ყაზან-ყაენი
მაჰმუდ ყაზან-ყაენი (დ. 5 ნოემბერი, 1271, აბესკუნი, მაზანდარანი — გ. 17 მაისი, 1304, ყაზვინი) — ირანის ილხანთა ანუ ჰულაგუიანთა დინასტიის მეშვიდე მბრძანებელი 1295-1304 წლებში. მან მიიღო ისლამი და იგი სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. ყაზან-ყაენი დაუახლოვდა ირანის სასულიერო და საერო არისტოკრატიას და თავისი ვეზირის რაშიდ ალ-დინის დახმარებით ადმინისტრაციული და ეკონომიკური რეფორმები გაატარა. რეფორმების შედეგად რამდენადმე მოწესრიგდა გადასახადთა გაწერა-აკრეფის საქმე, გამოცოცხლდა სოფლის მეურნეობა და ვაჭრობა-ხელოსნობა, დაიწყო სარწყავი არხების გაყვანა და დანგრეული ქალაქების აღდგენა. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა დედაქალაქ თავრიზის კეთილმოწყობას. ყაზან-ყაენმა მონღოლ მეომრებს იქტის წესით დაურიგა მიწები და დააკანონა გლეხთა მიწაზე მიმაგრება. ყაზან-ყაენის რეფორმებმა მწარმოებელი მოსახლეობის მდგომარეობა ერთგვარად შეამსუბუქა.
ყაზან-ყაენი | |
---|---|
Газан хаан | |
ყაზან-ყაენი ცხენზე | |
ჰულაგუიანთა სახელმწიფოს მე-7 ილხანი | |
მმართ. დასაწყისი: | 3 ნოემბერი, 1295 |
მმართ. დასასრული: | 17 მაისი, 1304 |
წინამორბედი: | ბაიდუ-ხანი |
მემკვიდრე: | ოლჯაითუ-ყაენი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 5 ნოემბერი, 1271 |
დაბ. ადგილი: | აბესკუნი, მაზანდარანი |
გარდ. თარიღი: | 17 მაისი, 1304 |
გარდ. ადგილი: | ყაზვინი |
შვილები: |
1. ალაჩუ 2. ოლჯეი-კუტლუგი |
დინასტია: | ჰულაგუიანები |
მამა: | არღუნ-ხანი |
რელიგია: | ბუდიზმი, შემდეგ ისლამი |
ყაზან-ყაენს მტრული ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს მეფე დავით VIII-სთან, არაერთხელ უხმო მას ურდოში, მაგრამ მეფე არ ეახლა. ყაენმა რამდენიმეჯერ გამოაგზავნა ლაშქარი დავითის ხელში ჩასაგდებად. ამ შემოსევებმა დიდი ზიანი მიაყენა ქვეყანას. 1299 და 1303 წლებში ყაზან-ყაენმა სამჯერ ილაშქრა სირიაში მამლუქთა წინააღმდეგ, მაგრამ წარმატება ვერ მოიპოვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- კიკნაძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 608.