სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ყაზბეგი.

გაბრიელ ყაზიბეგის ძე ყაზბეგი (ყაზიბეგიშვილი, ნამდვილი გვარი — ჩოფიკაშვილი; დ. დაახლ. 1760 — გ. 10 მარტი, 1817, სტეფანწმინდა; დაკრძალულია იქვე, საგვარეულო ეკლესიის ეზოში) — ქართველი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, ხევის მმართველი. მწერალ ალექსანდრე ყაზბეგის პაპა.

სტეფანწმინდის მოურავის ყაზიბეგ ჩოფიკაშვილის ძე. მამის გარდაცვალების შემდეგ, 1788 წელს ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-მ სტეფანწმინდის მოურავად გაბრიელი დანიშნა; შემდეგ აზნაურობაც ებოძა. მასვე ევალებოდა დარიალის ხეობის დაცვა და რუსეთთან დამაკავშირებელი გზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. გაბრიელ ჩოფიკაშვილი განსაკუთრებით დაწინაურდა რუსეთის მიერ ქართლ-კახეთის ანექსიის (1801) შემდეგ. რუსეთის ჯარის საქართველოში გადაადგილების მხარდაჭერისთვის მოურავი (რუსული დოკუმენტებით — კაპიტან-ისპრავნიკი გაბრიელ კაზიბეკოვი) ოქროს მედლით (იმპერატორ ალექსანდრე I-ის გამოსახულებით ცისფერ ბაბთაზე) დააჯილდოვეს, 1803 წელს კი მაიორის წოდება მიანიჭეს. ამავე პერიოდში გაბრიელმა გვარად „ყაზბეგი“ აირჩია. რუსეთის წარმომადგენლები მისივე გვარსახელის მიხედვით ყაზბეგს უწოდებდნენ სოფელ სტეფანწმინდასაც. ხევში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, მაგრამ 1804 წელს აჯანყებულმა მთიულებმა მისი გადაბირება ვერ შეძლეს და გაბრიელ ყაზბეგი ბოლომდე რუსეთის ერთგული დარჩა როგორც 1804 წლის გამოსვლების, ასევე 1812 წლის კახეთის აჯანყების დროს. მისი ორივე ვაჟი — მიხეილი და ნიკოლოზი რუსეთის არმიაში მსახურობდნენ. გაბრიელ ყაზბეგი არის მისი შვილიშვილის, ალექსანდრე ყაზბეგის რომან „ელგუჯას“ ერთ-ერთი პერსონაჟის — სვიმონ ჩოფიკაშვილის პროტოტიპი.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ხევი / სერგი მაკალათია. ტფილისი : სასწავლო-პედაგოგიური სექტორი, 1934;
  • მასალები ალექსანდრე ყაზბეგის ბიოგრაფიისათვის : ყაზბეგების საგვარეულოს მოღვაწენი / ვანო შადური ; რედაქტორი: ს. ჯორბენაძე ; თბილისი : თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა , 1985; გვ. 19-27.