რუსეთ-სპარსეთის ომი (1826-1828)

ომი რუსეთისა და სპარსეთის იმპერიებს შორის (1826-1828)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ რუსეთ-ირანის ომი.

რუსეთ-ირანის ომი 1826-1828 — მორიგი ომი რუსეთის იმპერიასა და ყაჯარების იმპერიას შორის კავკასიაში გაბატონებისთვის.

სპარსეთმა გაერთიანებული სამეფოს წაქეზებით 1826 წლის ივლისში ომის გამოუცხადებლად დაიწყო სამხედრო მოქმედება. აბას-მირზა 60-ათასიანი არმიით შეიჭრა ყარაბაღის სახანოში, აიღო განჯა და ალყა შემოარტყა შუშის ციხესიმაგრეს. სპარსული კავალერიით საქართველოსკენ დაიძრა ალექსანდრე ბატონიშვილი. სპარსელებმა ზაფხულის განმავლობაში დაიბრუნეს წინა ომის დროს დაკარგული ტერიტორიები და ბაქოს მიადგნენ. ერევნის ხანი დაემუქრა ბორჩალოს.

საქართველოს მთავარმართებელმა ალექსი ერმოლოვმა შეძლო ძალების თავმოყრა და კონტრშეტევაზე გადასვლა. რუსეთის ჯარში მოხალისედ მიდიოდნენ ქართველებიც. 1826 წლის 3 სექტემბერს ერმოლოვმა შამქორის ბრძოლაში დაამარცხა ირანელები, ხოლო 13 სექტემბერს დაამარცხა ისინი განჯასთან. აბას-მირზა იძულებული გახდა მოეხსნა შუშის ციხის ალყა, მოგერიებულ იქნა ერევნის ხანის თავდასხმა ბორჩალოზე. კიდევ უფრო გაძლიერდა რუსეთის შეტევა 1827 წლიდან, მას შემდეგ, რაც ერმოლოვის ნაცვლად დაინიშნა ივანე პასკევიჩი. პასკევიჩმა 1827 წლის 26 ივნისს დაიკავა ნახიჩევანი, ხოლო 1 ოქტომბერს ერევანი. ამ გამარჯვების გამო პასკევიჩს ეწოდა მეტსახელი „ერევანსკი“, ხოლო თბილისის მთავარ მოედანს პასკევიჩ-ერევანსკის მოედანი. ქართველი გენერლის გიორგი ერისთავის ხელმძღვანელობით რუსეთის არმიამ გადალახა არაქსი და შევიდა თავრიზში. ამით რუსეთის არმიას გზა გაეხსნა თეირანისკენ. ირანის შაჰი იძულებული გახდა მიეღო ზავის პირობები.

1828 წლის 10 თებერვალს დაიდო თურქმენჩაის ზავი. რუსეთის იმპერიას გადაეცა ერევნის სახანო და ნახიჩევანის სახანო, რუსეთი სრულად გაბატონდა კასპიის ზღვაზე, ირანმა იკისრა 20 მილიონი მანეთის კონტრიბუცია.

ლიტერატურა

რედაქტირება