მაჩაბლები — ფეოდალური საგვარეულო ქართლში, მსხვილი სათავადოს — სამაჩაბლოს მფლობელები. სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმული მოსაზრება მაჩაბლების ანჩაბაძეთაგან წარმომავლობის შესახებ არ უნდა იყოს სწორი. სხვა თვალსაზრისით, მაჩაბლებთა წინაპრები უნდა ყოფილიყვნენ აზნაური თავხელისძენი. ამას ადასტურებს თირის მონასტერზე არსებული წარწერა, სადაც მოხსენიებულია პირი მაჩაბელ თავხელისძე (თავხელიძე). გვარი მაჩაბლები წარმოშობილია სახელი მაჩაბლისაგან, რომელიც მომდინარეობს აჩაბეთიდან. მაჩაბლების დაწინაურება XV საუკუნიდან დაიწყო. შემდეგ მაჩაბლების გვარი თავადურ სახლებად დაიყო: ზაალიშვილებად, გიორგიშვილებად, რევაზიშვილებად, ბორტიშვილებად. პირველი მათგანი ქართლის სამეფოს ერთ-ერთი დიდებული თავადი იყო, ხოლო სხვები მეორე და მესამე ხარისხის თავადებად ითვლებოდნენ. მაჩაბლების ერთი შტო ახალციხეში გადასულა. მაჩაბლები ქართლის სამეფოს თვალსაჩინო პოლიტიკური, სამხედროსა და კულტურის მოღვაწენი იყვნენ. მათ მოლარეთუხუცესის, უზბაშის, მინბაშის და სხვა თანამდებობები ეკავათ.

მაჩაბლების გერბი
მაჩაბელ თავხელისძე — მაჩაბლების დადასტურებული მამათავარი (თირის მონასტრის წარწერა)

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ანდღულაძე ნ., თირის მონასტრის ხუროთმოძღვრული ანსამბლი, თბ., 1976;
  • ლეონიძე გ., ივანე მაჩაბელი, «მნათობი», 1924, №2, 3;
  • ჯანაშია ს., ბარათაშვილთა გენეალოგიისათვის, შრომები, ტ. 2, თბ., 1952;