კახეთის აჯანყება (1812)
კახეთის აჯანყება (1812) ― კახეთის გლეხთა აჯანყება რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ. მიმდინარეობდა 1812―1813 წლებში.
აჯანყების მიზეზი გახდა სამხედრო ეგზეკუციის ჩაყენება გლეხებისგან პურის შესაგროვებლად უკიდურესად დაბალ ფასში. ამას თან დაერთო ორწლიანი მოუსავლიანობა. სიღნაღის მაზრის გლეხობას 40 ათასი კოდი ხორბლის გადახდა დაეკისრა, მთავრობა კოდ პურში იძლეოდა 6 აბაზს, როცა მისი საბაზრო ღირებულება 5―6 მანეთს აღემატებოდა. მოსახლეობამ უარი თქვა ხორბლის ასეთ ფასად გაყიდვაზე. სოფლებში ეგზეკუცია ჩააყენეს.
აჯანყება დაიწყო 1812 წლის 31 იანვარს სოფელ ახმეტაში და მოედო მთელ კახეთს. მეთაურები იყვნენ ოთარ ქობულაშვილი, ნინია ანდრონიკაშვილი, სიმონ და ადამ ბებურიშვილები, ივანე მაყაშვილი. აჯანყება თავიდან წარმატებული იყო, გლეხებმა მოკლეს 16 ოფიცერი, 300 სამხედრო, ხელთ იგდეს ტყვეები და სამხედრო ალაფი. აჯანყებულებმა დაიკავეს თელავი, სიღნაღი, გაიმარჯვეს ბრძოლაში ბოდბისხევთან, სადაც 2 ოფიცერი და 212 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. კახეთის სამხედრო ოლქის უფროსი გენერალი პორტნიაგინი, რომელიც საგარეჯოსთან ოთარ ქობულაშვილმა დაამარცხა, თბილისში გაიქცა. აჯანყებას მხარი დაუჭირეს მეზობელ ანანურის მაზრაში. ფშავ-ხევსურთა ათასკაციანმა რაზმმა იოსებ სიდამონიშვილის წინამძღოლობით აიღო დუშეთი, ფასანაური, ალყა შემოარტყა ანანურს და დაკეტა საქართველოს სამხედრო გზა. აჯანყებულებმა მეფედ გამოაცხადეს გრიგოლ ბაგრატიონი.
საქართველოს მთავარმართებელი ფილიპ პაულუჩი, რომელიც რუსეთ-ირანის ომის ფრონტზე იმყოფებოდა, თბილისში დაბრუნდა და არტილერიით კახეთისკენ დაიძრა. რუსეთს მხარი დაუჭირეს თავადებმა გაბრიელ ყაზბეგმა, კონსტანტინე მუხრანბატონმა, იოსებ ბებუთაშვილმა, ნინია ერასტიშვილმა, არქიმანდრიტმა ელეფთერ ზუკაკიშვილმა. პაულუჩმა გაიარა ხაშმი, მანავი, კაკაბეთი, ქიზიყი და დაიძრა თელავისკენ. 1812 წლის მარტში ჩუმლაყის ბრძოლაში აჯანყებულები დამარცხდნენ. გრიგოლ ბაგრატიონი დაღესტანში გაიქცა. მეთაურის გარეშე დარჩენილმა მეამბოხეებმა თელავი დათმეს. პაულუჩმა ცვლილებები შეიტანა მმართველობაში, გააუქმა კაპიტან-ისპრავნიკების თანამდებობა და აღადგინა მოურავობა, აკრძალა ეგზეკუციები, გაზარდა თავადაზნაურთა სამაზრო წინამძღოლების როლი, სამოქალაქო საქმეების წარმოება დაიწყო ქართული სამართლით.
1812 წლის ზაფხულში აჯანყებას სათავეში ჩაუდგა ალექსანდრე ბატონიშვილი. ის ირანიდან ფარულად დაბრუნდა საქართველოში და თიანეთში დაბანაკდა 100-კაციანი რაზმით. ალავერდობაზე იგეგმებოდა მისი მეფედ კურთხევა, მაგრამ იმპერიის ადმინისტრაციამ ეს აღკვეთა. 26 ნოემბერს მანავთან გამართულ ბრძოლაში აჯანყებულები დამარცხდნენ. ალექსანდრე ბატონიშვილმა თავი ხევსურეთს შეაფარა. ზამთარში ხევსურეთზე შეტევა რუსეთის ჯარმა ვერ გაბედა, მაგრამ მომდევნო წლის მაისში 3-ათასიანმა შენაერთმა აიღო ბარისახო, შატილი და ოცამდე სხვა სოფელი. ალექსანდრე ბატონიშვილი დაღესტანში გაიქცა.
აჯანყება 1813 წლის ზაფხულში დასრულდა. 80-ზე მეტი თავადაზნაური გადაასახლეს, ხოლო მათი მამულები ხაზინას გადაეცა. გლეხობას შეეწერა კონტრიბუცია კომლზე 4 კოდი და 3 მანეთი
ლიტერატურა
რედაქტირება- აბაშიძე ზ., ბახტაძე მ, ჯანელიძე ო., „საქართველო და ქართველები“, თბილისი, 2013. — გვ. 456-461, ISBN 978-9941-0-5498-3.