ბეთლემი (თბილისი)
ბეთლემი, გვიანდელი ფეთხაინი — ძველი თბილისის ერთ-ერთი უძველესი მიკროუბანი. მდებარეობს ქვემო კალაში, სოლოლაკის ქედის ფერდობზე. კლდოვანი რელიეფის გამო ამ ტერიტორიას კლდისუბანსაც უწოდებენ. ბეთლემის მიკროუბანი მოქცეულია დღევანდელი ლ. ასათიანის, ბეთლემის, გომის ქუჩებს, ზემო ბეთლემის ეკლესიასა და ბეთლემის კიბეს შორის.
უბანს სახელი ეწოდა აქ მდებარე ბეთლემის (ზემო ბეთლემის) ეკლესიის, თვით ეკლესიას კი — ქრისტიანთა წმინდა ადგილის (ბეთლემი, პალესტინა) მიხედვით. გადმოცემით, ამ ადგილზე პირველი ეკლესია V ს. ბოლოს მეფე ვახტანგ გორგასალმა ააგო. აქვე ყოფილან დაკრძალულნი მისი დედა და და.
ზემო ბეთლემი
რედაქტირებაზემო ბეთლემის (თავდაპირველად ბეთლემი, შემდეგ ფეთხაინი) მაცხოვრის შობის ტაძარი (ბეთლემის აღმ. № 15) XVIII-XIX სს. სახით არის მოღწეული. ამ ადგილას ღვთისმშობლის ეკლესია თბილისელ სომხებს XV ს.-ში აუგიათ. XVIII ს.-ში ეკლესია საფუძვლიანად განაახლეს. ეკლესიის მშენებლობისთვის მნიშვნელოვანი შესაწირი 1740-იან წწ. გივი ამილახვარმაც გაიღო. ეკლესიას სომხები ფლობდნენ, თუმცა მას ქართველებიც წმინდა ადგილად თვლიდნენ და ამიტომ ქართული მრევლიც ჰყავდა. 1884 წ. ეკლესია კაპიტალურად შეაკეთეს, განაახლეს ფასადი და აღმართეს ახალი გუმბათი. საბჭოთა პერიოდში ეკლესია არ მოქმედებდა. 1994 წ. გადავიდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფლობელობაში და მაცხოვრის შობის სახელზე ეკურთხა.
ეკლესია „ჩაწერილი ჯვრის“ ტიპის ნაგებობაა და ქვით მოპირკეთებული აგურის სუბსტრუქციაზეა აღმართული. გუმბათი აბსიდის შვერილებსა და ორ ბურჯს ეყრდნობა. მკვეთრად წაგრძელებულ დასავლეთ მკლავში ბურჯების კიდევ ერთი წყვილია. ეკლესიაში ორი შესასვლელია: ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან. ჩრდილოეთის კარისკენ სუბსტრუქციაზე მიშენებული კიბე მიემართებოდა, მაგრამ დღეს იგი მონგრეულია და ამიტომ მოქმედი მხოლოდ დასავლეთის კარია. აგურით ნაგები ეკლესიის ფასადებზე XIX საუკუნის რესტავრაციის შემდეგ ქვის კვადრები გაჩნდა. ყვითელი ქვის პერანგითაა შემოსილი აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის ფასადები, გუმბათი. კარნიზები ქვისაა; შერეული წყობაა სამხრეთ ფასადზეც.
ტაძრის ფასადებიდან ყველაზე მეტად ჩრდილოეთის და აღმოსავლეთის მხარეები გამოიყოფა. ჩრდილოეთით ზოგიერთ სარკმელს დაბალ რელიეფში შესრულებული ორნამენტული საპირე შემოუყვება, აქვე მოცემულია სერაფიმთა რელიეფური გამოსახულებები. გუმბათზე, ამავე მხარეს, მიჯაჭვული ლომის გორელიეფური ფიგურაა მოცემული.
აღმოსავლეთით საკურთხევლის სარკმელს ჩუქურთმიანი საპირე შემოუყვება, მის ქვემოთ კი სწორკუთხა შეღრმავებაში ასევე ორნამენტით შემკული ლილვი გამოიყოფა. პასტოფორიუმების სარკმლების საპირეები სადაა, თუმცა მათ ქვემოთ განედლებული ჯვრის გამოსახულებიანი ფილებია ჩასმული. ასეთივე ჯვარია მოცემული ფრონტონის კეხის ქვეშაც.
