მიხეილ წერეთელი

ქართველი მეცნიერი და დიპლომატი

მიხეილ (მიხაკო) წერეთელი (ფსევდონიმები — „Baton“, „მ. სანგალა“, „ალაროდიელი“, „ვრაცი“; დ. 23 დეკემბერი, 1878, სოფელი ცხრუკვეთი ― გ. 2 მარტი, 1965, მიუნხენი, გერმანია) — ქართველი მეცნიერი ძველი აღმოსავლეთის ისტორიის დარგში, ლინგვისტი, სოციოლოგი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პროფესორი, ცნობილი ექიმის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ვასილ წერეთლის (1862-1937) უმცროსი ძმა, საქართველოს ეროვნული გმირი. სხვადასხვა დროს იყო მარქსისტი, ანარქისტი, ნაციონალისტი.

მიხეილ (მიხაკო) წერეთელი
დაბადების თარიღი 23 დეკემბერი, 1878
ცხრუკვეთი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 2 მარტი, 1965 (86 წლის)
მიუნხენი, გერმანია
დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაო
ეროვნება საქართველოს დროშა ქართველი
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
ნაცისტური გერმანიის დროშა ნაცისტური გერმანია
დასავლეთი გერმანია
ალმა-მატერი
საქმიანობა ისტორიკოსი, ლინგვისტი, სოციოლოგი, პოლიტიკოსი
ჯილდოები საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა ზემო იმერეთის სოფელ ცხრუკვეთში. იმერეთის მეფის სოლომონ I-ის კარის მოძღვრის სვიმონ წერეთლის (მისგან იღებს სათავეს მოძღვრიშვილ-წერეთელთა საგვარეულო) და იმერეთის მეფის დავით II-ის ასულის, ატატო ბაგრატიონის პირდაპირი შთამომავალი იყო.

განათლება

რედაქტირება

მიხეილ წერეთელმა 1898 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. იმავე წელს ჩაირიცხა კიევის უნივერსიტეტში, საიდანაც გარიცხეს 1899 წელს, აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობისათვის. შემდეგ სწავლობდა სორბონის და ჟენევის უნივერსიტეტებში. 1912 წელს დაამთავრა ჰაიდელბერგის (გერმანია) უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ძველი აღმოსავლეთის ისტორიის განხრით და ერთხანს იქვე კითხულობდა ლექციებს. თავდაპირველად წერეთელი იზიარებდა მარქსიზმს. მან პირველად თარგმნა მარქსის „კაპიტალი“ ქართულად და მიუტანა ნოე ჟორდანიას „კვალის“ რედაქციაში.

მოღვაწეობა

რედაქტირება

1900-1907 წლებში მ. წერეთელი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საფრანგეთსა და შვეიცარიაში. აქტიურად იყო ჩაბმული ანარქისტულ საქმიანობაში. ახლო ურთიერთობა ჰქონდა ვარლამ ჩერქეზიშვილთან, პეტრე კროპოტკინთან და საერთაშორისო ანარქისტული მოძრაობის სხვა ლიდერებთან. ამასთან, ეწეოდა ნაყოფიერ პუბლიცისტურ მოღვაწეობას. ფსევდონიმებით „Baton“ და „მ. სანგალა“ წერილებს აქვეყნებდა როგორც ქართულ, ისე უცხოეთის პერიოდულ პრესაში.

1904 წელს იგი შეუერთდა ქართველ სოციალ-ფედერალისტთა ჯგუფს გიორგი დეკანოზიშვილის ხელმძღვანელობით. ეს ჯგუფი მოღვაწეობდა პარიზში. აქ გამოდიოდა მათი გაზეთები „საქართველო“ და „La Georgie“. იმავე წელს წერეთელმა მონაწილეობა მიიღო რუსეთის იმპერიის რევოლუციური ჯგუფების ინტერპარტიულ კონფერენციაში, რომელიც გაიმართა პარიზში. 1905 წელს იბრძოდა ქუთაისელ ანარქისტებთან ერთად, მაგრამ შემდეგ გამოეთიშა ძმები გოგელიების ჯგუფს.

