სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გურგენი (მრავალმნიშვნელოვანი).

გურგენი (გ. 1008) — ბაგრატიონთა ტაოს შტოს წარმომადგენელი, მეფეთ-მეფე[1] (994–1008) და მაგისტროსი (1001). ქართველთა მეფის ბაგრატ II-ის ძე და გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ III-ის მამა. ცოლად ჰყავდა აფხაზთა მეფის გიორგი II-ის ასული გურანდუხტი. გურგენმა აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს პოლიტიკურ გაერთიანებაში. 975 წელს ქართლში მეურვედ გადმოჰყვა ბაგრატ III-ს, როდესაც დავით III კურაპალატმა, იოანე მარუშისძის ხელშეწყობით, ქართლის (იბერია) ტახტზე დასვა თავისი შვილობილი. ქართლის აზნაურების ერთი ნაწილის ღალატის შედეგად გურგენი შეიპყრეს კახეთის სამეფოს აზნაურებმა, რომლებიც ქართლისათვის იბრძოდნენ. დავით III კურაპალატის ენერგიული ჩარევის შედეგად გურგენი გაათავისუფლეს. 988 წელს გურგენი მონაწილეობდა ბაგრატ III-ის მიერ კლდეკარის ერისთავის რატის დასამორჩილებლად მოწყობილ ლაშქრობაში. მამის გარდაცვალების შემდეგ, 994 წელს გურგენი დაჯდა მის ადგილზე, მაგრამ რადგან ბაგრატ III უკვე მეფე იყო, მას მეფეთ-მეფე უწოდეს. გურგენი ბაგრატ III-თან ერთად ცდილობდა მიეღო დავით III კურაპალატის მემკვიდრეობა, რომელიც ბიზანტიას ეჭირა.

გურგენი

წარწერა — „გურგენ, მეფეთ-მეფე“ იშხანის ეკლესიის კარის თაღზე, დათარიღებული 1006 წლით.
ქართველთა მეფეთ-მეფე
მმართ. დასაწყისი: 994
მმართ. დასასრული: 1008
წინამორბედი: ბაგრატ II
მემკვიდრე: ბაგრატ III
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: ბაგრატ II

1001 წელს[1] დავით კურაპალატი გარდაიცვალა, ტაოს ბიზანტიის იმპერატორი ბასილი II (976–1025) დაეპატრონა და იქ მისულ მეფე ბაგრატ III-ს და მეფეთ-მეფე გურგენს მემკვიდრეობის მიღების ნაცვლად ბიზანტიის იმპერატორმა ტიტულები დაურიგა, ბაგრატს კურაპალატის, გურგენს კი მაგისტროსის ტიტული უბოძა. ბასილი II-ის ვარაუდით, ეს სვლა, მამა-შვილს შორის უთანხმოების ჩამოგდების წინაპირობა გახდებოდა, რადგან კურაპალატი მეტი პატივი იყო, ვიდრე მაგისტროსი, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. სომეხი ისტორიკოსის ასოღიკის ცნობით, იმპერატორის ამ „წყალობით“ შეურაცხყოფილი გურგენი ტაოს დასაპყრობად გაეშურა. ბიზანტიელებმა გურგენის წინააღმდეგ ლაშქარი გამოგზავნეს, მაგრამ საქმე ბრძოლამდე არ მისულა და კონფლიქტი ურთიერთდათმობით მოგვარდა. ბიზანტიის საიმპერიო ხელისუფლებამ წართმეულ მიწა-წყალზე „იბერიის თემი“ დააარსა და მმართველად თავისი მოხელე დანიშნა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 ვახუშტი ბატონიშვილი. საქართველოს ისტორია. — თბილისი : გ. დ. ქართველიშვილი, 1885
წინამორბედი:
ბაგრატ II
ტაო-კლარჯეთის მეფე
994 - 1008
შემდეგი:
ბაგრატ III