შედარებით სადადაა გადაწყვეტილი დასავლეთ ფასადი. ფრონტონთან აგურის წყობის ჩაღრმავებით ჯვარია გამოყვანილი.
სამხრეთის-კლდის მომიჯნავე ფასადი სრულიად შეუმკობია. ყრუ კედელზე ერთადერთი სარკმლის ღიობი აღმოსავლეთითაა გაჭრილი. ეზოში, აღმოსავლეთ კუთხეში XVII საუკუნის, თაღებით გახსნილი სამრეკლო დგას. პირველი ორი სართული აგურისაა, მესამე ქვისაა და ახლად დაშენებული.
-
ზემო ბეთლემის ხედი
-
ზემო ბეთლემის ხედი
-
ზემო ბეთლემის სამრეკლო
ქვემო ბეთლემი
რედაქტირებაქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ეკლესია (ბეთლემის აღმ. № 3) 1725-1727 წწ. ირანიდან გადმოსახლებულმა სომხებმა ააშენეს და წმ. სტეფანეს სახელი (სომხ. სურბ-სტეფანოზი) უწოდეს. მის ნაცვლად 1868 წელს გუმბათიანი ეკლესია აშენდა, რომელიც 1910 წელს განაახლეს. 1988 წლიდან ტაძარი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას ეკუთვნის.
„ჩაწერილი ჯვრის“ ტიპის ეკლესია აგურითაა ნაშენი და ქვით მოპირკეთებული აგურის ციტადელზეა აღმართული. გუმბათი ოთხ თავისუფლად მდგომ ბურჯს ეყრდნობა. აბსიდი ნახევარწრიულადაა შვერილი. ფასადი დეკორატიული თაღებითა და მაღალი, სწორკუთხა შეღრმავებებითაა დანაწევრებული. გუმბათის სარკმლები თაღებშია ჩაწერილი. მათ ზემოთ კედლის სიბრტყეში მართკუთხა ჩაღრმავებები და ასევე აგურის წყობით გამოყვანილი წრეები გუმბათს სარტყელივით შემოუყვებიან.
ტაძარში შესასვლელი ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდანაა მოწყობილი. ჩრდილოეთის კარისკენ ქვის ფართო, ორმხრივი კიბე მიემართება. თაღოვან საპირეში მოქცეული რკინის კარის თავზე - ლუნეტში მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ფერწერული გამოსახულებაა. დასავლეთით ტაძარს საცხოვრებელი სახლი ებჯინება, რომელიც შესასვლელი კარის წინ აღმართულ მძლავრ ბოძებს ეყრდნობა, ხოლო ფასადის ზედა ნაწილს უშუალოდ ერწყმის კიდეც. ინტერიერის მოხატულობა 1991-1997 წწ. მხატვრების - დ. ხიდაშელისა და მ. ჩაკვეტაძის მიერაა შესრულებული.
-
ქვემო ბეთლემის ხედი
ბეთლემის კიბე
რედაქტირებაბეთლემის კიბე-ქუჩა 120 საფეხურს ითვლის, ბეთლემის უბანში კლდეს აჰყვება და ზემო ბეთლემთან მთავრდება. მის შუა წელზე ქვემო ბეთლემი მდებარეობს. კიბის პროექტი 1850 წ. თბილისის საგუბერნიო არქიტექტორმა ტიმოთე ბელოიმ შეადგინა. პროექტში კიბეს მიუყვებოდა სვეტებზე მოწყობილი სახურავი, მაგრამ პროექტი ბოლომდე არ განხორციელდა და ამასთან, კიბის ტრასაც ნაწილობრივ შეიცვალა.
ლიტერატურა
რედაქტირება- კვირკველია, თ., ძველთბილისური დასახელებანი, თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1985. — გვ. 19, 85-86.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბეთლემის უბნის რევიტალიზაცია-კონსერვაციის პროექტი დაარქივებული 2012-02-08 საიტზე Wayback Machine. . ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობათა საერთაშორისო საბჭოს (ICOMOS) საქართველოს ეროვნული კომიტეტი