გველეთი (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი)
გველეთი — სოფელი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სტეფანწმინდის თემში. მდებარეობს დარიალის ხეობაში, მდინარე დევდარაკის (თერგის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 1560 მეტრი, სტეფანწმინდიდან 9 კილომეტრი.
სოფელი | |
---|---|
გველეთი | |
გველეთი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
თემი | სტეფანწმინდა |
კოორდინატები | 42°42′41″ ჩ. გ. 44°37′27″ ა. გ. / 42.71139° ჩ. გ. 44.62417° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1560 მ |
მოსახლეობა | 2[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ისტორია
რედაქტირებასოფელში შემორჩენილია ფეოდალური ხანის ციხე, რომელსაც იხსენიებენ ჟამთააღმწერელი (XIV საუკუნე) და „ძეგლი ერისთავთას“ ავტორი (XIV საუკუნე). მონღოლების წინააღმდეგ აჯანყებულმა მეფე დავით VIII-მ 1301 წელს თავი გველეთის ციხეს შეაფარა. 1888 წლის მაისში რუსეთის ხელისუფლებამ გზებზე ყაჩაღობის საბაბით გველეთის ძირითადი მოსახლეობა, 50-მდე ქისტური კომლი, ახალქალაქისა და ახალციხის მაზრებში გადაასახლა.[2]
ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, სოფლის სახელწოდება მომდინარეობს დევდარაკის ხევის ადრინდელი სახელიდან, რომელსაც ადრე გელათის ხევი ერქვა. სოფელი ისტორიული ხევის ერთ-ერთი უძველესი სამოსახლო იყო. მას ჯერ კიდევ ადრინდელ შუა საუკუნეებში ენიჭებოდა დიდი მნიშვნელობა დარიალის ხეობის დაცვაში. ამ დროს განეკუთვნება სათავდაცვო ნაგებობების შემორჩენილი საძირკველი. მაშინ სოფელი სამეფო საკუთრება იყო. გველეთის ციხესიმაგრემ განვითარებულ შუა საუკუნეებში დიდი როლი შეასრულა ქვეყნის მიერ წარმოებულ თავდაცვით ბრძოლებში. როდესაც მონღოლთა დიდმა ყაენმა ყაზანმა ხუტლუბუღა ნოინის მეთაურობით ქართლის მოსაოხრებლად თავისი ჯარი გამოგზავნა, საქართველოს მეფე დავით VIII-მ 1301 წელს გველეთის ციხეს შეაფარა თავი. გველეთზე ორგზის წარუმატებელი ლაშქრობის შემდეგ, მონღოლთა მესამე ლაშქრობა წარმატებით დასრულდა. დავით VIII იძულებული გახდა ჯავახეთისა და ალასტანის სანაცვლოდ გველეთის ციხე მისი ძმისთვის, მონღოლთა ხელშეწყობით გამეფებული ვახტანგისათვის დაეთმო.
გველეთის მოსახლეობა უძველესი დროიდანვე ქართული იყო. 1439 წლის საბუთის მიხედვით, გერგეტელ საყდრისშვილთა მძევლებს შორის გველეთელებიც არიან დასახელებული. XVII-XVIII საუკუნეებში სოფელში ჩამოსახლებულან ინგუშები, რომლებიც შემდეგ რუსეთის მთავრობამ გაასახლა და მხოლოდ ხუთი კომლი დატოვა. ინგუშთა ცხოვრებამ თვისი კვალი დააჩნია ადგილობრივ ტოპონიმიკას. XX საუკუნის 30-იანი წლებისთვის სოფელში ოთხი კომლი ინგუშიღა ცხოვრობდა. 1944 წელს გველეთში სოფელ ცდოდან და ყაზბეგიდან მოხევეთა თხუთმეტი კომლი ჩაასახლეს. გველეთზე გადიოდა მყინვარწვერისკენ მიმავალი გზა. გველეთის მიდამოებში გ. ხატისოვის მიერ 1882 წელს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩნდა მუხლზამბარიანი საკინძები, სამაჯურები, მძივები და სხვა. არქეოლოგიური მასალა თრიღდება გვიანდელი რომაული და ადრინდელი შუა საუკუნეებით და ინახება სანქტ-პეტერბურგში — ერმიტაჟში.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2 კაცი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1926[3] | 14 | 6 | 8 |
2002[4] | 1 | 0 | 1 |
2014[1] | 2 | 0 | 2 |
1926 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 14 კაცი, რომელთაგან 6 ქართველი და 8 ქისტი იყო.[3]
კულტურის ძეგლები
რედაქტირება- გველეთის პირველი სამაროვანი — ადრეული შუა საუკუნეების არქეოლოგიური ძეგლი
- გველეთის მეორე სამაროვანი — შუა საუკუნეების არქეოლოგიური ძეგლი
- გველეთის სამარხები — შუა საუკუნეების არქეოლოგიური ძეგლი
- გველეთის სემღისის ხატი — შუა საუკუნეების სალოცავი
- გველეთის ყველაწმინდის ეკლესია — შუა საუკუნეების ეკლესია
- გველეთის კოშკი და კოშკური სახლი — ფეოდალური ხანის არქიტექტურული ძეგლი
- გველეთის ციხე — ფეოდალური ხანის საფორტიფიკაციო ნაგებობა
- გველეთის ციხესიმაგრე — XIX საუკუნის საფორტიფიკაციო ნაგებობა
გალერეა
რედაქტირება-
გველეთის ციხე
-
გველეთის ჩანჩქერი
-
გველეთი
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 138.
- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 450.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 27 ივლისი, 2016.
- ↑ „ივერია“ №109 (26 მაისი, 1888 წ.), გვ. 2
- ↑ 3.0 3.1 სერგი მაკალათია, „ხევი“, ტფილისი, სახელმწიფო სასწავლო-პედაგოგიური გამომცემლობა, 1934 წ., გვ. 18.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II