მთავარი მენიუს გახსნა

სამეგრელოს გლეხთა აჯანყება (1856-1857)

(გადამისამართდა გვერდიდან სამეგრელოს გლეხთა აჯანყება 1856-1857)
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სამეგრელოს გლეხთა აჯანყება (მრავალმნიშვნელოვანი).

სამეგრელოს გლეხთა აჯანყება 1856-1857 — ბატონყმობის წინააღმდეგ მიმართული აჯანყება სამეგრელოს სამთავროში.

XIX საუკუნის 30-იან წლებიდან განსაკუთრებით მძიმე ვითარება შეიქმნა სამეგრელოს სამთავროში: თავადების, აზნაურებისა და სამღვდელოების მიერ ყმა გლეხების აშკარა ძარცვას, თვითნებობასა და ძალადობას დაერთო ყირიმის ომის მძიმე შედეგები. ომიანობის მთელი სიმძიმე გლეხებს დააწვა (ომისათვის ხარჯებს გლეხებისაგან იღებდნენ). ისინი საბატონო გადასახადებს ვერ იხდიდნენ და დავალიანება იზრდებოდა. ოსმალთა თარეშისაგან დარბეული და გაჩანაგებული გლეხები, რომლებიც ფიზიკურ განადგურებას გადარჩნენ, ტყეში გაიხიზნენ, საძოვარ მიწებს ფარულად ამუშავებდნენ, ხშირად კი ტყეშივე სახლდებოდნენ. ამასთან სამთავროში უკიდურესად დაქვეითდა წარმოება, გაჩანაგდა მეურნეობა, მოიშალა ვაჭრობა, დაეცა ფულის კურსი. თავადაზნაურობამ სცადა ომისაგან მიყენებული ზარალი გლეხთა გაძლიერებული ექსპლუატაციით აენაზღაურებინა. 1856 ივლისის ბოლოს სამეგრელოს დედოფალი ეკატერინე დადიანი პეტერბურგში გაემგზავრა იმპერატორ ალექსანდრე II-ის მეფედ კურთხევის ცერემონიალზე დასასწრებად. სამთავროს მართვა-გამგეობა, განსაკუთრებული ინსტრუქციით დედოფლის მაზლს, გრიგოლ დადიანს ჩააბარეს. სახლთუხუცეს ჩიქოვანს კი ებრძანა მოეწესრიგებინა სამოურავო მამულები, ჩამოერთმია გლეხებისათვის მათ მიერ მიტაცებული ყანები და აეყარა ისინი.

მღელვარება დაიწყო სოფელ სალხინოში (დღეს მარტვილის მუნიციპალიტეტი), სადაც სახლთუხუცეს ჩიქოვანის მიერ შევიწროებულმა გლეხებმა გადაწყვიტეს სალხინოს დადიანების სასახლის მშენებლობაზე მუშაობის შეწყვეტა. მღელვარებას სათავეში ჩაუდგა ფარული სათათბირო ორგანო „სხუნუ” (ქართ: აღმასრულებელი ორგანო, საბჭო). 1856 მიწურულს სალხინოში მეზობელი 7 სოფლის 1000-ზე მეტმა გლეხმა მოიყარა თავი. ისინი წაჩხურის ეკლესიის გალავანში ფიცის მიღების შემდეგ უტუ თოდუას მეთაურობით კიწიისკენ (სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში) გაემართდნენ და იქვე ახლოს დაბანაკდნენ, ამ დროს სალიპარტიანოს 16 სოფლის 2 ათასი კომლი აჯანყებულთ შეუერთდა. მეამბოხეთა ლაშქარი 4 ათას კაცამდე გაიზარდა. სალიპარტიანო აჯანყების პირველ ბანაკად იქცა, აჯანყების მეორე კერა იყო — ჯვარი (დღეს ქალაქი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში). ჯვარში ბრძოლას სათავეში ჩაუდგა მჭედელი უტუ მიქავა, რომელიც თავისი რაზმით სოფელ საჩინოსკენ (დღეს სოფელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში) გაემართა. აქ მათ აჯანყებულთა ახალი რაზმი შეუერთდა. აქედან აჯანყებულები წალენჯიხაში შეიჭრნენ. საჭილაოსა (დღეს სოფელი პირველი მაისი აბაშის მუნიციპალიტეტში)) და სუჯუნის მაზრების აჯანყებულებს სათავეში ჩაუდგა კოჩა თოდუა. ეს იყო აჯანყების მესამე კერა. მეოთხეკერას ქმნიდა ზუგდიდის მაზრაში მოქმედი გლეხთა რაზმი, რომელსაც გლეხი კეზუა მეთაურობდა.

