ანჩისხატი
ანჩისხატის ღვთისმშობლის ტაძრადმიყვანების ეკლესია, მარიამწმიდა ეკლესია, ზარის ეკლესია — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი თბილისში, მდებარე ი. შავთელის ქუჩის №1–ში.
ანჩისხატი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 41°41′43″ ჩ. გ. 44°48′25″ ა. გ. / 41.6955056° ჩ. გ. 44.8069583° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
მუნიციპალიტეტი | ძველი თბილისის რაიონი |
ადგილმდებარეობა | თბილისი |
ფუნქციური სტატუსი | მოქმედი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული სტილი | დარბაზული, სამნავიანი |
თარიღდება | VI საუკუნე |
არქიტექტურა
რედაქტირებაანჩისხატის ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა, ნაშენია თლილი ქვით (თავდაპირველი ფენა), ხოლო კედლების ზედა ნაწილები და ყველა შიგნითა ბოძი აგურისაა (XVII საუკუნის რესტავრაცია). მიუხედავად გვიანდელი განახლებისა, მან, ძირითადად, შეინარჩუნა პირვანდელი არქიტექტურული კომპოზიცია. თავდაპირველი თლილი ქვით ნაშენი კედლების ქვედა ნაწილი და სამხრეთ კედელთან დაცული სანათლავის ნაშთი VI საუკუნისაა. ეკლესია ნავებად იყოფა თაღების საშუალებით. აფსიდა, ნავებს შორის ამოყვანილი ერთ-ერთი თაღედი და ღია ლუნეტები დასავლეთ და ჩრდილოეთ შესასვლელების თავზე ნალისებრი ფორმისაა. თავდაპირველად აქ სამი წყვილი ბოძი ყოფილა (ნაცვლად ახლანდელი ორისა).
შენობის ძველი კედლები შიგნიდანაც და გარედანაც სუფთად თლილი მოყვითალო ტუფის დიდი კვადრებითაა ამოყვანილი. XVII საუკუნეში აღდგენილი კამარები, თაღები, ბურჯები, კედლების ნაწილები და კარნიზები აგურისაა.
იმავე აღდგენის დროს თავდაპირველი სამი წყვილი ჯვრისებრი ბურჯი ორი წყვილი მრგვალი ბურჯით შეცვალეს. სამხრეთიდან ეკლესიას ჰქონდა თანადროული ეგვტერი, რომელსაც აღმოსავლეთით ეკვროდა ორი პატარა მართხკუთხა სათავსი. ეგვტერიც და სათავსებიც დანგრეულია, ჩანს მხოლოდ მათი კედლების ძირი.
ისტორია
რედაქტირებააშენებულია VI საუკუნეში, დაჩი უჯარმელის მეფობის დროს. გ. ჩუბინაშვილის მოსაზრებით, იგი უნდა იყოს „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ქრონიკაში მოხსენიებული „მარიამწმიდა ეკლესია“.
1837 წლით დათარიღებულ ეგნატე იოსელიანის მიერ შედგენილ კატალოგში „მონასტრები, ეკლესიები ტფილისსა და მის მიდამოებში” ანჩისხატის ეკლესიის შესახებ ვკითხულობთ:
„ტფილისსავე შინა არს ეკკლესია ღვთის მშობლის შობისა 8-სა დღესა ზედა სეკდემბრისა თთჳსასა, აღშენებული ძველადვე სასახლითურთ კათოლიკოსისა ბაბილისაგან წელსა 634-სა, მეტოქედ ანუ ფოდვერიად მცხეთით ტფილისად მოსრულთა კათოლიკოსთათჳს. თუმცა უგუმბათო სიონური, მაგრამ ქვით-კირით კეთილნაშენი და კმად დიდი, და აქვს მაგალითი გუმბათისა შუჱნიერი. აქა ასვენია ხატი მაცხოვრისა იესო ქრისტესი, დროსა ლეო ისავრისა ხატთმბრძოლისასა და ხიზნული კონსტანტინუპოლით საათაბაგოდ ქვეყანასა ანჩეთისასა და მუნით შემდგომად მისვე ნებული აქა ეკკლესიასა ამას შინა, რომლისაცა სახელითა ვითარცა ხატი ეგრეთ ეკლესია ესე იწოდება ანჩისხატად, და ხატი ესე მარადის და აწცა ჰყოფს მრავალსა კურნებასა სარწმუნოვებით მთხოველთათჳს. ამას ეკკლესიასა შინა ივ (15) აგვისტოს მოვლენ სრულიად ტფილისელნი დღესასწაულობად ხატისა მის. და ეკკლესია ესე არის ქართველთ სობოროდ დადებული…[1]“
|
პლატონ იოსელიანიც იმავე მოსაზრებაზეა და წერს, რომ ძეგლი VII საუკუნის დასაწყისში აშენდა და იკურთხა ღვთისმშობლის მიძინების სახელზე, ბაბილა კათოლიკოსის მიერ, რომელიც ადარნასეს დროს მოღვაწეობდა.
