ივანე მარუშისძე
ივანე (იოანე) მარუშისძე — დასავლეთ საქართველოს დიდი ფეოდალი X საუკუნეში, აფხაზთა მეფის - ქართლის ერისთავი X საუკუნის 70-იან წლებში.
975 წელს, როდესაც კახელები უფლისციხეს შემოეწყვნენ, ქართლის ერისთავს დახმარება წესისამებრ საკუთარი მეფისათვის უნდა ეთხოვა, მაგრამ მარუშისძემ იცოდა, რომ ერთადერთი ადამიანი, რომელსაც საქართველოს გაერთიანების საქმის გაგრძელება და ბოლომდე მიიყვანა შეეძლო, ჰქონდა საამისო ძალაცა და ავტორიტეტიც იყო დავით III ბაგრატიონი, რომელიც ტაოელ ბაგრატიონთა შტოს ეკუთვნოდა. „მატიანე ქართლისაი“ მოგვითხრობს, რომ იოანე მარუშის ძემ მოციქული გაუგზავნა დავით III-ს და შესთავაზა ქართლში გამოლაშქრება და ამ მხარის დაკავება. 975 წელს დავით კურაპალატი ქართლში შემოვიდა. ამან კახელები აიძულა უფლისციხისათვის ალყა მოეხსნათ და უკან გაბრუნებულიყვნენ. [1] 976 წელს მარუშისძემ დავით III კურაპალატს შესთავაზა ან თვითონ შემოეერთებინა ქართლი, ან თავისი შვილობილი ბაგრატ გურგენის ძე დაესვა მის გამგებლად. დავითმა, მართლაც, ქართლის გამგებლად დასვა ბაგრატი. მარუშისძეს ამ შემთხვევაში ამოძრავებდა საკუთარი ფეოდალური და სამოხელეო ინტერესები: ქიშპი ქართლის გამგებლობისათვის „ქართლის უფლებთან“ - ტბელებთან და კახეთის ქორეპისკოპოსთან. 978 წელს მარუშისძემ ბაგრატი, როგორც აფხაზთა მეფის შვილიშვილი დედის მხრიდან, აფხაზთა (დასავლეთ საქართველოს) მეფედ დასვა. ამით მან პროგრესული როლი ითამაშა საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლის პროცესში, ხელი შეუწყო ამ პროცესის დაჩქარებას. 978 წელს სწორედ მისი ინიციატივითა და დავით კურაპალატის თანხმობით გახდა შესაძლებელი ბაგრატის დასავლეთ საქართველოში გადაყვანა და ქუთაისში მეფედ კურთხევა. ამის შემდეგ მარუშისძე არცერთ წყაროში აღარ მოიხსენიება.
ლიტერატურა
რედაქტირება- მატიანე ქართლისა, ქართლის ცხოვრება, I, ს. ყაუხჩიშვილის რედაქტორობით, თბ., 1955;
- ჯავახიშვილი ივ. ქართველი ერის ისტორია, წგნ. 2, თბ., 1965;
- მელიქიშვილი გ., ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება და საქართველოში ფეოდალურ ურთიერთობათა განვითარების ზოგიერთი საკითხი, თბ., 1973;
- პაპასკირი ზ., ერთიანი ქართული ფეოდალური სახელმწიფოს წარმოქმნა და საქართველოს საგარეო-პოლიტიკური მდგომარეობის ზოგიერთი საკითხი, თბ., 1990;
- ლორთქიფანიძე მ., ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება, თბ., 1963;
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „კაცი ძლიერი და ერ-მრავალი“ (იოანე მარუშის ძე). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-21. ციტირების თარიღი: 2021-10-21.