საციციანო — სათავადო ფეოდალურ საქართველოში. მდებარეობდა ქართლის გაღმა მხარეში (მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპირო). იყოფოდა ზემო და ქვემო საციციანოდ. ზემო საციციანო შეიქმნა ძამის ხეობის — გვერდისძირის, ხოლო ქვემო — სოფელ ნიჩბისის ირგვლივ. მათ ერთმანეთისაგან მიჯნავდა ჯავახიშვილებისა და თარხნიშვილების სამფლობელოები.

XIV საუკუნის II ნახევარში ტაო-შავშეთიდან შიდა ქართლში გადმოვიდნენ ფანასკერტელთა ფეოდალური სახლის წევრები, რომლებიც XV საუკუნეში საბოლოოდ დამკვიდრდნენ ძამის ხეობაში და საფუძველი ჩაუყარეს ახალ სათავადოს. „საციციანო“ სახელწოდება მომდინარეობს თავად ციციშვილების გვარიდან. საციციანოს თავდაპირველად ბირთვს შეადგენდა ორბოძლელისეული მამული (ხვედურეთი, კეხისჯვარი). შემდგომში მათ მიიღეს უფლისციხე, ქვახვრელი, კარალეთი. ისინი ხშირად ფლობდნენ მეოთხე სადროშოს სარდლის თანამდებობას, რომელიც მათ გამოიყენეს სამფლობელოს გასაფართოებლად. საციციანოში შედიოდა ხვედურეთის ხეობა, ძამის ხევი, ვერძისძირი, გუჯარეთი, ნიჩბისი, წყნეთი, დოესი, იისციხე, ავკეთი, ატენი. რეზიდენციები იყო სამწვერისში, მძოვრეთში, ნიჩბისში, ხოლო საგვარეულო საძვლე-სამარხები — ყინწვისში, სამწევრისში, ხვედურეთსა და ნიჩბისში. საციციანომ იარსება XIX საუკუნის 40-იან წლებამდე.

ლიტერატურა

რედაქტირება