ბეთლემის მაცხოვრის შობის ზედა ეკლესია

ბეთლემის (ფეთხაინის) მაცხოვრის შობის ეკლესია — ჯვარგუმბათოვანი ეკლესია თბილისში. მდებარეობს, ბეთლემის აღმართის №18–ში.

ბეთლემის მაცხოვრის შობის ზედა ეკლესია
ბეთლემის მაცხოვრის შობის ზედა ეკლესია — თბილისი
ბეთლემის მაცხოვრის შობის ზედა ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°41′20″ ჩ. გ. 44°48′16″ ა. გ. / 41.6888944° ჩ. გ. 44.8046972° ა. გ. / 41.6888944; 44.8046972
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
მუნიციპალიტეტი ძველი თბილისის რაიონი
ადგილმდებარეობა თბილისი
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი გუმბათოვანი
დეტალები

არქიტექტურული აღწერა

რედაქტირება

ბეთლემის მაცხოვრის შობის ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა. საკურთხევლის ორ მხარეს სადიაკვნე და სამკვეთლოა, რომელთა თავზე თითო სათავსია მოწყობილი. ეკლესიას თორმეტწახნაგა გუმბათი ადგას. ეკლესიის ფასადებს ემჩნევა მრავალი შეკეთება-გადაკეთების კვალი. შესასვლელს წინიდან მიდგმული აქვს ორმარშიანი ქვის კიბე. ეკლესიის გუმბათი, ისევე როგორც ჩრდილოეთი და დასავლეთი ფასადები ქვიშაქვის თლილი ფილებით არის მოპირკეთებული. სამხრეთი და დასავლეთი ფასადები აგურისაა. აღმოსავლეთი ფასადის სარკმელები ორნამენტული საპირეებით და ჯვრებით არის შემკული. ჩრდილოეთ ფასადზე გამოსახულია რელიეფური ქერუბიმები და ჩვილიღვთის მშობელი ანგელოზებს შორის, გუმბათის ყელზე კი — ღვთისმშობელი და მიჯაჭვული ლომი.

ეკლესიის აღმოსავლეთით დგას XVII საუკუნის ორსართულიანი აგურით ნაშენი სამრეკლო, რომელსაც ზემოდან ადგას თლილი ქვისთაღოვანი ფანჩატური.

თავდაპირველად დღევანდელი ბეთლემის მაცხოვრის შობის ეკლესიის ადგილზე ქართველ მართლმადიდებელთა პატარა სამლოცველო მდგარა, რომლის ნაშთები 1981 წელს ძეგლზე ჩატარებულმა სარესტავრაციო-კვლევითმა და არქეოლოგიურმა სამუშაოებმა გამოავლინა. ამჟამად მისგან მხოლოდ აფსიდის ნაწილიღა მოჩანს. დანარჩენი კედლები ამჟამინდელი ეკლესიის იატაკის ქვეშაა მოქცეული. „ბეთლემის (ფეთხაინის) მაცხოვრის შობის ზედა ეკლესია, ყოფილი ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია მდებარეობს... კლდისუ ბანში... ეკლესია ადგას ძველქრისტიანულ სამლოცველოს“ — წერს თ. ბერიძე.

XIII საუკუნეში, 1225 წელს თბილისი ჯალალედინმა ააოხრა და ერთიანად ამოწყვიტა ქრისტიანული მოსახლეობა. ცხადია, ჯალალედინი ქრისტიანებთან ერთად არც მათ ეკლესია-მონასტრებს დაინდობდა. ამავე შემოსევებს შეეწირა ბეთლემის მაცხოვრის შობის ეკლესია. თბილისი ტერიტორიულად და მოსახლეობის მხრივადაც შემცირდა. 1231 წელს, ჯალალედინის სიკვდილის შემდეგ სამეფო კარი ისევ თბილისში ბრუნდება. თუმცა, 1235 წელს თბილისი მონღოლებმა აიღეს, რუსუდან მეფე იძულებული გახდა მათ დაზავებოდა, ამიტომ თბილისს შედარებით „მშვიდი“ ხანა დაუდგა.

