თბილისის ვილაიეთის დიდი დავთარი

თბილისის ვიალეთის დიდი დავთარი (თაჰრირ დევთერ; თურქ. Defteri Mufassal Vilayeti Tiflis) — 1728 წელს, ოსმალობის პერიოდში ოსმალო მოხელეთა მიერ ფისკალური მიზნით შედგენილი ქართლის სამეფოს აღწერის დავთარი.

„დავთარში“, რომელიც წარმოდგენილია ორ წიგნად, აღნუსხულია 1600-მდე ერთეული. ორივე იწყება აღწერილი სოფლების სახელთა სარჩევით.

საძიებელს მოჰყვება ძირითადი ტექსტი – სოფლების და სხვა საგადასახადო პუნქტების სახელები, გადასახადის გადამხდელთა და კომლის უფროსთა საკუთარი და მამის სახელები, იშვიათად აღნიშნულია მათი ხელობასაქმიანობა. ჩამოთვლილია სოფლის მეურნეობის პროდუქტთა სახელები, გადასახადების სახეობები, მათი რაოდენობა და ღირებულება. მოცემულია შეწერილი გადასახადის ფულადი ჯამი. დავთარი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკუთრივ თბილისის ისტორიის, გეოგრაფიის, ონომასტიკის, ეკონომიკის, ეთნოგრაფიული შედგენილობისა და საქალაქო ყოფის შესასწავლად. ქალაქი აღწერილია უბნებისა (ციხის რაბათი, თოფხანე, დაბაღხანე და სხვ.) და სამრევლოების (სიონი, ანჩისხატი, ვანქი, ფეთხაინი და ა.შ.) მიხედვით. თანაბრად განვითარებული ჩანს ვაჭრობა, მრეწველობა და სოფლის მეურნეობა. აღნიშნულია მოხელეთა (მ. შ. ოსმალოთა) საქმიანობა და გასამრჯელოს ოდენობა. დავთარი ოსმალობის ხანის (1723–35) ქართლის სოც. ვითარების, ეკონომიკის, ტოპონიმიკის, ეთნიკური შედგენილობისა, კონფესიური ვითარებისა და სხვათა შესასწავლად მნიშვნელოვანი წყაროა. დავთარი დაცულია თურქეთის პრემიერ-მინისტრის სამმართველოს არქივში.

ლიტერატურა

რედაქტირება