ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში. ამჟამად მდებარეობს თურქეთში, არტაანის პროვინციის პოსოფის რაიონში, სოფელ ქოლქიოისთან, მდინარე ფოცხოვისწყლის სათავეებთან, მდინარის მარცხენა სანაპიროზე.[1]

ყველისციხე
მდებარეობა თურქეთის დროშა თურქეთი
სტატუსი დანგრეული
ყველისციხე — თურქეთი
ყველისციხე

წყაროებში პირველად მოხსენიებულია 914 წელს აბუ ლ-კასიმის ლაშქრობასთან დაკავშირებით, როდესაც მტერმა აიღო ყველისციხე და აწამა ციხისთავი, წარჩინებული გობრონი. ეს ამბავი აღწერა სტეფანე მტბევარმა ნაწარმოებში „წამებაჲ წმიდისა მოწამისა გობრონისი“. ციხესიმაგრე უფრო ადრე უნდა იყოს აგებული. იგი სტრატეგიულად მნიშვნელოვან გზასაყარზე მდებარეობდა და აკონტროლებდა ერთი მხრივ სამცხე-შავშეთის დამაკავშირებელ გზას, მეორე მხრივ - აჭარასა და არტაანში (ერუშეთში) გარდამავალს. IX-X სს-ში ტაო-კლარჯეთში ბაგრატიონთა სამთავროების ჩამოყალიბების შემდეგ, ყველისციხე საერისთავოს ცენტრი და სამცხის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ციხესიმაგრე გახდა. X ს. I ნახევარში გურგენ ერისთავთერისთავის სამფლობელო იყო, XI საუკუნეში — ლიპარიტ IV ბაღვაშისა. 1059 წ. მეფე ბაგრატ IV-მ ყველისციხე ჩამოართვა ბაღვაშებს და კვლავ საერისთავოს ცენტრად აქცია. XI ს. 60-იან წლებში ყველის ერისთავი იყო მურვან ჯაყელი. 1065 წელს სელჩუკთა ლაშქარი ალფ-არსლანის სარდლობით ყველისციხის გავლით გადავიდა შავშეთში. 1080 წელს ყველისციხესთან სელჩუკებმა დაამარცხეს მეფე გიორგი II. უფრო გვიანაც ყველისციხე არაერთხელ ყოფილა ბრძოლის ასპარეზი. XVI ს. ბოლოს ყველისციხე სამხრეთ საქართველოს სხვა ტერიტორიის ნაწილთან ერთად ოსმალებმა დაიპყრეს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონული სამეცნიერო ცენტრი, შრომები, IV, ბათუმი, 2019, გვ. 105