სტეფანწმინდა

დაბა საქართველოში

სტეფანწმინდა (ყოფილი ყაზბეგი) — დაბა საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. დაბაში არის ადმინისტრაციული, კულტურის, განათლების და ჯანდაცვის დაწესებულებები, მცირე საწარმოები, სასტუმროები.

დაბა
სტეფანწმინდა

სტეფანწმინდის ხედი გერგეთის სამებიდან
დეა მუსხელიშვილის ფოტო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°39′30″ ჩ. გ. 44°38′40″ ა. გ. / 42.65833° ჩ. გ. 44.64444° ა. გ. / 42.65833; 44.64444
ადრეული სახელები ყაზბეგი
ამჟამინდელი სტატუსი 1966
ცენტრის სიმაღლე 1750
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1326[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,5 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 345[2]
საფოსტო ინდექსი 4700[3]
ოფიციალური საიტი https://kazbegi.gov.ge/
სტეფანწმინდა — საქართველო
სტეფანწმინდა
სტეფანწმინდა — მცხეთა-მთიანეთის მხარე
სტეფანწმინდა
სტეფანწმინდა — ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
სტეფანწმინდა

გეოგრაფია

რედაქტირება

მდებარეობს მდინარე თერგის ხეობაში, მყინვარწვერის ძირში, ზღვის დონიდან 1750 მეტრზე. თბილისიდან 157 კმ., ვლადიკავკაზიდან 46 კმ.

სტეფანწმინდაში ზომიერად ნოტიო ჰავაა. იცის შედარებით მშრალი, ცივი ზამთარი და ხანგრძლივი გრილი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 4,9 °C, იანვრის — 5,2 °C, ივლისის — 14,4 °C. აბსოლუტური მინიმუმი — -34 °C, აბსოლუტური მაქსიმუმი — 34 °C. ნალექების წლიური რაოდენობაა 790 მმ.

დაბიდან 2 კილომეტრში მოედინება სამკურნალო და სუფრის მინერალური წყალი ყაზბეგი, რომელიც სასარგებლოა საჭმლის მომნელებელ ორგანოთა დაავადების დროს.

 
სტეფანწმინდა და მყინვარწვერი 1890-იან წლებში.

სტეფანწმინდის მიდამოები ჯერ კიდევ ძვ.წ. VI-V საუკუნეებში იყო დასახლებული, რასაც მოწმობს 1877 წელს ყაზბეგთან აღმოჩენილი ყაზბეგის განძი. ესაა დაახლოებით 200 ნივთი, რომლის შემადგენლობაში იყო აქემენიდური ხელოვნების ნიმუშები. ყაზბეგის განძი კავკასიის ძველი ტომების რელიგიურ კულტს უკავშირდება. განძის დიდი ნაწილი მოსკოვის ისტორიულ მუზეუმში ინახება, მცირე ნაწილი – სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

სტეფანწმინდა გაშენებული იყო მდინარე თერგის მარჯვენა მხარეს, ხოლო მარცხენა მხარეს მდებარეობდა სოფელი გერგეტი. XVIII საუკუნეში სტეფანწმინდა იყო ხევის ოთხი სამოურავოდან ერთ-ერთის ცენტრი. დაბის სტატუსი მიენიჭა 1966 წელს და მას შეუერთდა სოფელი გერგეტი. შეიქმნა ყაზბეგის სადაბო საბჭო, რომელშიც ასევე შევიდა სოფლები გველეთი და ცდო. საბჭოთა პერიოდში ყაზბეგში მოქმედებდა მეცხოველეობის კოლმეურნეობა, სტამბა, სამრეწველო კომბინატი, ბოტანიკის ინსტიტუტის მაღალმთის სტაციონარი.

2006 წელს დაბა ყაზბეგს დაუბრუნდა მისი ყოფილი სახელი[4]. 2011 წელს დაიწყო ჰიდროელექტროსადგურ „ლარსი ჰესის“ მშენებლობა. ჰესის დადგმული სიმძლავრე 19 მგვტ-ია, ხოლო წლიური გამომუშავება 100 მლნ კვტ/საათს შეადგენს. ჰესი დერივაციული ტიპისაა და ექსპლუატაციაში 2014 წელს შევიდა.

ხალხური გადმოცემის მიხედვით თავდაპირველად ხალხი ყუროს გავაკებაზე ცხოვრობდა. ვინმე ღრუბელა ფიცხელაური დაქვრივების შემდეგ ბერობას შედგომია სტეფანეს სახელით. ის ჯერ ბეთლემის, შემდეგ კი ყუროს გამოქვაბულში მოღვაწეობდა. აქ ხალხმა მისთვის ააშენა „წითელი ეკლესია“. ერთ დღე ყუროდან ტალახის ნიაღვარი წამოსულა. სტეფანე ბერს ზარების რეკვით გაუფრთხილებია ხალხი, რომელსაც გახიზვნა მოუსწრია. მოვარდნილმა ტალახმა სოფელი წალეკა. ხალხმა ახალი დასახლება გააშენა და ბერის პატივსაცემად სტეფანწმინდა დაარქვა.[5]

მოსახლეობა

რედაქტირება
აღწერის წელი მოსახლეობა
2002 1820[6]
2014 1326[1]  

ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება
 
გერგეტის სამება

სტეფანწმინდაში დაცულია ალექსანდრე ყაზბეგის მამისეული ორსართულიანი სახლი (ამჟამად მხარეთმცოდნეობის მუზეუმი) და კარის ეკლესია. სახლის წინ მწერლის საფლავია, დგას ბიუსტი. დაბის ცენტრში აღმართულია მისივე მონუმენტი (ბრინჯაო, 1959, მოქანდაკე ი. ოჩიაური, არქ. ი. ლეჟავა).

გერგეტის უბანში შემონახულია ფეოდალური ხანის ქვის დაბალი და მასიური სახლები. აქვეა XVII-XVIII საუკუნეების ორი კოშკი. გერგეტთან ახლოს დგას ოხარეშის წმინდა გიორგის ეკლესია, ნინოწმინდას ნიში და ყველაწმინდას (ქალების) ხატი. სტეფანწმინდიდან სამხრეთ-აღმოსავლეთის მხარეს, მაღალ მთაზე მდებარეობს ქობციხე.

სტეფანწმინდას თავს დაჰყურებს გერგეტის სამების ეკლესია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 27 ივლისი 2016.
  2. საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2011-08-14.
  3. საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
  4. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N14, 2006 წლის 9 იანვარი
  5. ღამბაშიძე ნ., ალავერდაშვილი ქ. (2018). აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ტრადიციული კულტურა. თბილისი: ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, გვ. 91. 
  6. 2002 წლის აღწერის მონაცემები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2012-10-27.