დარიალის ციხე — ციხესიმაგრე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს თერგის ხეობაში, მდინარის მარცხენა ნაპირის მაღალ კლდოვან მთაზე, დაბა სტეფანწმინდის ჩრდილოეთით, 15 კმ-ზე.

დარიალის ციხის ნაშთები (კლდეზე) და რუსული ფორტი მის ქვემოთ. ფოტოგრაფი ვლადიმერ ბარკანოვი, 1880-იანი წლები.

დარიალის ციხე უკანასკნელი სტრატეგიული პუნქტია საქართველოს ჩრდოლოეთ საზღვარზე. ქართული საისტორიო ტრადიცია აქ ციხის პირველ აგებას ვახტანგ გორგასალს მიაწერს (V საუკუნე), მაგრამ დღევანდელი ციხე გაცილებით ადრეა აგებული. დარიალი (დარი-ალან) სპარსულად „ალანთა კარს“ ნიშნავს. ქართველები მას „არაგვის კარს“ ან კიდევ „ოვსთა კარს“ უწოდებენ. თავისი სიმაგრით დარიალის ეს ვიწრო ხეობა, კასპიის ზღვასთან მდებარე დარუბანდთან ერთად, კავკასიონის მთაგრეხილზე მართლაც ამიერკავკასიის კარად ითვლებოდა.

არაბებმა საქართველოს დაპყრობისთანავე ჩაკეტეს დარიალი. ამით მათ თავი დაიზღვიეს ჩრდილოეთელთა თავდასხმებისაგან. როცა თვითონ დასჭირდებოდათ, მაშინ აღებდნენ ამ კარს. ასე მოიქცა ბუღა თურქი, როდესაც იგი IX საუკუნის შუა ხანებში ამიერკავკასიას შემოესია და ააწიოკა, მას აქ ერთგული ახალშენების შექმნა მონდომებია. ამ მიზნით გააღო დარუბანდის კარი, გადმოიყვანა სამასი ხაზარი და შამქორს დაასახლა, ხოლო დარიალის კარით ასი ოსი გადმოიყვანა და დმანისს დაასახლა.

XII საუკუნის დასაწყისში დარიალის კარი ოვსთა ხელში ყოფილა, როდესაც დავით აღმაშენებელმა საკუთარი ლაშქრის გასაძლიერებლად ყივჩაყთა გადმოყვანა მოინდომა, იგი წავიდა ჩრდილოეთ კავკასიაში, მოარიგა ოვსები და ყივჩაყები და მორჩილების ნიშნად ორივეს მძევლები გამოართვა. ამას გარდა ოვსებს ჩამოართვა დარიალის ციხე და იქ თავისი ჯარი ჩააყენა.

XIII საუკუნის ბოლოს, როდესაც მეფე დავით VI-ს მეტად გამწვავებული დამოკიდებულება ჰქონდა ირანის მონღოლთა დიდ ყაენთან, მან ძველ ხერხს მიმართა: მოისურვა მისთვის დაეპირისპირებინა ჩრდილოეთში გაბატონებული ოქროს ურდო და ამ მიზნით დარიალის კარის გახსნა დააპირა. ეს კი დიდ განსაცდელში ჩააგდებდა ირანის ილხანს. ასეთი მოქმედებით დავით მეფემ თავისი პოზიციები უდავოდ გაიმაგრა. თუმცა ეს ბოლომდე ვერ შეინარჩუნა. მომდევნო პერიოდში, კერძოდ, XV საუკუნის დასაწყისში, დარიალის კარი ისევ საიმედოდ უჭირავს ალექსანდრე I-ს. XVIII საუკუნის ბოლოს გიორგი XII-მ ერთ მომენტში, როდესაც გადაწყვიტა რუსეთთან ურთიერთობის შეწყვეტა, პირველ და მთავარ ღონისძიებად დარიალის კარის სამუდამოდ დახშობა ჩათვალა. მაგრამ მეფის ასეთი განზრახვა მალე შეიცვალა და შემდეგში ეს გზა მთავარი დამაკავშირებელი იყო ამ ორ ქვეყანას შორის.

