ამქართა აჯანყება თბილისში

ამქართა აჯანყება თბილისში 1865, თბილისის ამქრების, წვრილი ხელოსნებისა და ვაჭრების გამოსვლა ახალი, დამატებითი გადასახადების წინააღმდეგ. მღელვარების საბაბი გახდა ქალაქის თავის შერმაზან ვართანოვის განკარგულება გადასახადების აკრეფის შესახებ. ამქრებმა ჯერ მშვიდობიანი მოლაპარაკება სცადეს - მეფისნაცვალს განცხადება წარუდგინეს და გადასახადებისაგან განთავისეუფლება სთხოვეს, მაგრამ ამით ვერაფერს გახდნენ. მაშინ 27 ივნისს დილიდან დაიხურა ყველა დუქანი, ათი ათასამდე კაცმა - ხელოსნებმა, მეეტლეებმა, თულუხჩებმა, მეფორნეებმა, შავმა მუშებმა, მემწვანილეებმა და, საერთოდ, ქალაქის ღარიბმა მოსახლეობამ თავი მოიყარა ერევნის (ახლანდელი თავისუფლების) მოედანზე და იერიში მიიტანა საპოლიციო სამმართველოზე.

უსტაბაშებმა (ამქართა წინამძღოლებმა) ხალხს სახლში დაბრუნებისკენ მოუწოდეს. მეფისნაცვლის მოვალეობის აღმასრულებელმა გრიგოლ ორბელიანმა და სამოქალაქო გუბერნატორმა ნიკოლოზ ჭავჭავაძემ სცადეს ხალხის დაშოშმინება, მაგრამ უშედეგოდ. ხალხმა აიკლო ქალაქის თავის ბინა, მოკლა გადასახადების ამკრები მელიქოვი. აჯანყებულთა წინააღმდეგ მთავრობამ ჯარი გამოიყვანა და მღელვარება ჩაახშო. რამდენიმე კაცი მოკლეს და დაჭრეს. 80 კაცი სასამართლოს გადასცეს, მათგან 10-ს ციმბირში გადასახლება მიუსაჯეს, 32-ს - სხვადასხვა ვადით პატიმრობა. ამქართა აჯანყება ამქრული წარმოების უკანასკნელი შებრძოლება იყო მსხვილ კაპიტალთან.

ლიტერატურა

რედაქტირება