ფილიპ ოსიპეს ძე პაულუჩი (დ. 1779, მოდენა — გ. 25 იანვარი, 1849, ნიცა) — საფრანგეთის და რუსეთის სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, საქართველოს მთავარმართებელი 1811–1812 წლებში.

ფილიპ პაულუჩი

იგი წარმოშობით იტალიელი იყო, საფრანგეთიდან ნაპოლეონის მმართველობას გამოექცა და თავი რუსეთს შეაფარა. წარმატებულმა სამხედრო კარიერამ მისი კავკასიაში გაგზავნა განაპირობა. ის დისციპლინის მოყვარული პიროვნება იყო და ძნელად ეგუებოდა რუსულ ბიუროკრატიულ სისტემას. 1811 წლის სექტემბერში დაინიშნა საქართველოს მთავარმართებლად. დანიშვნისთანავე მექრთამეობასა და ჯარში ფეხმოკიდებულ ლოთობას ბრძოლა გამოუცხადა. თუმცა, რუსული ენის არცოდნის გამო საკუთარ მოხელეებთანაც თარჯიმნის დახმარებით უწევდა ურთიერთობა და შეცდომებსაც უშვებდა. მან 30000-იანი არმიის გამოკვება მთლიანად ადგილობრივ მოსახლეობას დააკისრა, რასაც 1812 წლის კახეთის აჯანყება მოჰყვა. აჯანყების გაძლიერების გამო პაულუჩი რუსეთ-ირანის ფრონტიდან დაბრუნდა და რუსეთის ჯარს ჩაუდგა სათავეში. 1812 წლის მარტში, ჩუმლაყთან, დაამარცხა კახელი აჯანყებულები და ტყვედ ჩაიგდო გრიგოლ ბაგრატიონი. მიუხედავად გამარჯვებისა, პაულუჩი იძულებული გახდა დათმობებზე წასულიყო. კახეთში გაუქმდა კაპიტან-ისპრავნიკების თანამდებობა და მოურავობა აღდგა. სამხედრო წარუმატებლობის შემდეგ პაულუჩიმ აჯანყებულებთან მოლაპარაკების გამართვა სცადა. დაპირდა მათ ამნისტიას, რეფორმების გატარებას. ეს დაპირებანი მთავარმართებლის მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბებად მიიჩნიეს და პეტერბურგმა იგი უკან გაიწვია. 1812 წლის აპრილში ის გენერალმა რტიშჩევმა შეცვალა. აღსანიშნავია, რომ კახეთის თავადაზნაურობამ იმპერატორს მისი დატოვებაც კი თხოვა, მაგრამ უშედეგოდ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს ისტორია – XIX საუკუნე, „არტანუჯი“, თბ., 2004, გვ. 12
წინამორბედი:
ალექსანდრ ტორმასოვი
საქართველოს გუბერნიის მმართველი
საქართველოს მთავარმართებელი

1811-1812
შემდეგი:
ნიკოლაი რტიშჩევი