 
მიხეილ წერეთელი ჟანდარმის ბარათზე 1913 წ.

1907 წელს მ. წერეთელი საქართველოში დაბრუნდა. ამ დროს ის უკვე ნაციონალისტურ პოზიციებზე იდგა. იმავე წლის 30 აგვისტოს მოკლეს ილია ჭავჭავაძე. გაზეთის „ისარი“ 1907 წლის 2 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდა მ. წერეთლის ცნობილი წერილი „კაცია ადამიანი?!“.ილიას დაკრძალვაზე წარმოთქვა ცნობილი სიტყვა, რომელიც სტატიის სახით იმავე წლის დამლევს გამოქვეყნდა მემორიალურ კრებულში „ილია ჭავჭავაძის სიკვდილი და დასაფლავება“. საქართველოში წერეთლი თანამშრომლობდა „სახალხო გაზეთში“.

1910 წელს თბილისში გამოიცა წერეთლის მნიშვნელოვანი სოციოლოგიური გამოკვლევა „ერი და კაცობრიობა“, რომელიც პირველი ქართული სოციოლოგიური მონოგრაფია იყო. 1910 წელს წერეთელი კავკასიიდან 5 წლით გაასახლეს. იმავე წელს იგი სიტყვით გამოვიდა ლონდონის ჩაგრულ ერთა ყრილობაზე. 1914 წელს მიხეილ წერეთელმა მოიპოვა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი ასირიოლოგიაში. სადისერტაციო ნაშრომი იმავე წელს ცალკე წიგნად გამოიცა ხსენებული უნივერსიტეტის მიერ. 1912 წელს მან გამოაქვეყნა თავისი ცნობილი გამოკვლევა „სუმერული და ქართული“, რომელიც მოგვიანებით გამოქვეყნდა ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. იმავე წელს ფრანგულ ენაზე გამოიცა მისი წიგნი კავკასიის ეთნიკური და კულტურული განვითარების საკვანძო საკითხების შესახებ. 1913-1916 წლებში დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამეფო სააზიო საზოგადოების შრომების რამდენიმე ნომერში გამოქვეყნდა წერეთლის ნაშრომი „სუმერელები და ქართველები“. არჩეული იყო აღნიშნული საზოგადოების ნამდვილ წევრად.

1913 წელს ხელისუფლების ნებართვით დროებით დაბრუნდა საქართველოში. პირველი მსოფლიო ომის წლებში მიხეილ წერეთელი იყო გერმანიაში მოქმედი ორგანიზაციის - „საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი. იბრძოდა ანტანტის წინააღმდეგ და ცდილობდა გერმანიის მეშვეობით საქართველოს გათავისუფლებას. 1915 წელს ფრანგულ და გერმანულ ენებზე გამოაქვეყნა ნარკვევი „საქართველო და დღევანდელი ომი“. 1916 წელს იგი მონაწილეობდა ლოზანაში გამართულ ჩაგრულ ერთა ყრილობაში, სადაც სიტყვა წარმოთქვა ანტანტას პოლიტიკის წინააღმდეგ. ომის დროს ის წყალქვეშა ნავით ჩავიდა საქართველოში, სადაც იარაღი და ფული ჩაიტანა. შეხვდა ადგილზე ყველაზე გავლენიან პოლიტიკოს ნოე ჟორდანიას. 1917 წელს შვეიცარიაში გამოსცა დოკუმენტი „საქართველოს დამოუკიდებლობის უფლებანი“.

