ყველისციხის ბრძოლა (1080)

(გადამისამართდა გვერდიდან ყველისციხის ბრძოლა)
ყველისციხის ბრძოლა
ქართულ-სელჩუკური ომების ნაწილი
თარიღი 1080
მდებარეობა ყველისციხე
შედეგი სელჩუკთა გამარჯვება, დიდი თურქობის დასაწყისი
მხარეები
საქართველო სელჩუკთა სახელმწიფო
მეთაურები
გიორგი II ამირა აჰმადი

ყველისციხის ბრძოლა — ბრძოლა სელჩუკთა სახელმწიფოსა და საქართველოს ლაშქარს შორის 1080 წელს. სელჩუკებმა გაიმარჯვეს ბრძოლაში, რის შემდეგაც მიეცათ საშუალება შემდგომი ექსპანსიისთვის საქართველოში.

გიორგი II-ის მეფობის დროს საქართველოსთვის მეტად მძიმე საშინაო და საგარეო მდგომარეობა იყო შექმნილი. ფარცხისის ბრძოლაში მოპოვებულმა გამარჯვებამ მეფეს მისცა საშუალება სხვა ღონისძიებებიც გაეტარებინა, მან აიღო ანაკოფია, კლარჯეთის, შავშეთის, ჯავახეთის და არტაანის ციხეები, აგრეთვე კარის ციხე-ქალაქი. ამის შემდგომ საქართველოსთვის მოვლენები ცუდად განვითარდა. ბიზანტიელებმა თავიანთი გავლენა თურქ-სელჩუკებს დაუთმეს საქართველოსთან მდებარე პროვინციებზე. მტერი უკვე ორი მხრიდან ერტყა ქვეყანას, რაც დამატებით საფრთხეებს ქმნიდა. 1080 წელს სულთანმა, მალიქ-შაჰიმა საგანგებო ლაშქარი გააგზავნა გიორგი II-ის წინააღმდეგ საბრძოლველად ამირა აჰმადის მეთაურობით. აჰმად ამირას ჯარმა პირველ რიგში კარის ციხე-ქალაქი აიღო, შემდეგ კი ყველისციხესთან მყოფ გიორგი II-ს დაესხა თავს. სავარაუდოდ, მეფის ყველისციხესთან ყოფნა სამხედრო მიზნით უნდა ყოფილიყო გამოწვეული, არ არის გამორიცხული, რომ მეფე აქ ლაშქრის შეკრებით და თურქთათვის საპასუხო დარტყმის სამზადისით ყოფილიყო დაკავებული. აჰმად ამირამ ზუსტად გაიგო მეფის ადგილსამყოფელი და დაესხა მას. მემატიანე ხაზს უსვამს ღალატს, სელჩუკებმა მეფის სამოყოფელის გაგება და იქამდე შეუმჩნევლად მისვლა ქართველთა დახმარენით მოახერხეს. როინ მეტრეველი და ჯაბა სამუშია მიიჩნევენ, რომ ამ შემთხვევაში მეფის წინააღმდეგ განწყობილ ფეოდალთა დიდ დასთან უნდა გვქონდეს საქმე, რომელთაც დიდი გავლენა უნდა ჰქონოდათ სამხრეთ საქართველოსა და კარის ციხე-ქალაქის ტერიტორიაზე, რადგან, მათი აზრით, აჰმად ამირა მხოლოდ ძლიერი მოკავშირის დახმარებით თუ შეძლებდა ასეთი დიდი მანძილის შეუმჩნევლად გავლას. მტრის თავდასხმა მეტად მოულოდნელი აღმოჩნდა მეფისთვის. ბრძოლაში იგი სასწაულად გადაურჩა სიკვდილს, ხიფათისგან თავდახსნილმა თავისი ამალით სასწრაფოდ დატოვა ბანაკი და აჭარის მთებს შეაფარა თავი. აჰამდ ამირა გიორგი II-ს აღარ დაედევნა, მისმა ჯარმა ექსპანსია გააგრძელა. სელჩუკებმა თავდაპირველად მოაოხრეს ასისფორნი და კლარჯეთი ზღვისპირამდე. შემდგომში მათი რისხვა დაატყდა შავშეთს, აჭარას, სამცხეს, ქართლს, არგვეთს, სამოქალაქოს და ჭყონდიდს. მათ ერთ დღეში აიღეს და დაწვეს ქუთაისი. ამავე დროს, მათმა რაზმებმა ააოხრეს კლარჯეთისა და არტანუჯის უდაბნოები. სელჩუკთა შემოსევამ რამდენიმე თვეს გასტანა. ამის შემდეგ ისინი ყოველ გაზაფხულზე ესხმოდნენ თავს საქართველოს და დაზამთრებამდე რჩებოდნენ. დაიწყო „დიდი თურქობა“.[1] [2] [3]