1857 გაზაფხულზე აჯანყებულების ეს კერები გაერთიანდა და საერთო ხელმძღვანელად აირჩა უტუ მიქავა. აჯანყებულებმა შექმნეს დროებითი მმართველობა. აპრილის მიწურულს პეტერბურგიდან დაბრუნდა ეკატერინე დადიანი. მან აჯანყებულებთან მოლაპარაკება სცადა, მაგრამ უშედეგოდ. წარმატებით დამთავრებული რამდენიმე ოპერაციის შემდეგ, 12 მაისს, აჯანყებულებმა დაიკავეს ზუგდიდი. 13 მაისს დედოფალმა ხელმეორედ სცადა აჯანყებულთა დაწყნარება, მაგრამ მოლაპარეკება ხელჩართული შეტაკებით დამთავრდა. დედოფალმა გადაწყვიტა დახმარება რუსეთის ხელისუფლებისთვის ეთხოვა. რუსეთის მთავრობა დიდი სიხარულით მიიღო შეთავაზება და ამ მოვლენის თავის სასარგებლოდ გამოყენების მიზნით, ეკატერინეს დახმარებას შეჰპირდა. მალევე ქუთაისის გუბერნატორი კოლიუბაკინი სამხედრო ძალით სამეგრელოში შევიდა. 20 მაისს იგი აჯანყებულებს შეხვდა. ამ შეხვედრაზე გუბერნატორს უტუ მიქავამ გლეხების მძიმე მდგომარეობა და აჯანყების ნამდვილი მიზეზები გააცნო და 8 მუხლისაგან შემდგარი მოთხოვნა ჩამოუყალიბა: აკრძალულიყო გადასახადების თვითნებური გადიდება, უნდა დაწესებულიყო კანონზე დამყარებული მმხართველობა, მოსპობილიყო ტანჯვა-წამების მეთოდები და სხვა. კოლიუბაკინმა მათი დაშლის შემთხვევაში გლეხებს დახმარება აღუთქვა. გლეხები დაიშალნენ, მაგრამ იარაღი არ დაუყრიათ, მღელვარება გრძელდებოდა. ქუთაისიდან დამხმარე ძალის ჩასვლის შემდეგ მთავრობამ გლეხებს საბატონო ვალდებულებათა შესრულება მოსთხოვა, ამასთან მებატონეებს უბრუნებდა აჯანყებულთა მიერ ჩამორთმეულ მოახლე-მოსამსახურეებს. მაისში მთავრობამ დააწესა ცხენოსანთა პატრული და ამით ერთგვარად არადგინა საპოლიციო ძალაუფლება. ივნისში ჯვარ-სალიპარტიანოს ოლქი კვლავ ამბოხების ცენტრი გახდა. მღელვარება გაძლიერდა საჭილაოს, ხობის, სუჯუნას, თეკლათისა და სხვა რაიონებში. მთავრობამ მკაცრი ზომების მიღება გადაწყვიტა, აგვისტო-სექტემბერში სისხლისმღვრელი ბრძოლები გაიმართა ქვალონთან (დღეს სოფელი ზემო ქვალონი ხობის მუნიციპალიტეტში), ჯვართან, თეკლათში (დღეს სოფელი სენაკის მინიციპალიტეტში), მარტვილის მონასტერთან, ნახუნუში (დღეს ნახუნავო, სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში), ზუმი (დღეს სოფელი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში). ოქტომბერ-ნოემბერში რუსეთის ჯარებმა გადამწყვეტი ზომები მიიღეს აჯანყების ჩასახშობად. ჯარისკაცები აჩანაგებდნენ მეურნეობას, არბევდნენ მოსახლეობას. ოჯახებში ეგზეკუცია ჩააყენეს. ხელისუფლებამ 41 აჯანყებული რუსეთის შორეულ გუბერნიებში გადაასახლა 3-იდან 10 წლამდე ვადით.

რუსეთის მეფის მთავრობამ სამეგრელოს გლეხთა აჯანყება თავის სასარგებლოდ გამოიყენა, მოსპო სამთავროს ავტონომია, აჯანყებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მისი გავლენით საქართველოს სხვა კუთხეებშიც მოეწყო გლეხთა მასობრივი გამოსვლები ბატონყმური ჩაგვრის წინააღმდეგ. აჯანყება ფართოდ აისახა ხალხურ სიტყვიერებაში.

ლიტერატურარედაქტირება

  • კოლხიდელი მ., გლეხთა აჯანყება სამეგრელოში 1857 წელის და სახალხო ტრიბუნი უტუ მიქავა, ტფ., 1926
  • ლემონჯავა დ., გლეხთა აჯანყება სამეგრელოში 1856-1857, თბ., 1957
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 5, თბ., 1970
  • Колюбакин Н. П., По случаю крестьянского вопроса в Имеретии, Гурии и Мингрелии, "Чтения в Обществе истории и древностей Российских", 1865, кн. 1
  • ნარსია გ., ქსე, ტ. 8, გვ. 711-712, თბ., 1984