„ოსმალობა“ — ქართულ ისტორიულ წყაროებსა და ლიტერატურაში ოსმალური სოციალურ-პოლიტიკური სისტემის აღმნიშვნელი ტერმინი.

„ოსმალობა“ სამცხე-საათაბაგოში

რედაქტირება

სამცხე-საათაბაგოში ოსმალები XVI საუკუნიდან შეუდგნენ თავიანთი წესების დანერგვას. 1579 წელს ახალციხის (ჩილდირის) საფაშო დააარსეს. ოსმალური მიწათმფლობელობისა და საგადასახადო სისტემის შემოღბის მიზნით სამცხე-საათაბაგო რამდენიმეჯერ აღწერეს და „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი“ შეადგინეს. დამპყრობლები ძალდატანებით ავრცელებდნენ ისლამს, დევნიდნენ ყოველივე ქართულს. ქართველი ხალხის მედგარი წინააღმდეგობის შედეგად გაოსმალების პროცესი საუკუნეთა განმავლობაში გრძელდებოდა.

„ოსმალობა“ ქართლში 1578-1606 წლებში

რედაქტირება

ქართლის დაპყრობის (1578) შემდეგ ოსმალებმა აქ სამეფო ხელისუფლება გააუქმეს. ქართლის (თბილისის) საბეგლარბეგო დააარსეს და მის გამგებლად (ბეგლარ-ბეგად) ოსმალო მოხელე დანიშნეს. დააარსეს აგრეთვე გორის სანჯაყი. თბილისის 2 ეკლესია მეჩეთად გადააქციეს. ქართველმა ხალხმა სიმონ I-ის მეთაურობით მტერს ბრძოლა გაუმართა. 1588 წელს ქართლსა და ოსმალეთს შორის დადებული ხელშეკრულებით ოსმალეთში სიმონ I ქრისტიანი ქართლის მეფედ ცნო: მას ოსმალეთისათვის ყოველწლიური ხარკი უნდა ეხადა. ქართლის ციხესიმაგრეებში ოსმალთა გარნიზონები დარჩა. ირან-ოსმალეთის ომის განახლების (1603) შემდეგ, 1606, ოსმალები თბილისიდან და ქართლის ციხე-ქალაქებიდან განდევნეს.

„ოსმალობა“ ქართლში 1723-1735 წლებში

რედაქტირება

ოსმალეთის ლაშქარმა 1723 წელს თბილისი და ქართლის ციხე-ქალაქები დაიპყრო. ამჯერად სამეფო ხელისუფლება ვერ გააუქმეს, მაგრამ, ფაქტობრივად, მთელი ძალაუფლება ოსმალთა ხელში გადავიდა. ქართველ ფეოდალებს, რომლებიც ოსმალეთის სამსახურში ჩადგნენ, მამული ოსმალური წესით დაუმტკიცეს ხასეებად (იურთლუქები და ოჯაქლიქები), ზეამეთებად, თიმარებად. 1724 წელს ოსმალეთის წინააღმდეგ მოწყობილ დიდ აჯანყებაში ქართველები დამარცხდნენ. ოსმალები სასტიკად გაუსწორდნენ მათ. 1727 წელს, ქართლის მეფე იესეს გარდაცვალების შემდეგ, ოსმალებმა ფაქტობრივად გააუქმეს ქართლის სამეფო, ის ექვს ნაწილად დაყვეს და მსხვილ თავადებს დაურიგეს. 1727 წელს შეადგინეს „თბილისის ვილაიეთის დიდი დავთარი“, რომელიც ოსმალების გაძლიერების დამადასტურებელი იყო. ამას ქართველმა ხალხმა ბრძოლით უპასუხა. 1735 წელს ქართლში დიდი აჯანყება დაიწყო. ირანელთა დახმარებით ოსმალები ქართლიდან განდევნეს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. 2, თბ., 1965;
  • გაბაშვილი ვ., ქართული ფეოდალური წყობილება XVI-XVII საუკუნეები, თბ., 1958;
  • ლომსაძე შ., სამცხე-ჯავახეთი (XVIII საუკუნის შუაწლებიდან XIX საუკუნის შუაწლებამდე), თბ., 1975;
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973;
  • სვანიძე მ., საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან XVI-XVII საუკუნეები, თბ., 1971;
  • შენგელია ნ., XV-XIX საუკუნეები, საქართველოს ისტორიის ოსმალური წყაროები, თბ., 1974;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 4, თბ., 1967;