გველეთის ციხესიმაგრე
გველეთის ციხესიმაგრე — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ გველეთის ჩრდილოეთით, 1,5 კილომეტრზე, დარიალის ციხის აღმოსავლეთით, მდინარე თერგის მარჯვენა სანაპიროზე.
თარიღდება XIX საუკუნის პირველი მეოთხედით. ნაგებია ნატეხი ქვით (ზოგან გამოყენებულია აგურიც). დაზიანებულია და დანგრეულია ციხის სამხრეთი ნაწილი, გადარჩენილი სხვა ნაწილები საკმაოდ დაზიანებულია. ციხის აგება უკავშირდება საქართველოს სამხედრო გზის გაყვანას და რუსული ჯარის ჩაყენებას 1808 წელს. შენობა ევროპული სიმაგრის ტიპისაა. გეგმის მიხედვით, აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ წაგრძელებული ქვაკუთხედია (56x24 მ), რომლის კუთხეებში აგებულია გალავნის აბრისს გარეთ გასული წრიული კოშკები. შესასვლელი გალავნის აღმოსავლეთ კედელშია, კარიბჭეს ოდნავ შეისრული თაღი აქვს, იგი გალავანზე მაღალია და შესასვლელს საზეიმო იერს ანიჭებს. კარიბჭე გარედან მოპირკეთებულია თლილი ქვის კვადრატებით, დასრულებული იყო ორფერდა სახურავით.
ციხის ოთხი კოშკიდან შემონახულია მხოლოდ ორი, მათი დიამეტრი ფუძის დონეზე 4,8 მეტრია, ხოლო სიმაღლე 8,4 მეტრია. შესასვლელები კოშკებს ეზოს მხრიდან აქვს. პირველი სართულის დონეზე, ორივე კოშკის კედლებში ცენტრის მიმართ, თანაბრად გადანაწილებული შვიდ-შვიდი ვიწრო და მაღალი სათოფურია გაჭრილი. მათგან სამის ზემოთ კიდევ კვადრატული ფორმის სათოფურებია. სართული გადახურულია აგურით ნაწყობი დადაბლებული ფორმის გუმბათოვანი კამარით. კოშკების მეორე სართული ღიაა. სართულს გარსშემოუყვება თაღოვანი სალოდეები, რომლებიც გარედან კედლის მიმართ გადმომჯდარ გვირგვინს ქმნის. ერთ-ერთ სალოდეში (ეზოს მხრიდან), სართულზე ამოსული კიბეა მოწყობილი. კოშკები, როგორც კარიბჭე მოპირკეტებულია თლილი ქვის კვადრატებში. ციხის ეზოში განლაგებული იყო სხვადასხვა დანიშნულების რამდენიმე ერთსართულიანი ნაგებობა, რომლებიც ამჟამად დანგრეულია.
გალავანი
რედაქტირებაგალავანი ნაგებია ასევე ნატეხი ქვით, მისი შემორჩენილი კედლები, როგორც კოშკები, თლილი ქვით ნაგებ მაღალ (1,4 მეტრის სიმაღლის) ცოლოკზე დგას. გალავნის კედლებში დატანებულია ვიწრო სარკმლები, რომლებიც ციხის ეზოსკენ ფართოვდება. გალავნის კედლები დასრულებული იყო პროფილის ტაროსებრი ლავგრადნით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბაგრატიონი გ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 452-453.