XII-XIII საუკუნეებში თბილისის სამეურნეო ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ საქართველოში გადმოსული ვაჭრები და ხელოსნები. XIII საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული საქართველოსა და დასავლეთ ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობა გაცხოველდა. ჰ. მანანდიანი წერს: „... მონღოლთა დიდ ხანებსა და მათ ხელისუფლების სათავეში მდგომთ ძალიან კარგად ესმოდათ, რომ ვაჭრობის განვითარება სასარგებლო იყო მათთვის და შეეძლო მოეცა დიდი შემოსავალი“.

„თბილისის დემოგრაფიულ სტრუქტურაში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია მომთაბარეთა ახალი უცხოეთნიკური მასის მოძალებამ... მონღოლებმა პირველებმა ცადეს საქართველოსათვის დამახასიათებელი ეთნიკური სიჭრელის გამოყენება ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ, უნდობლობისა და მტრობის გაღვივება სხვადასხვა ეთნიკური და კონფესიული წარმომავლობის ჯგუფებს შორის. ქართულისაგან განსხვავებული ეთნიკური ელემენტი, მონღოლთა მიერ შეწყალებული და აღზევებული კაცი დამპყრობთა სამსახურში დგებოდა და ქართულ ეროვნულ ინტერესებს უპირისპირდებოდა–ხოჯა აზიზი, შადინი, უმეკი, ქარიმადინი და სხვა“. – ვკითხულობთ ენციკლოპედიაში „თბილისი“.

ვ. ნალბანდიანი წერს: „... როგორც მანამდე, ასევე მონღოლთა ბატონობის პერიოდშიც კულტურის განვითარების მნიშვნელოვან ცენტრს კვლავ წარმოადგენდა თბილისი, სადაც ქართველი და სომეხი მეცნიერები სიტყვებსა და ქადაგებებს წარმოთქვამდნენ, სადაც იწერებოდა, იხატებოდა და მრავლდებოდა ხელნაწერები, ითხვზებოდა გმირული ისტორიები, სიმღერები და სხვანი და სხვანი“.

ყოველივე ზემოთქმულიდან კარგად ჩანს, რომ XIII საუკუნის თბილისში სხვა ერებთან ერთად სომხური მოსახლეობა მრავლდებოდა და ფეხს იკიდებდა. ბეთლემის მაცხოვრის შობის ეკლესია სომხური მრევლის ხელში აღმოჩნდა. პ. მურადიანს წიგნში «Армянская эпиграфика Грузии: Тбилиси» ვკითხულობთ მღვდლების იოანეს ტერ-ამკრტიჩოვის და მხითარ ტერ-სტეპანოსიანის მიერ საქართველოში სომხური ეპარქიის წინამძღოლის ნერსეს აშტარეკეცისადმი 1816 წლის 28 აპრილს მიწერილ წერილს, რომელშიც გადმოცემულია ძველი ეკლესიის საძირკველზე ახალი ეკლესიის აშენების ისტორია — „თავდაპირველად აშენდა სამრეკლო, მაგრამ მშენებლობის ქტიტორი მღვდელი გრიგორი გარდაიცვალა და მშენებლობა დაასრულა მისმა შვილმა ბარსეგმა. მსახურება დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა ამ სამრეკლოში. მღვდელი გრიგორის შვილთაშვილმა გრიგორიმ და მისმა შვილმა ბარსეგმა საფუძველი ჩაუყარეს არსებულ ეკლესიას, მაგრამ ისინი „დიდი ეპიდემიის“ მსხვერპლნი გახდნენ. ზუსტად ეს გრიგორია დასაფლავებული ეკლესიაში. რაღაც პეროიდის განმავლობაში ეკლესია დაუმთავრებელი იყო, მაგრამ შემდგომ, კათალიკოს ეგიაზარის (1681-1691) დროს, ვახტანგ მეფის შთამომავლის — ნაზარალი–ხანის მეფობისას მშენებლობა გააგრძელა მღვდელმა სარქისმა (იმ წლებში კათალიკოსი იყო ალექსანდრე (1706-1714), ახპატის — ეპისკოპოსი ბარსეგი, შემდეგ თომა). სარქისი გარდაიცვალა, ვერ მოასწრო მშენებლობის დამთავრება, მაგრამ მოამზადა სამშენებლო მასალა. მშენებლობა გააგრძელეს ხოჯა პარუხმა, შემდეგ ბაღდასარმა და არუტუნმა, მაგრამ არც მათ და არც მათ მომდევნო სტეფანოზ პილოიანცს არ ეწერათ მოსწრებოდნენ მშენებლობის დამთავრებას. ზედა ნაწილი, აშენებული შავი ქვით, ააშენა და დაასრულა აღა-მელიქ-ბებუთიანმა, მისმა შვილმა მელიქ-ავეტიკმა ეკლესიას გალავანი შემოარტყა”. თუმცა, პ. მურადიანი აქვე აღნიშნავს, რომ რას ეყრდნობოდნენ ამ წერილის ავტორები უცნობია.

