ჟღელეს ხეობა
ჟღელეს ხეობა — ისტორიული დვალეთის, უკიდურესი დასავლეთი ხეობა.
საგულისხმოა, რომ „ჟღელეს ხეობა“ — სახელწოდება გვხვდება რაჭულ ფოლკლორსა[1][2] და ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში. ამ სახელწოდებამ XIX საუკუნემდე მოატანა; ის რუსულშიც გადავიდა და ერთხან ოფიციალურ რუსულ საბუთებშიც გამოიყენებოდა жгельское ущелье ფორმით. ამჟამად კი ეს ხეობა რუსულ და ოსურ ენებზე იწოდება მამისონის ხეობად (Мамисонское ущелье, Мамисон-ком). ხეობის წყლის ქართული სახელწოდებაა „ჟღელეს წყალი“, ხოლო რუსულად და ოსურად მას უწოდებენ Мамисон-дон.
გეოგრაფია
რედაქტირებაჟღელეს-წყალის მარცხენა ნაპირის მთები საკმაოდ დამრეცია და თვით ნაპირიც იმდენად ფართო დავაკებას წარმოადგენს, თუმც ალაგ-ალაგ ბორცვნარია, წყლის გაყოლებით ხეობაში ახლო-ახლო მდგარი მრავალი სოფელი და ნასოფლარია.
თავის ზემო ნაწილში ხეობა მამისონის უღელტეხილს აღწევს, ხოლო ქვემო ნაწილში — სოფელ ქვემო ზრამაგას. ამ ხეობის მთელ სიგრძეზე (21-23 კმ.) მიიმართება ე.წ. ოსეთის სამხედრო გზა, რომელიც ბოლოს მამისონის უღელტეხილით გადადის რაჭაში. ამრიგად, ჟღელეს ხეობა ახლოა რაჭასთან და XIX საუკუნეში გაყვანილი გზაც რომ არ იყოს, მაინც შედარებით ადვილსავალი გზით, უღელტეხილით არის მასთან დაკავშირებული.
ვახუშტი ბატონიშვილი ძველ ჟღელეს ხეობას ასე აღგვიღწერს:
„ხოლო ამ კასრის-კარს ზეით მოერთვის, ქვემოზარმაგას, ჟღელის ჴეობის წყალი დასავლეთიდამ. გამოსდის კედელის კავკასს, მოდის სამჴრიდამ ჩრდილოთ. ამ წყალს მოერთვიან აღმოსავლიდამ და დასავლეთიდამ ჴევნი მცირენი. და ჟღელესა და გლოლას შორისს კავკასზედ ამ ჴევებიდამ გარდავლენან გზანი გლოლას. ამის მდინარის სათავიდამ გარდავალს გზა კედელის კავკასსა ზედა კუდაროსს, და რაჭას და ქართლს. და არს ჴეობა ესე შენობიან-დაბნებიანი. აქა არს ქალაქას დაბას წყარო დიდი, რომელი ჟამ რაოდენმე დის და ჟამ რაოდენმე დადგების, და არღარა გამოსდის, ხოლო მერმე კვალად გამომდინარდების, და კვალად დადგების. ხოლო განიყოფის ჴეობა ესე: აღმოსავლეთიდამ, ზეკარიდამ ჩამოსულის მაღლის მთით ქვემო-ზრამაგამდე, ჟღელე-ზღამაგას შორისითა, სამჴრიდამ ჩრდილოთ კერძოდ მდებარითა, და სამჴრით ზეკარა-კედლის კავკასითა; დასავლით ამასა და გლოლას შორისით კავკასითა, კვალად კედლის კავკასითა. ჩრდილოთ, ამასა და გლოლას შორისით კავკასიდამ ჩამოსულის მთით, რომელი შეჰკრავს კასრისკარსა[3].“
|
ისტორია
რედაქტირებაარსებობს რიგი ისტორიული მოწმობა იმაზე, რომ დვალეთი შუა საუკუნეებში მეტწილად ქართლის თუ საქართველოს პოლიტიკურ საზღვრებში შედიოდა და კულტურულ-ეკონომიურად პირველ რიგში ქართლთან იყო დაკავშირებული, ხოლო გვიან შუა საუკუნეებში დვალეთის დასავლეთ კუთხეს (ჟღალეთის ხეობას) იჩემებდნენ იმერეთის მეფე და რაჭის ერისთავი[4].
ქართულ საისტორიო წყაროებში (ს. ჩხეიძე, ვახუშტი) არის ცნობა 1711 წელს დვალეთში და კერძოდ ჟღელეს ხეობაში, წარმატებით ლაშქრობაზე.
1772 წლის 7 ივლისს კუდაროზე გავლისას ი. ა. გულდენტშტენდმა თავის დღიურში აღნიშნა: „კუდარო წონასთან ერთად დარბეულ იქნა ამ სამი წლის წინათ იმერეთის თავადებისაგან; ამიტომ ყველა საბრძოლო კოშკი ნახევრად დანგრეული იყო. ის (კუდარო) ეკუთვნის ოსურ თემს დვალეთს... თავადი... ჯაფარიძე რაჭის ერისთავათან ერთად იჩემებენ ბატონობას ორივე ოსურ თემზე, დვალეთზე და მაფსუანზე (მამისონი)“.