არქიტექტურა და არქეოლოგია

რედაქტირება

ციხე ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან მიუდგომელია. იგი სალი კლდეებითაა გამაგრებული, დასავლეთიდან კი მთის ყელი მძლავრი კედლებით არის გადაკეტილი. ციხეს 1 ჰა-მდე ფართობი ეჭირა. დარიალის ციხეში ვხვდებით ქრონოლოგიურად განსხვავებულ მრავალ სამშენებლო ფენას. ძირითადი ფენა ანტიკური და ადრინდელი ფეოდ. ხანისაა. შემორჩენილია გვიანდელი ფეოდალური ხანის ნაშთიც, რაც იმას მოწმობს, რომ ციხეს მნიშვნელობა დიდხანს არ დაუკარგავს და გვიანდ. შუა საუკუნეებშიც მოქმედებდა. ციხეში შესასვლელი სამხრეთიდან უნდა ყოფილიყო, ამავე მხარეს ყოფილა მდინარეზე ჩასასვლელი საიდუმლო გვირაბიც. მოგვიანებით კი ციხის სასმელი წყლით მოსამარაგებლად დასავლეთის მხრიდან წყალსადენი გამოუყვანიათ. გალავნისა და კოშკების გარდა მრავლადაა შემორჩენილი სხვადასხვა დანიშნულების შენობათა ნაშთები. XIX საუკუნის დასაწყისში რუსებმა ამიერკავკასიისაკენ მომავალ მთავარ გზაზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ციხე სწორედ ძველი ციხის ადგილას ააგეს.

დარიალის ციხეზე XX საუკუნის 30-იან წლებში (ა. კრუგლოვი) ჩატარდა მცირე მასშტაბის არქეოლოგიური გათხრები. 1962 წელს გათხრების დროს (ხელმძღვ. ლეილა წითლანაძე) გამოვლინდა ძვ. წ. I ათასწლ. II ნახევრის არქეოლოგიური მასალა (თიხისა და მინის ჭურჭლის ნატეხები, სკვითური ისრისპირი, წყვილი ცხოველის გამოსახულებიანი საკინძი, აქატის მძივი). 1963 წელს გათხარეს (ხელმძღვ. გერმანე გობეჯიშვილი) დარიალის ციხის სამხრეთით მდებარე მინდორი, სადაც გამოვლინდა ქვით მშრალად ნაგები ოთხკუთხა შენობის კედლები, ალბათ, ციხის დამხმარე ნაგებობა. ნაპოვნია ადრინდელი და შუა საუკუნეების კერამამიკული მასალა, რომელიც შიდა ქართლის თიხის ნაწარმის მსგავსია, მცირე ნაწილი კი ჩრდილოკავკასიურ კერამიკას წააგავს. გათხრილია აგრეთვე ბრტყელი ლოდებითა და ფიქალი ქვით ნაგები რამდენიმე სამარხი, ერთ მათგანში აღმოჩნდა გვიანდელი ანტიკური და ადრინდელი შუა საუკუნეებისათვის დამახასიათებელი მასალა.

1988 წელს ციხის ჩრდილო-დასავლეთ ფერდობის ძირში, კირხსნარით ნაგები ზღუდის კედლის ქვეშ 6 მ სიღრმეზე გათხრებით გამოვლინდა (ხელმძღვ. დავით მინდორაშვილი) ადრინდელი ანტიკური ხანის მშრალი წყობით აშენებული კედელი. ციხის დასავლეთ ფერდობის ძირას აღმოჩნდა ანტიკური ხანის შავპრიალა თიხის ჭურჭლის ნატეხები, რაც ადასტურებს მოსაზრებას, რომ დარიალის ციხე ერთ-ერთი ყველაზე ადრეულია ხევის ტერიტორიაზე არსებულ სიმაგრეთა შორის. გათხრების დროს ნაპოვნია ადრინდელი განვითარებული და გვიანდელი შუა საუკუნეების კერამამიკული მასალაც. ციხის სამაროვანზე გათხარეს ინდივიდუალური ქვის სამარხები, რომლებშიც მიცვალებულები ქრისტიანული წესით იყვნენ დაკრძალული. მხოლოდ რამდენიმე სამარხში გვხვდება გვერდზე, ფეხმოკეცილად დაკრძალული ადამიანების ძვლები.

2013-2016 წლებში დარიალის ციხეზე საველე სამუშაოები ჩაატარა ერთობლივმა ქართულ-ბრიტანულმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვ. ებერჰარდ ზაუერი, კონსტანტინე ფიცხელაური).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ზაქარაია პ., დარიალის ციხე, თბ., 1957.
  • ზაქარაია პ., საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები, თბ., 1988.
  • ზაქარაია პ., არაგვისა და თერგის ხეობა, თბ., 1972.
  • წითლანაძე ლ.,„დარიალის ციხე“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 27-28 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1971 წელი. — გვ. 62-67
  • ზაქარაია პ., წითლანაძე ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.
  • Sauer, Eberhard (2019). Dariali: The 'Caspian Gates' in the Caucasus from Antiquity to the Age of the Huns and the Middle Ages: The Joint Georgian-British Dariali Gorge Excavations and Surveys 2013-2016. British Institute of Persian Studies Archaeological Monograph Series. 6. Oxbow Books. ISBN 9781789251920.