„ანჩისხატის ტაძარი, იმთავითვე იკურთხა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელზე. აშენდა საქართველოს კათოლიოსის ბაბილას მიერ ადარნასეს მმართველობის პერიოდში. ის წარმოადგენდა მცხეთის კათოლიკოსების რეზიდენციას თბილისში[2]“
|
გიორგი ჩუბინაშვილმა ძეგლი გეგმისა და ზოგიერთი ელემენტის საფუძველზე დაათარიღა VI საუკუნის დასაწყისით და გამოთქვა მოსაზრება, რომ იგი უნდა ყოფილიყო „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ქრონიკაში მოხსენიებული „მარიამ წმიდაჲ ეკლესიაჲ“, აგებული VI საუკუნეში დაჩი უჯარმელის მეფობის დროს[3].
გადმოცემით, არაბთა ბატონობის პერიოდში ანჩისხატი იყო საქართველოში ერთადერთი ტაძარი, სადაც ღვთისმსახურთ ეძლეოდათ ზარების დარეკვის უფლება, ამიტომ მას „ზარის ეკლესიასაც“ ეძახდნენ. ანჩისხატის ტაძრის ტერიტორიაზე აშენებული იყო საქართველოს კათოლიკოსების სასახლე და ტაძარი, რომელიც მათი სასახლის კარის ეკლესიას წარმოადგენდა. ერეკლე II-ის მეფობაში ანჩისხატთან დაარსდა სემინარია.
მუხრანთ უბანში მდებარე ტაძარი ოდითგანვე წარჩინებულ ქართველთა თავშესაყარი იყო. ანჩისხატი გამოირჩეოდა განათლებულ სასულიერო პირთა სიუხვით. მათი სულიერი ხელმძღვანელობით იზრდებოდნენ ქართველი უფლისწულები.
1675 წელს დომენტი III კათოლიკოსმა აღადგინა ის და ააგო აგურის ორსართულიანი სამრეკლო.
„ჩვენ ქრისტეს მიერ კურთხეულმან ბატონიშვილმან კათალიკოზმან დომენტი აღვაშენე სამრეკლო ესე და განვაახლე საყდარი ესე სულისა ჩემისა საოხად მეფობასა ქართლსა შანავაზისსა. ქ-ნსა ტნიგ (1675)“
|
სამრეკლოზე 1869 წლამდე ეკიდა ძველი ზარი, რომელიც ბუგდანბეგ ამილახვარმა უბოძა კათალიკოსს, ხოლო ამ უკანასკნელმა კი ანჩისხატს შესწირა (აღნიშნული ზარი კათოლიკოს ნიკოლოზ ამილახვარის შეწირულ ძღვენთა სიაშია). დანარჩენი ზარები შეძენილ იქნა 1830 წლიდან მოყოლებული.
1876 წელს იყო მცდელობა ძველი სამრეკლოს ადგილას ახალის აშენებისა, მაგრამ დ. ბაქარძის ინიციატივით აღნიშნული არ განხორციელდა.
ერეკლე II-ის მეფობაში ანჩისხატთან დაარსდა აკადემია. აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს ეკლესია დაზიანდა. XIX საუკუნის დასაწყისში აღადგინეს. იმავე საუკუნის 70-იან წლებში დააშენეს ყალბი გუმბათი და მიადგეს მრავალსართულიანი სამრეკლო. 1958-1964 სარემონრო-სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად გამოვლინდა ნაგებობის უძველესი შრეები. ბევრ ადგილას განახლდა დაზიანებული თავდაპირველი საფასადო წყობა. პირვანდელი სახით შემოინახა საკურთხევლის აფსიდა სადა მიმდებარე სათავსების ფართო სარკმელები. ძეგლი ნაწილობრივ გათავისუფლდა დანამატებისაგან - მოანგრიეს გუმბათი და სამრეკლო, მოიხსნა XIX საუკუნის მხატვრობის ნაწილი (შიდა კედელზე) და შენობას დაახლოებით ისეთი სახე დაუბრუნდა, როგორც მას XVII საუკუნეში ჰქონდა.
