უტუ მიქავა
უტუ ჯოტოს ძე მიქავა (დ. 1812, სოფ. ფუქი, ახლანდელი სოფ. მიქავა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი ― გ. დაახლოებით 1878) — სამეგრელოს გლეხთა აჯანყების (1856-1857) მეთაური.
15 წლისა დაეუფლა ზეინკლისა და მჭედლის ხელობას. დაახლოებით 50-იან წლებში საჩიჩუეში (წალენჯიხის რაიონი) გადასახლდა, სადაც ისევ მჭედლობას მისდევდა. გლეხთა აჯანყების დაწყებისთანავე მიემხრო აჯანყებულებს. მაისში გლეხებმა მიქავა საერთო ხელმძღვანელად აირჩიეს. 12 მაისს აჯანყებულებმა ზუგდიდი აიღეს. სამეგრელოს დედოფალმა ეკატერინე დადიანმა დახმარებისათვის რუსეთის ხელისუფლებას მიმართა. 20 მაისს გენერალ ნ. კოლიუბაკინი აჯანყებულებს შეხვდა. მიქავამ გენერალს გლეხთა მძიმე მდგომარეობა და აჯანყების ნამდვილი მიზეზი მოახსენა. ამასთან 8 მუხლისაგან შემდგარი მოთხოვნა გადასცა. კოლიუბაკინის მოთხოვნით გლეხები დაიშალნენ, მაგრამ იარაღი არ დაყარეს. აჯანყების დამარცხების შემდეგ, 1857 წლის ნოემბერში მიქავა რუსეთის ხელისუფლებამ არხანგელსკის გუბერნიაში გადაასახლა. 1867 წლის იანვარში სასჯელმოხდილი თბილისში ჩამოიყვანეს, როდესაც ბატონყმობა გაუქმდა, თავის სოფელში დაბრუნების ნება დართეს. თანასოფლელებმა მიქავა მამასახლისად აირჩიეს. შემდეგში ისევ მჭედლობასა და მეურნეობას მისდევდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ლემონჯავა დ., გლეხთა აჯანყება სამეგრელოში 1856-1857, თბ., 1957;
- საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 5, თბ., 1970;
- ნარსია გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 25.