გველეთის სამარხები

გველეთის სამარხებიარქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს სოფლის ჩრდილოეთით 3 კილომეტრზე, მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე. თარიღდება ადრინდელი შუა საუკუნეებით.

1962 წელს შეისწავლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ხევის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი გ. გობეჯიშვილი). სამარხები აღმოჩნდა წყალდიდობით გადარეცხილი გზის ქვეშ. სამარხები დაზიანებულია, დაშლილია ჩონჩხები. ერთგან იყო შემორჩენილი ქვაზე დადებული თავის ქალა. მიცვალებულს სახის წინ ედგა შავად გამომწვარი კოჭობი. მკერდის არეში აღმოჩნდა მინის, სარდიონის, პასტისა და ქარვის მძივები. წელის მახლობლად რკინის ნივთის ნატეხები და ზამბარიანი მშვილდსაკინძი. სამარხებში ნაპოვნია წითლად, მოჩალისფროდ და შავად გამომწვარი კერამიკული ჭურჭელი. სამარხეული კერამიკის ერთი ჯგუფი ახლოს დგას დარიალის ციხეზე აღოჩენილ მასალებთან. სავარაუდოა, რომ აქ აღმოჩენილი კულტურული ფენა ეკუთვნოდა სტრატეგიული მნიშვნელობის დასახლებას, კერძოდ დარიალის ციხის ფორპოსტს. არქეოლოგიური მასალა ინახება ყაზბეგის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

ლიტერატურა

რედაქტირება