სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ერისთავი (მრავალმნიშვნელოვანი).

მიტროპოლიტი ვარლამი (ერისკაცობაში — ბიძინა დავითის ძე ერისთავი[1]; დ. 8 აგვისტო, 1763, ქსნის საერისთავო — გ. 18 (30) დეკემბერი1830, მოსკოვი) — საქართველოსა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიების მღვდელმთავარი. ქართლ-კახეთის მიტროპოლიტი, საქართველოს ეგზარქოსი 1811–1817 წლებში. დავით ქსნის ერისთავის ძე.

მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, მიტროპოლიტი
ვარლამი (ერისთავი)
ქართლ-კახეთის მიტროპოლიტი
საქართველოს ეგზარქოსი
8 ივლისი, 1811 — 14 მაისი, 1817
ეკლესია: რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
წინამორბედი: საეგზაქოსოს დაარსება
მემკვიდრე: თეოფილაქტე (რუსანოვი)
ახტალის მთავარეპისკოპოსი
 — 16 ივნისი, 1794
ეკლესია: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
 
განათლება: თბილისის სასულიერო სემინარია
დაბადების სახელი: ბიძინა დავითის ძე ერისთავი
დაბადება: 8 აგვისტო, 1763
ქსნის საერისთავო
გარდაცვალება: 18 დეკემბერი, 1830(1830-12-18)
მოსკოვი
დაკრძალულია: დანილოვის მონასტერი
მამა: დავით ქსნის ერისთავი
დედა: თინათინ მაჩაბელი

ბიოგრაფია

რედაქტირება

მიტროპოლიტი ვარლამი, ერისკაცობაში ბიძინა დავითის ძე ერისთავი დაიბადა 1763 წლის 8 აგვისტოს ქსნის ერისთავთა ოჯახში. მისი მამა იყო დავით ერისთავი, დედა — თინათინ მაჩაბელი[2]. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო. 1784 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. სწავლის დროს მას მფარველობდა მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ I, რომლის დახმარებითაც მან შეისწავლა სასულიერო და საერო ლიტერატურა. ის ასევე სარგებლობდა კარგი ავტორიტეტით ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე მეორის კარზეც. ანტონ I-ის გარდაცვალების შემდეგ გადაწყვეტილი იყო მისი პატრიარქის ხარისხში აყვანა, თუმცა მეფის მემკვიდრე გიორგი XII-ის შუამდგომლობით პატრიარქად ერეკლე მეორის ვაჟი ანტონ II აირჩიეს. ეგზარქოსობამდე ვარლამ ერისთავი განაგებდა ახტალის ეპარქიას. იოანე ბატონიშვილის გადმოცემით, „იგი იყო ღრმად განსწავლული, საფილოსოფიო სწავლისა და ღვთისმეტყველებასა შინა მეცნიერი, უცხო რიტორი და მშვენიერი მოქადაგე... ამან ისწავლა რუსული ენა კეთილად და ქმნა საუფლოთა და სხვათა დღესასწაულთა ქადაგებასა წიგნი საამო სასმენი და კარგა დათხზული. ვარლამმა თავისი ცოდნა ახალგაზრდა თაობის აღზრდას მოახმარა... იმავე ივანე ბატონიშვილის ცნობით, „ამან ასწავლა სხვათა და სხვათა მოწაფეთა საფილოსოფოსო სწავლანი“[3]. მისი მეშვეობით ფილოსოფიურ საღვთისმეტყველო ცოდნას დაუფლებია ცნობილი გრამატიკოსი იოანე ქართველიშვილი, რომლის ნაშრომი „ქართული გრამატიკა“, ვარლამმა 1815 წელს თბილისში დაბეჭდა[4].

