თეოფილაქტე (რუსანოვი)
მიტროპოლიტი თეოფილაქტე (ერისკაცობაში — ფიოდორ გაბრიელის ძე რუსანოვი; დ. 1765 — გ. 19 ივლისი, 1821, ბოდბის მონასტერი) — რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარი. საქართველოს ეგზარქოსი 1817-1821 წლებში. იყო ცარიზმის კოლონიური-რუსიფიკატორული პოლიტიკის აქტიური გამტარებელი საქართველოში.
მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, მიტროპოლიტი თეოფილაქტე (რუსანოვი) | ||
| ||
---|---|---|
14 მაისი, 1817 — 19 ივლისი, 1821 | ||
ეკლესია: | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია | |
წინამორბედი: | ვარლამი (ერისთავი) | |
მემკვიდრე: | იონა (ვასილევსკი) | |
| ||
5 მარტი, 1809 — 14 მაისი, 1817 | ||
წინამორბედი: | ამბროსი (იაკოვლევ-ორლინი) | |
მემკვიდრე: | სერგი (კრილოვ-პლატონოვი) | |
| ||
30 ოქტომბერი, 1799 — 5 მარტი, 1809 | ||
წინამორბედი: | სერაპიონი (ალექსანდროვსკი) | |
მემკვიდრე: | ევლამპი (ვედენსკი) | |
დაბადების სახელი: | ფიოდორ გაბრიელის ძე რუსანოვი | |
დაბადება: | თვე არ არის მითითებული!, 1765 | |
გარდაცვალება: | 19 ივლისი, 1821 | |
დაკრძალულია: | ბოდბის მონასტერი | |
ბიოგრაფია
რედაქტირებამიტროპოლიტი თეოფილაქტე, ერისკაცობაში ფიოდორ გაბრიელის ძე რუსანოვი დაიბადა 1765 წელს არხანგელსკის გუბერნიაში, მედავითნის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება მიიღო ოლონეცკის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1792 წელს დაამთავრა და დატოვეს სემინარიაში პოეზიისა და რიტორიკის მასწავლებლად. ამავე წელს ბერად აღკვეცეს. 1793 წელს დიაკვნად აკურთხეს, ხოლო 1794 წელს — მღვდელ-მონაზვნად. 1795 წელს არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანეს და ზელენეცკის წმინდა სამების მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს. 1796 წლის 29 მაისიდან სერგი-სამების უდაბნოს მონასტრის წინამძღვარია. ამავე დროს ასწავლის კადეტთა კორპუსში. 1798 წლის 8 ნოემბრიდან ნოვგოროდის წმინდა ანტონის მონასტრის წინამძღვარია. ამავე დროს ირჩევენ წმინდა სინოდის წევრად ასესორის ჩინით. 1798 წლიდან ნოვგოროდის ოლქის ქ. ვალდაის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მონასტრის წინამძღვარია.
1799 წლის 30 ოქტომბერს აკურთხეს კალუგისა და ბოროვსკის ეპისკოპოსად. 1803 წლის 5 მარტს მთავარეპისკოპოსის ხარისხში აიყვანეს. დაახლოებული იყო და მეგობრობდა ობერ-პროკურორ თავად ალექსანდრე გოლიცინთან, მას დიდად მფარველობდა იმპერიის სახელმწიფო მდივანი მიხეილ სპერანსკი. 1809 წლის 5 მარტიდან რიაზანის მთავარეპისკოპოსია. 1812 წელს თანამდებობიდან გადადგა მიხეილ სპერანსკი. ამის შემდეგ თეოფილაქტეს გავლენები შესუსტდა, რის გამოც ცდილობდნენ მის მოშორებას სანკტპეტერბურგიდან. იმპერტორის ბრძანებით, მას დაევალა ნაპოლეონის ლაშქრობის დროს დაზარალებული ეპარქიების მდგომარეობის შესწავლა. 1813 წელს დაბრუნდა რიაზანის ეპარქიაში.