მოხატულობა
რედაქტირება1683 წელს კათოლიკოს ნიკოლოზ ამილახვრის დაკვეთით ეკლესია მოიხატა. აღსანიშნავია აბსიდის შუბლზე გამოსახული „იესეს ძირი“, რომელიც საქართველოში ბაგრატიონთა გვარის ბიბლიურ წარმომავლობას მიანიშნებს.
სივრცეში შემორჩენილია XIX საუკუნის I ნახევრის მოხატულობა, რომელიც 1813 წელს დეკანოზ დიმიტრი ალექსი მესხიშვილის მიერ ტაძრის განახლების შემდეგ არის შესრულებული. იგი შუა საუკუნეებიდან ახალდ როზე გარდამავალი ხანის ქართული მხატვრობის ნიმუშია და მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ისტორიის სცენების გამოსახვით არის განსაკუთრებით საყურადღებო. ტაძარი XIX საუკუნეში რამდენიმეჯერ შეკეთდა და კვლავ მოიხატა.
ტაძრის სიწმინდე
რედაქტირებაეკლესიას ძველი სახელი არ შერჩენია. ანჩისხატი XVIII საუკუნეში ეწოდა, როდესაც აქ ანჩის (სამხრეთ საქართველოს) მონასტრიდან ბექა ოპიზარის (XII საუკუნე) მიერ მოჭედილი მაცხოვრის ხატი გადმოასვენეს, რომელიც ადრე ანჩის საკათედრო ტაძარში ესვენა. მღვდელი პოლიევქტოს კარბელაშვილი ანჩისხატზე წერს:
„...გადმოასვენეს ანჩიდამ ახალციხეში პირი ღვთის ხატიც სხვა საეკკლესიო სამკაულებთან ერთად. დომენტიმ გორელ ვაჭარს, ამირჯან აივანგულაშვილს მოატაინა სამცხედამ ათი ხატი–ანჩისა, ნათლისმცემლისა, იოანემახარებლისა, მთავარანგელოზისა და ექვსი სხვა წვრილი-ორიათას მარჩილად, ანუ ასოც თუმნათ 1660 წელს. ესე ხატები გორიდან, ჯერს ჭალაში ჩაასვენა იოთამ ამილახვარმან თავის სახლში, მეფე როსტომის სიკვდილამდე; დაძველებული კარები პირი ღვთისა განაახლა იოთამის ძემ გივმა ამილახვარმა. აქედგან დომენტიმ დიდის ლიტანიით ჩამოასვენებინა მუხრანზედ მცხეთაში და აქედგან ტფილისში. აქ დომენტიმ მშვენიერს კუბოში დაასვენა იმ ადგილს, სადაც დღეს ასვენია; მას აქეთ საკათალიკოზო ყოვლად წმიდის ტაძარს დაერქვა ანჩისხატისა.“
|
ტაძარში, ძირითადად, ახლადდაწერილი ხატებია, ხოლო ტაძრის მთავარი სიწმინდე — ანჩისხატი, იგივე „პირიუფლისა“ საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშია დაცული.
ტაძრის საძვალე
რედაქტირებაანჩისხატის ტაძრის საფლავებიდან აღსანიშნავია კათოლიკოს-პატრიარქის წმინდა ევდემოსის საფლავი. ჩრდილო-დასავლეთის სვეტსა და დასავლეთის კედელს შუა განისვენებს მეფე არჩილის ასული, ბატონიშვილი მარიამი. ამბიონის მარცხნივ დაკრძალულია დეკანოზი სოლომონ ალექსის ძე მესხი, მარჯვნივ კედელთან გენერალ-მაიორი დიმიტრი ივანეს ძე ბუჭყიაშვილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- გვერდწითელი რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 503.
- ქუთათელაძე, მ. „თბილისის ტაძრები“, ტ. I, თბ., 2010 გვ. 16-21
- კვირკველია, თ., ძველთბილისური დასახელებანი, თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1985.
- გვერდწითელი რ.,„ანჩისხატის რესტავრაცია“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 7 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1966 წელი. — გვ. 37-42
- Карбелов П. «Древний Анчисхатский собор в Тифлисе». Тифлис, 1899
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № ანჩისხატი № 3914
- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № ანჩისხატის სამრეკლო № 3787
- ანჩისხატის ეკლესია
- ანჩისხატის ტაძარი
- ისტორიული მიმოხილვა მღვდელ პოლიევქტოს კარბელაშვილისა (1902 წ.)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ე. იოსელიანი, „მონასტრები, ეკლესიები ტფილისსა და მის მიდამოებში“, 1837
- ↑
- ↑ ანჩისხატის რესტავრაცია, ძეგლის მეგობარი, №. 7, გვ. 37, თბ., 1966 წელი