გველეთის მეორე სამაროვანი
გველეთის მეორე სამაროვანი („გიგიას სათიბის“) — არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს სოფელ გველეთის ჩრდილოეთით, 5 კილომეტრზე, მდინარე თერგის მარჯვენა ნაპირას, ადგილ „არკასთან“, საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიის სასაზღვრო რაიონში, რამაც განაპირობა აქ მოპოვებული არქეოლოგიური მასალის მსგავსება ამ ქვეყნების არქეოლოგიურ მონაპოვართან. სამაროვანი თრიღდება IX საუკუნით.
1966 წელს, შეისწავლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი ლ. წითლაძე). გათხრილია 16 ორ სართულად განლაგებული ქვის სამარხი. სამარხები ნაგები იყო შავი ფიქლით. მათგან ინვენტარიანი იყო ქვედა სართულის ექვსი სამარხი. სამარხებში აღმოჩნდა: თიხის ჭურჭელი, რკინის დანები, ბრინჯაოს კოვზი და აბზინდები, მშვილდსაკინძები, შავი მინის გრეხილი სამაჯური, ვერცხლის თვალბუდიანი ბეჭდები, ვერცხლისავე ორი არაბული (იემენური) მონეტა (IX საუკუნე), მინის სასმისი და სხვა.
1972 წელს, ამავე ინსტიტუტის ჟინვალის არქეოლოგიური ექსპედიციის ხევის რაზმმა (ხელმძღვანელი გ. ღამბაშიძე) სამაროვანზე 38 სამარხი გათხარა. სამარხები ორ- სამ სართულადაა განლაგებული და ინდივიდუალურია. დამხრობილია აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ. მიცვალებულების უმრავლესობა დაკრძალულია თავით დასავლეთისკენ, ზოგი აღმოსავლეთისკენ. ნაწილი პირაღმაა გაშოტილი, ნაწილი კი გვერდზე, ხელფეხმოხრილი. ინვენტარი სიმდიდრით გამოირჩეოდა ორ სამარხში. აქ გამოვლინდა: ბრინჯაოს სამაჯურები, ილარი, ბეჭდები და ღილები, რკინის დანა და ცული, ვერცხლის ღილები და სარკეები, ოქროს მტევნისებრი საყურე, თიხის წურჭელი, მინის ჭურჭელი და ბეჭდები, სხვადასხვა ფორმის სარდიონისა და მინის მძივები, მათ შორის მრავლადაა ინკრუსტირებული.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 452.