ჭარ-ბელაქანი — XVIII საუკუნის I მეოთხედში აღმოსავლეთ კახეთის ტერიტორიაზე (ისტორიული კაკ-ელისენი) დაღესტნელი ფეოდალების მიერ შექმნილი პოლიტიკური ერთეული; იგივეა, რაც გვიანდელი საინგილო. 1803 წელს ჭარ-ბელაქანი რუს-ქართველთა ჯარმა დალაშქრა და რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობის მიღება აიძულა. 1830 წელს რუსეთმა უშუალოდ შეიერთა ეს ტერიტორია. 1830-40 წწ. ქმნიდა ჭარ-ბელაქნის ადმინისტრაციულ ოლქს, 1842-60 წწ. — სამხედრო ოლქს, 1860-1917 წწ. — ზაქათალის ოკრუგს. 1918-1921 წწ. შედიოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში; მხარეზე პრეტენზიებს აცხადებდა მეზობელი აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა, შემდეგ — აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, რომელსაც სადავო მიწები საქართველოს ძალადობრივი გასაბჭოების შემდეგ, 1921 წელს, გადაეცა. ამჟამად მოიცავს აზერბაიჯანის ბელაქნის, ზაქათალისა და კახის რაიონების ტერიტორიას.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • პაპუაშვილი თ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 384.
  • პაპუაშვილი თ., ჭარ-ბელაქანი, თბ., 1972.