ხეობის აღწერა
რედაქტირებაჟღელეს ხეობაზე გაუვლია თავის 1869-1871 წლებში მოგზაურობის დროს ცნობილ კავკასიელ მოგზაურს ვ. პფაფს. თავის მოგზაურობის აღწერილობებში მას მოჰყავს რიგი საყურადღებო ცნობები და შენიშნავს: «Мамисонский-дон принимает в себя многочисленные горные потоки. Замечательно, что часть этих потоков, как некоторые аулы, носят грузинские названия. Из этого можно заключить, что осетины, обитающие в этом ущельи, смещались с грузинами»[5].
«Жители (Мамисонского ущелья) по типу, очевидно, смещались с грузинами или имеретинами и речки большею часть носят грузинские названия»[6].
არაერთი ქართული წარწერაა აღმოჩენილი ძღელეს ხეობაში, კერძოდ სოფელ ქალაქაში. ქართული დამწერლობის ძეგლებზე დეტალურად დაწერა ჯერ საკანდიდატო დისერტაცია[7] ხოლო შემდეგ პატარა წიგნი[8] ბ. ბიგულაევმა. ის აღნშნავდა, რომ «Надписи на грузинском алфавите обнаружены на стенах развалин древнего храма и на могильных камнях древнего кладбища в селе Калак».
სოფელ თლისთან არსებული ეკლესიის ნანგრევები შეისწავლა ხელოვნებათმცოდნემ ვ. დოლიძემ. მან დაწვრილებით აღწერა[9] და გარკვეულად დაადგინა ამ ეკლესიის კუთვნილება XI საუკუნის დასაწყისის ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლთა რიგისადმი.
ჟღელეს ხეობის აყოლებით, სოფელ თლის ზევით 7 კმ-ში არის პატარა დასახლებული პუნქტი — ქამსხო. ადგილობრივებრივთა ცნობით დასახლება ქამსხოს რევოლუციამდე ერქვა მუგრავოვ (მორავოვ), რომელიც წარმოადგენდა მოურავაშვილების გვარის სამოსახლო ადგილს. დასახლებულ ადგილას დგას მუგრავოვთა საგვარეულო ციხე-კოშკი. კოშკი სამსართულიანია და თავისი არქიტექტურით განსხვავდება ოსური ტიპური საგვარეულო კოშკებისაგან.
ამ კოშკის ახლო აშენებული სახლის პირველ სართულის წინა კედელში ჩატანებულ ერთ მოზრდილ ქვაზე (1,05Х0,32 მ.), ამოკაწვრით შესრულებულია დაქარაგმებული ქართული მხედრული წარწერა.
სოფელ ქამსხოს ზემოთ 1 კმ-ში არის სოფელი „ქალაქი“ (Калаки). სახელწოდება ქალაქი კავკასიონის მთავარ ქედზე ბევრ ადგილას გვხვდება, სახელდობრ:
- ისტორიულ დიდოეთში, კახეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სოფელი თლიადალი (რუს. Тлядал) ცნობილია მეორე სახეითაც „ქალაქი“. ისტორიულ-გეოგრაფიულ ლიტერატურაში ის არაერთხელ მოხსენიებულა სახელით «Калаки».
- ხადას ხეობაში ცნობილია ნასოფლარი „ქალაქეთი“.
- მაღრანდვალეთში სოფლე ედესის მისადგომებთან არის ნასოფლარი „ქალაქა“ (Калак).
- ზემო რაჭაში სოფლე გლოლასთან გორაკზე არის ნასოფლარი „ზედქალაქის“ სახელწოდებით.
- მდინარე ქსნის აუზის ზემო ნაწილში, ჭურთის ხეობაში XVIII საუკუნეში დამოწმებულია სოფელი „ქალაქი“.
სოფელ ქალაქის ახლოს არის ეკლესია ძილეს-ძუარი, სადაც ადრე ეკლესია იდგა. ამასვე ადასტურებს ჩრდ. ოსეთის ასსრ კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის განყოფილების მიერ აღნუსხულ ძეგლთა სიაც, სადაც სოფლის მახლობლად მოხსენიებულია «Остатки здания древней церкви».
ლიტერატურა
რედაქტირება- ვ. გამრეკელლი, „ისტორიული მასალები დვალეთიდან“, ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახ. მუზეუმის მოამბე, XXIV, თბ., 1963
სქოლიო
რედაქტირება- ↑ შ. ძიძიგური, „ძიებანი ქართული დიალექტოლოგიიდან“, თბ., 1954, გვ. 251
- ↑ ვ. კოტეტიშვილი, „ხალხური პოეზია“, ქუთ. 1934, გვ. 81
- ↑ ვახუშტი, „საქართველოს გეოგრაფია“, ტფილისი, 1904 წ., გვ. 189-190
- ↑ В. Гамрекели, «Двалы и Двалетия I-XV вв»., Тб., 1961
- ↑ В. Пфафф, «Путешествия по ущельям Сев. Осетии», ССОК, т. I, Тиф., 1871, ст. 144
- ↑ В. Пфафф, «Описание путешествия в Южную Осетию, Рачу, Большую Кабарду и Дигорию», ССОК, т. II, Тиф., 1872, ст. 163
- ↑ Б. Б. Бигулаев, «История Осетинского письма», Афтореферат... Дзауджикау (Орджоникидзе), 1950, ст. 6, 9
- ↑ Б. Б. Бигулаев, «Краткая история Осетинского письма», Дзауджикау (Орджоникидзе), 1952, ст. 12-13
- ↑ ვ. დოლიძე, „თლის ხუროთმოძღვრული ძეგლი — საქართველოსა და დვალეთის კულტურული ურთიერთობის ახალი საბუთი“, სსსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ. XXI, №6, 1958