1794 წელს 16 ივნისს ახტალის მთავარეპისკოპოსმა ვარლამმა ითხოვა მოსკოვს გამგზავრება, იქ დარჩენისა და რუსული ენის შესწავლის მიზნით[5]. რუსეთში ჩასული ვარლამი სანქტ-პეტერბურგის ალექსანდრე ნეველის მონასტერში დაემკვიდრა. 1801 წლიდან იყო სანქტ-პეტერბურგის მიტროპოლიტ ამბროსის (პოდობაევი) მრჩეველი. 1801 წლის 23 იანვარს დაინიშნა წმინდა სინოდის წევრად. ვარლამ ერისთავის რუსეთში მოღვაწეობა ნაყოფიერი აღმოჩნდა: სათანადოდ შეუსწავლია რუსული ენა, აგრეთვე, დაუფლებია ძველ ბერძნულს, საფუძვლიანად გასცნობია რუსულ სასულიერო ლიტერატურას. პეტერბურგში მოღვაწეობის დროს ვარლამმა ააღორძინა არჩილ მეფის მიერ მოსკოვში დაარსებული ქართული სტამბა და ხელი მიჰყო საგამომცემლო საქმიანობას. ეგზარქოსობიდან გადაყენებული, მოსკოვში მყოფი ვარლამი, კვლავ საგამომცემლო მოღვაწეობას ეწეოდა. გამოსცა ოცამდე წიგნი. 1806 წელს გამოსცა თავის მიერ შედგენილი „სადღესასწაულო“, ხოლო 1821 და 1825 წლებში ქართულ და რუსულ ენებზე დაბეჭდა ანტონ კათოლიკოსის „განმარტება სახარებისა საუფლოთა და ღვთისმშობლის დღესასწაულთა და ჰსწავლანი კეთილჩვეულებათა მასწავლებელი“. ვარლამი დიდად აფასებდა ანტონ I-ის ღვაწლს ქართული საეკლესიო მწერლობის განვითარებაში. მან თავისი კეთილგანწყობილება მასწავლებლის მიმართ იმითაც გამოხატა, რომ დიდად იზრუნა მისი საფლავის კეთილმოწყობისათვის, ვარლამს ეკუთვნის ანტონ კათოლიკოსისადმი მიძღვნილი ეპიტაფიაც.

1802 წელს, პეტერბურგში ყოფნის დროს, ვარლამს რუსულ ენაზე გამოუქვეყნებია თავისი ნაშრომი „ქართული ენის გრამატიკა“, რომელიც მიზნად ისახავდა, რომ მკითხველს ინტერესი გასჩენოდა ახლად შემოერთებული ქართველი ხალხის ენის მიმართ. წყაროები გადმოგვცემენ, რომ ვარლამ ერისთავი იყო შესანიშნავი მქადაგებელი და „ძლიერ დახელოვნებული საღმრთო წერილში“[6]. 1803 წლის 13 თებრვალს დაჯილდოვდა წმინდა ანას I ხარისხის ორდენით[7].

1808 წლის მეორე ნახევრიდან ვარლამს რუსეთიდან საქართველოში აბრუნებენ. 1811 წელს ანტონ II-ის რუსეთში გაწვევის გამო დაინიშნა აღმოსავლეთ საქართველოს ეკლესიის მმართველად. იმავე წლის 30 ივნისს კავკასიაში რუსეთის ხელისუფალთა დავალებით ვარლამმა შეადგინა აღმოსავლეთ საქართველოს ეკლესიის რეორგანიზაციის პროექტი, რომელიც სასულიერო დიკასტერიის დაარსებას, საქართველოს საეგზარქოსოს შექმნას და რუსეთის წმინდა სინოდისადმი მის დაქვემდებარებას ითვალისწინებდა[8]. 1811 წლის 8 ივლისს პროექტი მცირე ცვლილებით დაამტკიცა იმპერატორმა ალექსანდრე I-მა, ხოლო ვარლამი დაინიშნა მცხეთის მიტროპოლიტად და საქართველოს პირველ ეგზარქოსად. მისი ეგზარქოსობის დროს აშენდა ქაშვეთის ეკლესიის კარიბჭე, ჯვრის ამაღლების ეკლესია და 1812 წელს სიონის ტაძრის ახალი სამრეკლო, რომელზეც დატანილია შემდეგი წარწერა რუსულ და ქართულ ენებზე:

 
„დროსა ალექსანდრე პირუჱლისა, იმპერატორისა ყოვლისა როსსიისა, აღშენდა უწმინდესის სინოდის ჩლენის მცხეთისა მიტროპოლიტისა, ქართლისა და კახეთისა და სრულიად საქართუჱლოჲსა ექსარხოსისა და კავალერისა ვარლაამ ქსნის ერისთჳს დავითის ძისაგან: წელსა ჩყიბ: ქორინიკონსა ფ:
Въ царствование Александра Императора Всероссискагоб сооружена тщаниемъ Святеишаго Синода члена, митрополита Варлаама, Экзарха всея Грузии. 1812 года.“

მიუხედავად ყველაფრისა მისი საქართველოში მოღვაწეობის წლები საზოგადოებაში უარყოფითად შეფასდა. ბაგრატ ბატონიშვილი მის შესახებ წერდა: „ამან არა მზრუნველმან ეკლესიათამან, არამედ მოხვეჭისა და შეძინების გამო მოუხვნა ყოველთავე მღვდელმთავართა ეპარქია, რომელიცა აქვნდათ და განუწესა მცირე რამე როჭიკი“[9].

