იროდიონ ევდოშვილი

ქართველი მწერალი

იროდიონ ისაკის ძე ევდოშვილი, (ნამდვილი გვარი ხოსიტაშვილი; დ. 7 მაისი, 1873, სოფელი ბოდბისხევი, სიღნაღის მაზრა — გ. 2 მაისი, 1916, თბილისი) — ქართველი მწერალი.

იროდიონ ევდოშვილი
დაბადების თარიღი 7 (19) მაისი, 1873
დაბადების ადგილი ბოდბისხევი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 2 (15) მაისი, 1916 (42 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი[1] ან თბილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა პოეტი და მწერალი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ალმა-მატერი თელავის სასულიერო სასწავლებელი და თბილისის სასულიერო სემინარია

ბიოგრაფია

რედაქტირება

მამამისი, ისაკ თადეოზის ძე ხოსიტაშვილი სოფლის ეკლესიის მთავარდიაკონი იყო, დედა – ევდოკია ხუნაშვილი – დიასახლისი. უფროსმა ძმამ, ილარიონმა თბილისში წაიყვანა პანსიონში, შემდეგ დაამთავრა თელავის სასულიერო სასწავლებელი (1890) და სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში, საიდანაც 1893 წელს გარიცხეს მოსწავლეთა ფარულ რევოლუციურ წრეში მონაწილეობისათვის. ცოტა ხნით სწავლობდა თბილისის იუნკერთა სასწავლებელში და შემდეგ მსახურობდა ყუბის პოლკში. 1894 წლის თებერვლაში სამსახური განაგრძო ბაქოს 153-ე ქვეითთა პოლკში, მიიღო უნტერ-ოფიცრის ჩინი, მაგრამ ოქტომბრის დასაწყისში თადარიგში გადაიყვანეს.

პირველი ლექსი დაბეჭდა 1895 წელს ილია ჭავჭავაძის „ივერიაში“. 1896-99 წლებში მუშაობდა ბაქოში ნობელის ქარხანაში და მონაწილეობდა იქ არსებული მუშათა სოციალ-დემოკრატიული წრეების მუშაობაში. 1900-იანი წლებიდან თანამშრომლობდა მესამე დასის გაზეთ „კვალთან“. ამავე დროს გაეცნო მესამე დასელთა მემარცხენე ფრთას, ლადო კეცხოველს, სტალინს და თანამშრომლობდა მათ გაზეთ „ბრძოლასთან“. პოპულარული გახდა მისი ლექსი „მეგობრებო, წინ...წინ გასწით“.

1904 წლის ოქტომბერში რუსეთ-იაპონიის ომის დაწყების გამო გაიწვიეს ჯარში და გაამწესეს განჯაში მდგარ ასლანდუზის ბატალიონში, სადაც დაჰყო 1905 წლის დეკემბრის ბოლომდე. ჯარისკაცთა შორის ეწეოდა რევოლუციურ პროპაგანდას, იარაღს აწვდიდა რევოლუციონერებს. მისი საქმიანობა ერთმა შეთქმულმა გასცა და ეცდოშვილი თბილისში გაიქცა. თბილისში ის ნაძალადევსა და ორთაჭალაში მუშათა ჯგუფებს ამეცადინებდა თოფის სროლაში.[2]. 1906-07 წლებში თანამშრომლობდა ლეგალურად გამომავალ ბოლშევიკურ გაზეთებთან „ახალი ცხოვრება“, „ახალი დროება“, „მნათობი“, „ჩვენი ცხოვრება“, „დრო“. 1907-08 წლებში თანამშრომლობდა ვალერიან გუნიას ჟურნალ „ნიშადურთან“. ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გამო დაწერა ლექსი „ი. ჭავჭავაძეს“, სადაც უდიდესი შეფასება მისცა მოკლულს.

1909 წლის 22 ოქტომბერს რევოლუციური საქმიანობის გამო დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს. ათთვიანი პატიმრობის შემდეგ გადაასახლეს ვოლოგდის გუბერნიაში, ქალაქ სოლვიჩეგოდსკში. ეტაპით მგზავრობამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გააუარესა და ჭლექით დაავადებული ევდოშვილი ექიმების რეკომენდაციით გადაიყვანეს ასტრახანის გუბერნიის დასახლება ჩორნი-იარში. საქართველოში დაბრუნდა სასჯელის მოხდის შემდეგ, 1913 წელს. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ თბილისში იბეჭდება ირ. ევდოშვილის პირველი ლექსები ჟურნალებში „კვალი“, „ივერია“ და სხვ. გამოქვეყნებული აქვს აგრეთვე პოემა „უკანასკნელი დღე სიკვდილით დასჯისა“

ევდოშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობდა უარესდებოდა. პერიოდულად ისვენებდა ცემსა და წაღვერში, 1913 წლის შემოდგომიდან 1914 წლის მარტამდე და 1915 წლის ნოემბრიდან 1916 წლის 22 აპრილამდე ისვენებდა სოხუმში, მაგრამ უშედეგოდ. გარდაიცვალა 1916 წლის 2 მაისს. დაკრძალვა იკისრა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ და გაზეთ „სახალხო ფურცლის“ რედაქციამ.[3] დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

შემოქმედება

რედაქტირება

ევდოშვილის კრებული გამოვიდა მის გარდავალებამდე რამდენიმე კვირით ადრე. ლექსებში ევდოშვილი მშრომელ ხალხს რევოლუციური ბრძოლისაკენ მოუწოდებდა. რევოლუციური მოძრაობის აღმავლობის გამოძახილი იყო მისი ლექსები „სიმღერა“ (1903), „ჩემს მტერს“; თარგმანები (1905-1907); „მარსელიოზას“ და სხვ. ირ. ევდოშვილის პოემა „მუშა და მუზა“ მიზნად ისახავს მშრომელთა თავისუფლებისათვის ბრძოლას, პოლიტიკური სიმახვილე და აქტუალურობა კი განსაზღვრავს მისი პროზაული ნაწარმოებების ხასიათს. რეაქციის პერიოდში (1908 წლიდან) მის პოეზიაში უკვე ნელ-ნელა სევდისა და მოღლილობის მოტივები კრთება („ისევ გოლგოთა“, „მოღლილობა“, „გატეხილი ჩანგი“, „1915“ და სხვ.). დიდი ამაგი დასდო ასევე ქართულ საყმაწვილო ლიტერატურას, მისი მოთხრობები („ორი ობოლი", 1893; „კაკანათი", 1907; „უბედური ქორბუდა", 1911; „პირველი ყვავილი", 1914 და სხვ.) მოზარდ თაობას სამშობლოს სიყვარულსა და კაცთმოყვარეობას უნერგავდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 132, თბ., 1994
  • საითიძე გ. „იროდიონ ევდოშვილის დაბადების 140 წლის გამო“ „ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები“ N1 გვ. 87-105 — თბილისი, „უნივერსალი“, 2014 ISSN 1512-3154

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Евдошвили Иродион Исакиевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  2. „ლიტერატურა და ხელოვნება“ N26, 18 მაისი 1906
  3. გაზეთი „სახალხო ფურცელი“ N571 7 მაისი, 1916