გველეთის პირველი სამაროვანი

გველეთის პირველი სამაროვანიარქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს სოფელ გველეთის ჩრდილოეთით, 0,8 კილომეტრზე, მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე, მაღალი კლდის ძირას. თარიღდება VI საუკუნის მიწურულით და VII საუკუნით დასაწყისით.

1991 წელს, სამაროვანი შეისწავლა არქეოლოგიური კვლევების ცენტრის აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის არქეოლოგიური ექსპედიციის რაზმმა (ხელმძღვანელი დ. მინდორაშვილი). გაითხარა 16 ინდივიდუალური და კოლექტიური სამარხი. სამარხები ნაგებია ქვიშაქვისა და ფიქლის დაუმუშავებელი ან ნაწილობრივ დამუშავებული ფილებით. დამხრობილია აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ. სამარხების ძირი მიწატკეპნილია, ზოგიერთი მოგებულია ქვის ფილებით. მიცვალებულები დაკრძალული არიან პირაღმა გაშოტილი, ხელები ტანის გასწვრივ, თავით დასავლეთით. ზოგი მიცვალებული პირაღმაა გაშოტილი, გადაჯვარედინებული ფეხებით, თავით დასავლეთისკენ. სამაროვანში აღმოჩნდა რკინის შუბისპირები, დანები, რკინის, ბრინჯაოს და ვერცხლის ფიბულები, აბზინდები, ბალთები, ბეჭდები (მათ შორის — სასანური გემებით შემკული), ბრინჯაოს სამაჯური, ბრინჯაოს და ვერცხლის საყურეები, დიადემები, ბრინჯაოს სარკე, საკიდი ცხენოსნის გამოსახულებით, მინის, პასტის, სარდიონის, ქარვის, მთის ბროლის, გიშირის და სხვა მასალებისგან დამზადებული მძივები. მათგან ბევრია ინკრუსტირებულიც. სამარხებში გამოვლინდა ჩალისფრად და შავად გამომწვარი ხელადები, ბრინჯაოს ფიალა, კავადის (488-531 წლები) ვერცხლის მონეტა და სხვა. ზოგიერთ სამარხში დაფიქსირდა შალისა და აბრეშუმის ქსოვილის ნაშთები. გათხრებისას მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ინახება არქეოლოგიური კვლევების ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.

ლიტერატურა

რედაქტირება