ხუტლუბუღა (გ. აგვისტო, 1293) — საქართველოს სახელმწიფო მოღვაწე XIII საუკუნის II ნახევარში, ათაბაგ-ამირსპასალარის სადუნ მანკაბერდელის ვაჟი. ცოლად ჰყავდა სამცხის მთავრის ბექა I-ის ასული. სადუნის გარდაცვალების შემდეგ დემეტრე II-მ მას მხოლოდ ამირსპასალარობა აკმარა, ათაბაგობა კი ტარსაიჭ ორბელს უბოძა, რის გამოც ხუტლუბუღა მეფეს გადაემტერა (ამას ისიც ემატებოდა, რომ დედის მხრით იგი დავით VII ულუს მიერ სიკვდილით დასჯილი ხოჯა აზიზის შვილიშვილი იყო). ხუტლუბუღამ ხელი შეუწყო იმას, რომ დემეტრე მონღოლთა ურდოში სიკვდილით დასაჯეს (1289 წელი), სამეფო ტახტზე კი არღუნ ხანს დავით VI ნარინის ვაჟი ვახტანგი დაასმევინა, რომელმაც სამაგიეროდ ხუტლუბუღას ათაბაგობა და ამირსპასალარობა უბოძა. ხუტლუბუღა ბუნებით ამაყი, ამპარტავანი და ურჩი კაცი იყო. მას რამდენიმეჯერ ჩამოართვეს სადუნისეული ქონება და მამული და დანაშაულის მონანიების შემდეგ ისევ დაუბრუნეს. მალე იგი ვახტანგსაც განუდგა და სცადა გაემეფებინა დემეტრეს ვაჟი დავითი, რომელიც მონღლი ილხანის კარზე იყო. ქართველმა დიდებულებმა მხარი არ დაუჭირეს ხუტლუბუღას და იგი იძულებული გახდა თვითონაც ურდოში დარჩენილიყო. დავით დემეტრეს ძის გამეფების შემდეგ (1293 წელი) ხუტლუბუღა იმდენად გაძლიერდა, რომ, ისტორიკოსის ცნობით, მეფესავით იქცეოდა. დავით VIII იძულებული გახდა ილხან ქეღათუსთვის მიემართა. ხუტლუბუღას გაუხსენეს ყველა დანაშაული და სიკვდილით დასაჯეს. შვილი არ ჰყოლია და მთელი თავისი ქონება დავით VIII-ს დარჩა.

ფრესკა ახპატის მომასტერში

ლიტერატურა

რედაქტირება