ამ წერილში მოხსენიებული „დიდი ეპიდემია“ ანუ შავი ჭირი თბილისში XIV საუკუნეში მძვინვარებდა, ამიტომ პ. მურადიანის აზრით, სამრეკლოს მშენებლობის დაწყების თარიღად XIII საუკუნის II ნახევარი უნდა ვივარაუდოთ. აღსანიშნავია, რომ შემდგომი საუკუნეების განმავლობაში სომეხ მრევლთან ერთად აქ ქართველებიც მსახურობდნენ და ლოცულობდნენ. ამის დასტურია ისიც, რომ ქართული ეკლესიის საძირკველზე სომხების მიერ აშენებული ეკლესია 1740 წელს თავისი ხარჯით ახლებურად ააშენა ზემო ქართლის სადროშოს სარდალმა გივი ამილახვარმა.

ბეთლემის მაცხოვრის შობის ეკლესიის მეორე სახელი — ფეთხაინი, გვხვდება 1648 წელს შედგენილ განჩინებაში და 1724 წლის გასამყრელო წიგნში.

ეგნატე იოსელიანის მიერ შედგენილ კატალოგში - “მონასტრები, ეკლესიები ტფილისსა და მის მიდამოებში” ვკითხულობთ: „ტფილისის სამხრეთით, კლდისუბანსა შინა დიდსა მაღალსა კლდესა ზედა არს ეკკლესია გუმბათიანი, ღ˜ისმშობლის მიცვალებისა ბეთლემსად სახელდებული. ესე ეკკლესია არს თლილის ქვით ნაშენი, გუმბათი ამისი შავის თლილის ქვით დაბურვილი. ეგრეთვე ეკკლესია ესე დასამჴრონი ამისნი სრულიად თლილითა შავის ლორფინითა დახურვილი. ამას შინა არიან სამნი სამწირველონი, საშუვალ ღ˜ისმშობლისა, ჩრთილოეთით გრიგორი განმანათლებლისა და სამხრეთით ნათლისმცემელისა. აქა ასვენია ხატი ყ˜დწმინდისა ღ˜ისმშობლისა ძველის მხატვრობით დახატული სასწაულმოქმედი, რომელსაცა დიდად ესვენ სომეხნი და ქართველნი ოთხი მღვდელი, და ეკკლესია მაღლად მდგომარეობითა და გუმბათიანობითა თვისითა მრთელისა ტფილისის ქალაქის ადგილებიდამ ჰსჩანს საამოდ და ამშვენიერებს ქალაქსა, და იტყვიან ხატისა მისთვის ღ˜ისმშობლისა, რომელ იყოს მხატვრობა იგი ფიცარსა ზედა მის ბაგისასა, სადაცა ბეთლემს ბაგისა შინა პირუტყუთასა იშვა მაცხოვარი უფალი იესო ქრისტე, რომელიცა წელსა 1500-სა აღშენებულ არს ტფილისის მოქალაქეთა ხოჯა-ფარუხასსა, ტერ-სარგისასსა, ნარიმანოვთა და ყუთლოოვთაგან და უკანასკნელ მხრები და ლორფინნი მისნი თქმულ არს რომელ იყუნენნ ამოქმედებულ საქართველოს თავადის გივისა ამილახუაროვისა შაჰყული-ხანად წოდებულისა ხარჯითა...“

საბჭოთა პერიოდში ეკლესიაში ბიჟუტერიის საამქრო იყო.

1991 წელს ეკლესია, რომელიც მდებარეობს ბეთლემის ქუჩაზე, გადაეცა საქართველოს საპატრიარქოს და 1994 წლიდან ეკლესიაში აღდგა მართლმადიდებლური მსახურება. ეკლესიის დასავლეთ მხარეს, შესასვლელთან 2001 წელს აშენებული სატრაპეზოა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მ. ქუთათელაძე, „თბილისის ტაძრები“, ტ. I, გვ. 32-41, თბ., 2010