1918-1919 წლებში იგი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელი გერმანიაში და სკანდინავიის ქვეყნებში. 1919-1920 წლებში მიხეილ წერეთელი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ასირიოლოგიასა და ძველი აღმოსავლეთის ისტორიაში. 1921 წლის თებერვალ-მარტში ბოლშევიკურმა რუსეთმა მოახდინა საქართველოს ოკუპაცია. მ. წერეთელი იძულებული იყო სამუდამოდ დაეტოვებინა სამშობლო. 1922-1945 წლებში იგი იყო ჯერ ბრიუსელის უნივერსიტეტის (1922-1933), შემდეგ კი ბერლინის ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტის (1933-1945) პროფესორი. 1920-იანი წლების პირველ ნახევარში სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა სავანესთან არსებულმა გამომცემლობამ გამოსცა წერეთლის მიერ ნათარგმნი „გილგამეშიანი“ და მისი მონოგრაფიული გამოკვლევა „ხეთის ქვეყანა“.

1926 წლიდან 1940-იანი წლების დამლევამდე იგი იყო ქართული პატრიოტული პოლიტიკური ორგანიზაციის „თეთრი გიორგი“-ს ერთ-ერთი ლიდერი. 1929 წელს ჰაიდელბერგის უნივერსიტეტმა გერმანულ ენაზე გამოსცა წერეთლის მონოგრაფია „ახლადაღმოჩენილი ქალდეური წარწერები“. 1933-1953 წლებში საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის „რევიუ დ'ასირიოლოჟი“ (ბელგია) ნომრებში გამოქვეყნდა მისი სტატიების სერია ურარტუს ისტორიის საკითხებზე. მ. წერეთელი არჩეული იყო ამ ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრად. 1933 წელს ბერლინში გამოიცა სულხან-საბა ორბელიანის ცნობილი თხზულების „სიბრძნე სიცრუისა“ მიხეილ წერეთლისეული გერმანული თარგმანი.

მეორე მსოფლიო ომის წლებში წერეთელი იყო გერმანიაში მოქმედი „ქართული სამოკავშირეო კომიტეტი“-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ამ კომიტეტის ძალისხმევით გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკებიდან გათავისუფლდა ასობით ქართველი სამხედრო ტყვე. გარდა ამისა, 1942 წელს იგი იყო ერთ-ერთი მოთავე ქართული პატრიოტული პოლიტიკური ორგანიზაციის „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი“ -ს დაფუძნებისა.

წერეთელი აქტიურად მოღვაწეობდა რუსთველოლოგიის დარგში. 1963 წელს პარიზში გამოიცა „ვეფხისტყაოსნის“ მის მიერ აღდგენილი და დადგენილი ტექსტი, ხოლო 1975 წელს პოემის წერეთლისეული გერმანული პროზაული თარგმანი.

1945 წლიდან იგი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მიუნხენში. მას ბრიუსელის უნივერსიტეტის პროფესორობა შესთავაზეს, მაგრამ წერეთელს ამ დროს პოლიტიკური პრობლემებისადმი მეტ ინტერესს იჩენდა, ვიდრე ლურსმული დამწერლობისა და იეროგლიფებისადმი. მიხეილ წერეთელი იყო ქართული ემიგრანტული პერიოდული პრესის აქტიური თანამშრომელი. მისი უშუალო მონაწილეობით პარიზში დაარსდა სამეცნიერო ჟურნალი „ბედი ქართლისა“, რომელშიც გამოქვეყნებულია მ. წერეთლის არაერთი საყურადღებო წერილი. გარდა ამისა, მისი სტატიები ქვეყნდებოდა ინგლისურენოვანი სამეცნიერო ჟურნალის „Georgica“ (ლონდონი) ფურცლებზე. იგი გარდაიცვალა 87 წლის ასაკში. დაკრძალულია საფრანგეთში, ლევილის სასაფლაოზე.

2012 წელს ვასილ და მიხეილ წერეთლების სახელი მიენიჭა ქუჩას ქალაქ ჭიათურაში. 2013 წელს მიენიჭა ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.[1]

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: