ყაზბეგის განძი
ყაზბეგის განძი — ძვ. წ. VI-V საუკუნეების ნივთების განძი (დაახლოებით 200 ნივთი). ის ენათესავება ბრილის სამაროვანის განძს და წარმოადგენს განვითარებული რკინის ხანის ნიმუშს.
განძი აღმოაჩინა გ. ფილიმონოვმა დაბა ყაზბეგთან 1877 წელს. მან გათხრების დროს სათანადო წინდახედულება ვერ გამოიჩინა, რის გამოც განძის მხოლოდ ნაწილმა მიაღწია სამეცნიერო დაწესებულებებამდე, ხოლო ნაწილი გაიძარცვა და დაიკარგა. ამასთან, დაუზუსტებელია, ყაზბეგის განძი მართლაც განძია, თუ წარმოადგენს სამარხის ინვენტარს. განძის სრული და საფუძვლიანი აღწერები ეკუთვნით პ. უვაროვას და ა. ტალგრენს.
განძის შემადგენლობაში იყო აქემენიდური ხელოვნების ნიმუშები: ვერცხლის ფიალა, ბრინჯაოს ჭურჭელი, ფიბულები, ირმის პატარა ქანდაკება, ადამიანის გამოსახულება, კვერთხისთავი, სარტყელი, ყობანური კულტურის რკინის სატევარი, შუბი, ცხენის აღკაზმულობის ნაწილები. ყაზბეგის განძი კავკასიის ძველი ტომების რელიგიურ კულტს უკავშირდება. განძის დიდი ნაწილი მოსკოვის ისტორიულ მუზეუმში ინახება, მცირე ნაწილი – სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 617.
- „საქართველოს არქეოლოგია“ / რედ: აფაქიძე ა., თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1959. — გვ. 202-204.