტრიწონის ტიპიკონი შეიქმნა მხოლოდ და მხოლოდ ორ ენაზე, სადაც გრიგოლის ხელი მოუწერია სამივე პირზე, ხოლო იერუსალიმის პატრიაქს კი მხოლოდ ბერძნულ ორ ვარიანტზე.

გრიგოლის ხელის მოწერა წესდების ქართულ ტექსტში შემონახულია დღემდე, მაგრამ იგი თვით გრიგოლის ხელით კი არ არის შესრულებული, არამედ გადმოღებულია ტექსტის გადამწერის ხელით XIII საუკუნეში დედნიდან. გადამწერმა, რომელმაც გადმოიტანა გრიგოლის ხელრთვა დედნიდან, შეასრულა იმავე მწიგნობრული ხელით, რომლითაც მთელი ტიპიკონი გადმოწერა, ე. ი. ნუსხა-ხუცურით, და ნიშნები (ასოები და წერტილები) წითურად გამოიყვანა. ამასთანავე მან პირველი ასო მთავრული დაწერა, სიტყვები ორწერტილით დაყო, ბოლოს კი სამწერტილი დასვა. ამის შემდეგ მან მიაყოლა შავი მელნით დედნისავე ცნობა რვეულთა ვითარების შესახებ („რვეულნი ყოველნი“...) და ამით გაათავა ტიპიკონის დაწერის საქმე.

დამტკიცების ტექსტის წითურად წერა ბიზანტიაში ყოფილა მიღებული: „კეისართა სიგელებს ბოლოში მათი წითურად დაწერილი ხელრთულობა ჰქონდათ და ოქრობეჭედიც შეკიდული იყო“; „სინგურითა და წითლით მარტო სათაურები და საზედაო ასოები კი არ იწერებოდა, არამედ ბიზანტიის კეისრები სინგურს საბუთებში ხელის მოსაწერადაც ხმარობდნენ ხოლმე“. როგორც ჩანს გრიგოლ სევასტოსმა ამ ჩვეულების მიხედვით წითურად გამოიყვანა დამტკიცების ფორმულა, რომელიც გადმომწერმა წითურადვე გაიმეორა. მანვე წითურადვე გამოიყვანა, როგორც მეტად მნიშვნელოვანი, შემდეგი ადგილიც, რომელიც დედანშიც წითურად იქნებოდა დაწერილი:

 
„ხოლო სიმტკიცისა ქონებად უბრძანებთ ბერძნულსა წერილსა.“

და იქვე:

 
„Ⴋტკიცე: არიან: ზემო: წერილი: ესე: ნებითა: ღ~ჲთა:“

ამრიგად ტიპიკიონის ქართული ვერსიის ასლი შეიქმნა ყველა პროცედურის გათვალისწინებით: შეიქმნა მალევე XIII საუკუნეში, გადმოტანილია შემქმნელის ვინაობა, დაფიქსირებულია დედნების რაოდენობა, თან ახლავს გრიგოლ დომესტიკოსისა და ეფთვიმე პატრიარქის ხელრთვების ასლები და რაც მთავარია ბოლოში გადმოტანილია მისი ბოლო აკორდი — განმტკიცება, სადაც მითითებულია რომ აღნიშნული ორენოვანი წყაროებიდან უპირატესობა ენიჭება მეორე ანუ ბერძნულენოვან ტიპიკონს. პრაქტიკულად თამამად შეიძლება ითქვას რომ ქართული ასლი სრულად შეესატყვისება ქართულ დედანს, რადაგანაც თავიდან ბოლომდე გამართული დოკუმენტია.

  • კუნძულ ხიოსზე მდებარე ახალ-ბერძნულ თარგმანში დაცულია გრიგოლ ბაკურიანის-ძისა და პატრიარქი ეფთვიმეს ხელმოწერები. ცხადია რომ 1782 წელს, როდესაც პეტრიწონში თარგმნიდნენ შემდეგ უკვე ხიოსზე აღმოჩენილ XIII საუკუნის ბერძნულ ტიპიკონს, მასში გრიგოლისა და ეფთვიმეს ხელმოწერები ჯერ კიდევ დაცული იყო, სამწუხაროდ დღეს უკვე აღარაა. სწორედ აღნიშნულ ხელნაწერშია დაცული ტექსტი შინაარსით რომ ტიპიკონი შედგა სამ ენაზე: ბერძნულად, ქართულად და სომხურადო და რომ გრიგოლ ბაკურიანის ძემ სომხურად მოაწერა ხელიო. სწორედ აღნიშნულ ხელნაწერში არის გრიგოლ ბაკურიანის-ძის და პატრიარქ ეფვთვიმეს ხელმოწერა, მაგრამ იქ „სომხური“ ხელმოწერა არ შეინიშნება.

