გველეთის კოშკი და კოშკური სახლი
გველეთის კოშკი და კოშკური სახლი — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გველეთში. ორივე ნაგებობა მდინარე დევდარაკის მარცხენა ნაპირზე დგას. ნაგებობები თარიღდება XVI საუკუნით.
კოშკი გეგმით კვადრატულია (4X4 მეტრი), ზემოთკენ შევიწროებული. იგი ნაგებია ნატეხი ქვით, მისი ფასადის ქვები გათლილია. შემორჩენილია სამი სართული. კოშკის ზედა ნაწილი, სართულშუა ხის გადახურვები და ჩრდილოეთ-დასავლეთის კუთხე ჩამონგრეულია. თაღოვანი შესასვლელი გაჭრილია მეორე სართულის აღმოსავლეთის კედელში. კოშკის პირველი სართული ყრუკედლებიანი დამხმარე სათავსია. მასში მოხვედრა მეორე სართულის იატაკიდან შეიძლებოდა. მეორე და მესამე სართულის კედლებში სათოფურებია. მესამე სართულზე აღმოსავლეთით ერთი მცირე თაღოვანი სარკმელიცაა. კოშკის კუთხეები შიგნით მთელ სიმაღლეზე გამაგრებულია ყოველ 0,5 მეტრზე გარდიგარდმო ჩასმული ქვის ბრტყელი ფილებით.
კოშკური სახლი სამსართულიანია, სიდიდით ორჯერ აღემატება კოშკს. სახურავი, სართულსშორის გადახურვები და ჩრდილოეთ-აღმოსავლეთის კუთხე ჩამონგრეულია. შესასველელი მესამე სართულზეა, ჩრდილოეთით. პირველი და მეორე სართულის კედლებში პატარა ნიშებია. მესამე სართულის კედლებში რამდენიმე სარკმელ-სათოფურია გაჭრილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ზაქარია პ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 451.