1817 წლის 14 მაისს მთავარეპისკოპოსი თეოფილაქტე დაინიშნა საქართველოს ეგზარქოსად[1][2], 1819 წლის 1 თებერვალს მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანეს[3]. თეოფილაქტემ საქართველოში ჩამოსვლისთანავე, 1817 წლის 9 ნოემბერს, თბილისის სიონის დეკანოზს, იოსებ ფალავანდიშვილს წერილობით აცნობა, რომ ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს სიონის ტაძარში წირვა-ლოცვას რუსულ ენაზე ეგზარქოსთან ერთად აღასრულებდა რუსი სამღვდელოება, ხოლო კვირის დარჩენილ დღეებსა და დღესასწაულებზე ქართველ სამღვდელოებას უფლება ეძლეოდა, წირვა ქართულად ჩაეტარებინა. თეოფილაქტემ შეადგინა კომისია ეკლესია-მონასტრების უძრავ-მოძრავი ქონების საბოლოოდ აღსაწერად და სიგელ-გუჯრების რუსულ ენაზე სათარგმნელად. საქართველოში რუსული პოლიტიკური ინტერესების გამტარებელი სამღვდელოების ჩამოყალიბების მიზნით, თეოფილაქტემ მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმო სასულიერო განათლებას. ამ მიზნით, მისი ინიციატივით, თბილისში, თელავში, გორსა და სიღნაღში გაიხსნა სასულიერო სასწავლებლები. მის დროსვე თბილისში 1817 წელს დაარსდა სასულიერო სემინარია. თეოფილაქტე დიდად დაეხმარა „ოსეთის სასულიერო კომისიას“. მისი ეგზარქოსობის დროს დაახლოებით 47 ათასი მთიელი მოექცა ახალ სარწმუნოებაზე. მას ამ საქმეში ხელს უწყობდა ეპისკოპოსი დოსითეოსი.[4]
ეგზარქოსი თეოფილაქტემ რუსეთიდან ჩამოიყვანა რუსი საერო და სასულიერო პირთა მთელი დასი, რომელნიც სხვადასხვა შემოსავლიან თანამდებობებზე დაინიშნენ. თეოფილაქტემ კანცელარიის მმართველობა ჩააბარა თავის ძმას, რომელმაც მოღვაწეობა იმით დაიწყო, რომ ეგზარქოსის კანცელარიაში გამოაკრა საეკლესიო ღვთისმსახურებისათვის გადასახადი ფულადი თანხის ნიხრი. მანვე ახალდაარსებული სემინარიის რექტორობა უბოძა თავის მეგობარ ბერ ვიტალის. თეოფილაქტემ გადააყენა დავით გარეჯის წინამძღვარი ილარიონ ვაჩნაძე და მის მაგივრად გაამწესა სემინარიის რექტორი ვიტალი, მაგრამ ამ უკანასკნელმა 1818 წლის 26 ოქტომბერს მოუცლელობის გამო უარი განაცხადა შეთავაზებულ თანამდებობაზე. შეიძლება ითქვას, რომ დავით გარეჯის მონასტერი განსაკუთრებული ზეწოლის ქვეშ მოექცა, ვინაიდან იგი ქართული ბერმონაზვნობის ერთგვარი სამჭედლო იყო და ეგზარქოსები ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ მონასტერს ეს ფუნქცია დაეკარგა. თბილისის სიონის დეკანოზად დაინიშნა თეოფილაქტეს ახლობელი ალექსანდრე ფედოროვი, რომელიც 1823 წელს, საკუთარი ცოლ-შვილის დახოცვის შემდეგ, ანტონის სახელით ბერად აღიკვეცა და რომელსაც ამავე წელს ეგზარქოსმა იონამ დავით გარეჯის წინამძღოლობა უბოძა. თეოფილაქტეს დროს საეგზარქოსოს ყველა თანამდებობა რუსი მოხელეებით დაკომპლექტდა.
თეოფილაქტეს ინიციატოვით მომზადდა "საეკლესიო რეფორმების" პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა ქართველ სამღვდელოების მთლიანად ცარიზმის სამსახურში ჩაყენებას. პირადად ხელმძღვანელობდა ამ რეფორმების გატარებას დასავლეთ საქართველოში. 1819 საეკლესიო გლეხებს შეაწერა გადიდებული ფულადი გადასახადი, ნატურით გადასახადი შეუცვალა ფულადით, შეამცირა ეპარქიათა და სამრევლო ეკლესიების რაოდენობა და სხვა. თეოფილაქტეს ამ ღონისძიებებმა გამოიწვია მოსახლეობის უკმაყოფილება და დააჩქარა აჯანყება (იმერეთის აჯანყება 1819-1820), აჯანყებულთა შიშით თეოფილაქტე იმერეთიდან თბილისში დაბრუნდა და აჯანყებულთა მეთაურებს რუსეთის ხელისუფლებასთან აბეზღებდა.
იმპერატორ ალექსანდრე I-ის 1819 წლის 1 თებერვლის ბრძანებით თეოფილაქტეს მიტროპოლიტობა და თეთრ კუნკულ-ბარტყულზე ძვირფასი ქვებით მოჭედილი ჯვრის ტარების უფლება მიანიჭეს. როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, ეს ჯილდო მას გადაეცა საქართველოში სასულიერო სასწავლებლების გახსნის გამო. ასევე იმის გამო, რომ წარმატებით გაართვა თავი საეკლესიო ქონების აღწერას და გაამართლა მისი უდიდებულესობის ნდობა.
ეგზარქოსი თეოფილაქტე კადნიერად ეკიდებოდა საქართველოს ეკლესიის წარსულს. ამის დასტურია თუნდაც ის ფაქტი, რომ მან, გაქურდვის მიზნით, მოინდომა ქართველთა განმანათლებლის წმ. ნინოს საფლავის გახსნა ბოდბის მონასტერში, მაგრამ, გადმოცემით, როგორც კი ბარი შეახო მის საფლავს, იმწამსვე განუტევა სული. ოფიციალური ვერსიით კი ცნობილია, რომ ეგზარქოსი თეოფილაქტე 1821 წლის 19 ივლისს ტიფით გარდაიცვალა, დაკრძალულია ბოდბის წმ. გიორგის ეკლესიაში, მარჯვენა კედლის მხარეს.
ლიტერატურა
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Полное собрание законов Российской империи, собрание 1-ое (1649-1825), т. XXXIV, указ 26858, ст. 298
- ↑ Полное собрание законов Российской империи, собрание 1-ое (1649-1825), т. XXXV, указ 27605, ст. 655-661
- ↑ „საქართველოს გაზეთი“, 14 მარტი 1819 წ.
- ↑ ჟურნალი „მოგზაური“ N4 გვ. 355-356 — 1901 წ.