1812 წლის კახეთის აჯანყება კიდევ ერთი ნათელი მაგალითია ქართველი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა. ეს აჯანყება სწორედ ეგზარქოს ვარლამის მმართველობის პერიოდს ემთხვევა. იგი აქტიურად იყო ჩართული ამ აჯანყებაში, ცხადია, რუსეთის იმპერიის ინტერესების სასარგებლოდ. როგორც ცნობილია, ეგზარქოსი თავის ერთგულ სასულიერო პირებთან ერთად ხშირად სტუმრობდა აჯანყებულ კახელებს და მათ მოუწოდებდა, შეესრულებინათ თავიანთი მოვალეობა რუსეთის სახელმწიფოს წინაშე. იმავე წყაროს ცნობით, ვარლამ ეგზარქოსი მთავარმართებელსა და კავკასიის სამხედრო ხელმძღვანელობას საიდუმლო მასალებს აწვდიდა კახეთის აჯანყებული მოსახლეობისა და უკმაყოფილო კავკასიელი მთიელების შესახებ. ასეთი დიდი დამსახურების გამო მთავარმართებელი ნიკოლოზ რტიშჩევი ობერპროკურორ ალექსანდრე გოლიცინს სთხოვდა, ეშუადმდგომლა იმპერატორის წინაშე, რათა ეგზარქოსი ვარლამი წმ. ალექსანდრე ნეველის ორდენით დაეჯილდოებინათ.

1813 წლის 30 ოქტომბერს სვეტიცხოვლის კარიბჭე განახლებულ იქნა ვარლამ ეგზარქოსის შუამდგომლობით, რასაც ადასტურებს ეპიგრაფიკული წარწერა:

 
„ვარლამ ეგზარხოსმან მცხეთისა და ყოვლისა საქართველოსამან ქსნის ერისთავის დავითის ძემან განვაახლე კარიბჭე ესე წელსა 1813 წელსა 30 ოქომბერსა.“

1814 წლის 30 აგვისტოს საქართველო-იმერეთის სინოდის კანტორის დაარსებასთან დაკავშირებით და დასავლეთ საქართველოს ეკლესიის (აფხაზეთის საკათალიკოსო) საეგზარქოსოსთან მიერთების გამო, ეწოდა საქართველოსა და იმერეთის ეგზარქოსი. მაგრამ ახალი საეკლესიო კანონების გატარების დროს ვარლამმა ვერ შეძლო დასავლეთ საქართველოს მაღალი სამღვდელო წრეების წინააღმდეგობათა დაძლევა. მართალია, ვარლამ ერისთავმა ბევრი იშრომა საეგზარქოსოს ჩამოყალიბებისათვის, მაგრამ იმპერიული ძალები არ ასვენებდნენ. ისინი ვერ ეგუებოდნენ იმას, რომ ეგზარქოსი ქართველი იყო. ამიტომ შეეცადნენ ვარლამის თავიდან მოშორებას. საამისოდ მიმართეს ნაცად ხერხს — ერთმანეთს წაჰკიდეს ქართველი სასულიერო პირები, რუსმა მოხელეებმა ყოველი ღონე იხმარეს, რომ რუსეთიდან ახლად დაბრუნებული მთავარეპისკოპოსი დოსითეოსი (ფიცხელაური) ვარლამ ეგზარქოსისთვის დაეპირისპირებინათ. თუკი ეკლესიის რეორგანიზაციის პირველი ეტაპი ვარლამ ერისთავის პროექტით განახორციელეს, მეორე ეტაპის გატარება დაევალა მთავარეპისკოპოს დოსითეოსს. სწორედ მისი მეშვეობით 1815 წელს დაარსდა საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორა და ოსეთის სასულიერო კომისია. აღნიშნული ფაქტით კომისიამ შეძლო დოსითეოსსა და ეგზარქოს ვარლამს შორის დაპირისპირების პროვოცირება.

1817 წლის 14 მაისს მიტროპოლიტი ვარლამი ეგზარქოსობიდან გადააყენეს, ხოლო მის მაგივრად თეოფილაქტე (რუსანოვი) დანიშნეს. სინოდი ვარლამის გადაყენების შესახებ აღნიშნავდა, რომ მისი მოღვაწეობა საქართველოში „წარმატების არანაირ იმედს არ იძლეოდა და საჭიროდ თვლიდა ამ ადგილისათვის შესაფერი რუსი არქიეპისკოპოსის დანიშვნას. არჩევანი რიაზანის მთავარეპისკოპოს თეოფილაქტე რუსანოვზე შეჩერდა“[10].

