სამაჩაბლო
სამაჩაბლო — ფეოდალური საქართველოს ერთ-ერთი სათავადო. წარმოიშვა XV საუკუნის დასაწყისში მდინარე ლიახვის შუა და ზემო წელზე, ისტორიულ აჩაბეთის ხევში. სახელწოდება მომდინარეობს თავად მაჩაბელთა გვარიდან, რომელთა წინაპრები იყვნენ აზნაური თავხელიძეები (სხვა თვალსაზრისით, ანჩაბაძეები). სამაჩაბლოს რეზიდენცია იყო აჩაბეთი, ხოლო საგვარეულო საძვალე-სამარხი — თირის მონასტერი და საბაწმინდა. ეკლესიურად ექვემდებარებოდა ნიქოზის საეპისკოპოსოს. სამაჩაბლოს სამხრეთი ნაწილის ეკონომიკა ეყრდნობოდა სარწყავ მიწათმოქმედებას. ხეობის ზემო წელზე მისდევდნენ მემინდვრეობას (ითესებოდა ქერი), განვითარებული იყო მესაქონლეობა. სამაჩაბლოს ჩამოყალიბება და ტერიტორიული გაფართოება დაკავშირებული იყო მეფის ხელისუფლების წინააღმდეგობის დაძლევასთან. სამაჩაბლოს აღმოსავლეთით ესაზღვრებოდა ქსნის საერისთავო, სამხრეთიდან ფავლენიშვილთა და ამილახვართა მამულები, სამხრეთ-დასავლეთით საყაფლანიშვილო, ჩრდილო-დასავლეთით — რაჭის საერისთავო. ჩრდილოეთით მაჩაბელთა ძალაუფლება დვალეთამდე აღწევდა. XV საუკუნეში მაჩაბელთა მებეგრეა დვალეთის ერთ-ერთი ხეობის — ჟღელეს — სოფლები, ხოლო XVII დამლევს — ზროგოს ხეობის სოფლები. სამაჩაბლო გაუქმდა 1850 წელს, როდესაც მაჩაბლებსა და ყმა ოსებს შორის გამწვავებული კლასობრივი ბრძოლის გამო სენატის დადგენილებით მაჩაბელთა 2000 კომლი ყმა სახაზინო უწყებას გადაეცა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ანდღულაძე ნ., თირის მონასტრის ხუროთმოძღვრული ანსამბლი, თბ., 1976;
- გვალასია ჯ., აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ნარკვევები, თბ., 1983;
- ჯანაშია ს., ბარათაშვილთა გენეოლოგიისათვის, შრომები, ტ. 2, თბ., 1952;
- გვასალია ჯ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 709.