ბერძნული ვარიანტის ანდერძში დაწერილია შემდეგი ტექსტი:

 
„წინამდებარე ტიპიკონი... დაიწერა ბერძნულად, ქართულად და სომხურად 6592 წელს, დეკემბრის თვეში, მეშვიდე ინდიქტიონს, და ხელმოწერილია თვითონ ჩემ მიერ, ე. ი. სათნო გრიგოლის და დასავლეთის დიდი დომესტიკოსის ბაკურიანის მიერ სომხური ასოებით და იერუსალიმის უწმიდესის პატრიარქის უფალ ეფთვიმის მიერ დასამტკიცებლად და სარწმუნო ყოფად ყველაფერ იმისა, რაც შიგ არის ჩამოწერილი.“

ცოტა ქვემოთ იკითხება:

 
„დაიწერა ბერძნულად, ქართულად და სომხურად იმიტომ, რომ ამ მონასტრის მონაზვნები ქართველები არიან და არ იციან ბერძნული კითხვა. ამიტომ საჭიროა ეს ტიპიკონი შესრულებული იყოს ქართულადაც და სომხურადაც.“

რაც შეეხება მაშენებლის ხელის მოწერას, იგი ასეთია:

 
„მე გრიგოლ ბაკურიანი, პატიოსანი დიდი დომესტიკოსი დასავლეთისა, ხელს ვაწერ საკუთარი ხელით პეტრიწონის ღვთისმშობლის სახელობის წმინდა მონასტრის ტიპიკონს.“

ზომოთ მოყვანილი ტექსტებიდან ითვლება რომ აღნიშნული ტექსტი არ შეესაბამება დედანს, რადგანაც „სომხური“ ხელმოწერა არაა შემონახული. ის კი, რაც შემოინახა და ჩვენამდე მოაღწია, ნამდვილად გრიგოლის ხელმოწერა კი არ არის, არამედ 1083 წლის დედნიდან XIII საუკუნეში გადაწერილი და შემდეგ XVIII საუკუნეში ნათარგმნი ტექსტია. ამასთანავე ქართულ ტექსტს თან ახლავს დამტკიცების ფორმა, ბერძნულს კი არა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ა. შანიძე, „ქართველთა მონასტერი ბულგარეთში და მისი ტიპიკონი“: ტიპიკონის ქართული რედაქცია. - თბ. : მეცნიერება, 1971

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

კომენტარები

რედაქტირება
  1.  
    „Το παρά του μεγάλου δομεστίχου κυρού Γρηγορίου του Πακουριανού προς την παρ' αυτού κτισθείσαν μονήν της Υπεραγίας Θεοτόκου της Πατριτζονιτίσσης. Γεγραμμένον αρμενιστί και ελληνιστί.“
    (საბიბლიოთეკო შენიშვნა, რომელიც ახლავს აღნიშნულ ხელნაწერის ბარათს)
  2.  
    „Τυπικόν (αντίγραφο) της ιεράς Μονής της Θεοτόκου της Πετριτζονιτίσσης το οποίο εξετέθη παρά σεβαστού και μεγάλου δομεστίχου της δύσεως κ.Γρηγορίου Πακουριανού εξ Ιβηρίας και εγράφη εις Ελληνικήν, Ιβηρικήν και Αρμενικήν διάλεκτον επί βασιλείας Αλεξίου του Κομνηνού. Μεταφράσθη δε το ειρημένον τυπικόν εις απλήν ελληνικήν γλώσσαν εν έτει 1792.“
    (საბიბლიოთეკო შენიშვნა, რომელიც ახლავს აღნიშნულ ხელნაწერის ბარათს)
  3. საქ. სსრ-ის მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების XXIV სამეცნიერო სესიაზე 11 აპრილს 1947 წელს ე. თაყაიშვილმა წაიკითხა მოხსენება სათაურით: „ევროპაში ნახული ქართული ძეგლები და იქვე შეკრებილი ცნობები სხვა ქართულ სიძველეთა შესახებ“.
  1. ი. ჭელიძე, „ქართული სამართლის ძეგლები“, ტ. III, გვ. 35-105
  2. ხელნაწერის ასლები სოფიის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში[მკვდარი ბმული]
  3. Опись на рукописите и старопечатните книги на Народната библиотека въ София. Составил проф. Б. Цоцевъ, София, 1910, ст. 517
  4. ა. შანიძე, „ქართველთა მონასტერი ბულგარეთში და მისი ტიპიკონი“: ტიპიკონის ქართული რედაქცია. - თბ. : მეცნიერება, 1971, გვ. 50-55
  5. Θραχιχά. τ. 10, 1938, ρρ. 234-252
  6. Византийский временник, т. XI, 1904.