მიტროპოლიტი ვარლამი გადაყენებისთანავე პეტერბურგში, წმინდა სინოდში გაიწვიეს[11], რომლის წევრიც 1825 წლის 5 თებერვლამდე იყო. 1825 წლის 20 მარტიდან განაგებდა მოსკოვის დანილოვის მონასტერს, სადაც აღესრულა 1830 წლის18 დეკემბერს.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

ვარლამი ცნობილი იყო მჭევრმეტყველებით. მისი ქადაგებანი ქვეყნდებოდა ქართულ და რუსულ ენაზე. რუსულად გამოაქვეყნა „ქართული ენის მოკლე გრამატიკა“, 1805 წელს მოსკოვში გამართა ქართული სტამბა და 1821 და 1824 წელს დაბეჭდა „სადღესასწაულო“ (რუსულად)[12][13], 1825 წელს — „განმარტება სახარებისა“. წერდა ლექსებსაც, რომლებიც დაცულია ხელნაწერების სახით (S-1512, 3723, 1164).

ჩვენამდე ბეჭდური სახით არსებულმა ხუთმა ქადაგებამ მოაღწია. პლატონ იოსელიანის გადმოცემით, დეკანოზ გერასიმე პავსკის რუსულად უთარგმნია ვარლამის ქადაგებანი, რომლებიც გამოქვეყნებულა კიდეც[14]. როგორც ჩანს, იოსელიანს მხედველობაში უნდა ჰქონდეს ვარლამის ნაშრომი „განმარტებანი სახარებისა“, რომელიც ზემოთ დასახელებულ დეკანოზს რუსულად უთარგმნია და 1821 და 1824 წლებში ორჯერ გამოუცია. ვარლამ ერისთავის „განმარტება სახარებისა“ 1825 წელს მოსკოვში ქართულადაც გამოქვეყნდა. ქადაგებებისა და „ქართული გრამატიკის“ გარდა, მას შეუქმნია სხვა ნაშრომებიც: „გეოგრაფიული ატლასი“, სახელმძღვანელო არითმეტიკისა, „ლექსი მირიან ბატონიშვილთან მიწერილი“ და სხვ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Ист.: Акты, собр. Кавказской археографической комиссией. Тифлис, 1870. Т. 4: 1890-1811.
  • Лит.: Кирион (Садзагелов), еп. Краткий очерк истории Грузинской Церкви и Экзархата за XIX ст. Тифлис, 1901;
  • ლეკიშვილი ს. ჟართული სტამბის მოღვაწენი / მწიგნობარი. №81. თბილისი, 1982.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ქსნის ერისთავები - ბიძინა (ბერობაში-ვარლამ) დავითის ძე. (1763-18.12.1830, მოსკოვი). პირველი ეგზარხოსი 1811-1817 წლებში. მიტროპოლიტი.
  2. Князья Эриставы (Эристави-Арагвские) // Дворянские роды Российской империи. Том 4. Князья, გვ.270
  3. მცირე უწყებანი ქართველთა მწერალთათვის (XVI-XIX ს.), გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, კომენტარები და ლექსიკონი დაურთო ივ. ლოლაშვილმა
  4. ს. ლეკიშვილი, ქართული სტამბის მოღვაწენი, ალმანახი „მწიგნობარი“, 81, თბილისი, 1982, გვ. 128
  5. Полное собрание законов Российской империи, собрание 1-ое (1649-1825), т. XXIII, указ 17243, ст. 548
  6. ჟურნალი „მწყემსი“, 1884, N 1, გვ. 2
  7. Придворный месяцеслов на лето от Рождества Христова 1824. Часть III.
  8. Полное собрание законов Российской империи, собрание 1-ое (1649-1825), т. XXXI, указ 24696, ст. 767-771
  9. ბაგრატ ბატონიშვილი, ახალი მოთხრობა, თბილისი, 1841, გვ. 122
  10. მ. გუგუტიშვილი, საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის რეორგანიზაციის საკითხები (XIX ს. I ნახევარი), კრებული, ანტირელიგიური პროპაგანდის საკითხები თანამედროვე ეტაპზე (ნაკვეთი IV), თბილისი, 1978, გვ. 35-36
  11. Полное собрание законов Российской империи, собрание 1-ое (1649-1825), т. XXXIV, указ 26858, ст. 298
  12. Толкование евангелий на господские и богородичные праздники с нравоучительными беседами.
  13. Толкование евангелий на господские и богородичные праздники с нравоучительными беседами.
  14. წყობილ-სიტყვაობა ქმნილი ანტონისაგან პირველისა კათოლიკოს პატრიარქისა ყოვლისა საქართველოისა, პ. იოსელიანის გამოცემა, თბილისი, 1853, გვ. 252