სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გუჯარეთი.

გუჯარეთი, გუჯარეთისხევი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარის — თორის ნაწილი, ახლანდელი ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ნაწილი.

ტიმოთესუბნის ეკლესიის სამხრეთ კარიბჭე, XIII საუკუნის დასაწყისი

თორი სამი ერთეულისაგან შედგებოდა: გუჯარეთის ხევი, სადგერის ხევი და ჴეობა (ანუ მტკვრის ორივე ნაპირი — ტაშისკარიდან დვირამდე). გუჯარეთი ძირითადად მოიცავდა მდ. გუჯარეთისწყლის ხეობას. დღევანდელი ადმინისტრაციული დანაწილებით გუჯარეთის ხევი ბორჯომის მუნიციპალიტეტში შედის. ჩრდილოეთიდან მას ესაზღვრება თარიანის, აბუხალოს, თორზიტისა და გვირგვინას (ვახუშტი მას ყერძენის მთას უწოდებს) მთები. სამხრეთით გუჯარეთს თრიალეთისაგან გამოჰყოფს საქველოს, კენჭიყარისა და ქვაჯვარის მთები. აქაურ სოფელთა უმრავლესობა მთის ძირზეა შეფენილი. სახნავ-სათესი ფართობი მდინარეთა ნაპირებამდე აღწევს. სატრანსპორტო და საცალფეხო გზები ადვილად სავალ ხევებს მიჰყვება, რომლებიც ჯავახეთსა და თრიალეთს შიდა ქართლთან აკავშირებდა.

1904 წელს გუჯარეთის ტერიტორიაზე, ნასოფლარ თელოვანში აღმოაჩინეს ბრინჯაოს ცულების, მათი ჩამოსასხმელი ყალიბებისა და ბრინჯაოს ზოდებისაგან შემდგარი განძი (თელოვნის განძი). ეს ადასტურებს, რომ გუჯარეთის ხევი ადამიანის მიერ ბრინჯაოს ხანიდან იყო ათვისებული. შუა საუკუნეებში ხეობის ცენტრი გამხდარა სოფელი გუჯარეთი, რომელიც გუჯარეთისწყლის ზემო წელზე, მდინარის ორივე ნაპირას მდებარეობს. ხეობის მნიშვნელოვანი ციხეები იყო: თოთხამი, ალეწი, მომწვარა, სარბიელა, გვირგვინა, უზნარიანი. თითქმის ყველა სოფელსა და ნასოფლარში შემორჩენილია ნანგრევები ეკლესიებისა, რომელთა უმეტესობა IX–XIII საუკუნეებშია აგებული. ზოგ მათგანზე, ქტიტორთა ან მშენებელ ხელოსანთა წარწერებიც არის. მაგ., გულსუნდის „წითელი ეკლესიის“ წარწერაში მოხსენიებულია ეკლესიის მაშენებელი ვინმე მახარობელი (X–XI საუკუნეების მიჯნა), ტყემლოვანის ეკლესიის წარწერაში — კვირიკე და გიორგი (X ს.), ხოლო თელოვნის ელიას ეკლესიის წარწერაში — თევდორე (X ს.). გუჯარეთისწყლის მარცხენა შენაკადზეა სამძივისხევი (ახლანდ. სოფ. მზეთამზე). აქედან მომდინარეობს გვარსახელი სამძივარი, რომელიც თორელების განაყოფი უნდა იყოს. 1065 წელს თორი და გუჯარეთი დაურბევია ალფ-არსლანს. მომდევნო პერიოდის ყველაზე ღირსშესანიშნავი ძეგლია ტიმოთესუბნის მონასტერი. XIII საუკუნის II ნახევრით თარიღდება ნასოფლარ დიდი თონეთის ნაეკლესიარში ნაპოვნი, ქვაჯვრის მომაღლო ბაზისზე ამოკვეთილი რელიეფური გამოსახულება და წარწერა. შემდგომი ხანის ძეგლთაგან მნიშვნელოვანია დაბის წმინდა გიორგის ეკლესია.

XV საუკუნიდან გუჯარეთისხევი ძამის ხეობასთან ერთად ციციშვილთა საგვარეულოს დაექვემდებარა, XVI საუკუნის ბოლოს კი ოსმალებმა დაიპყრეს. „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“ ხეობის სოფელთაგან მხოლოდ 6 იხსენიება: დაბა (2 კომლი), წაღვერი (ცარიელი), სამზიოსხევი (3 კომლი), გოგოსუბანი (3 კომლი), კიმოთისმანი (2 კომლი), მიტარბი (ცარიელი). 1639 წლის ირან-ოსმალეთის ზავის შემდეგ, თორი ქართლს შეუერთდა და გუჯარეთის ხეობას ისევ ციციშვილები დაეპატრონნენ. მოსახლეობა აქ თანდათან დაბრუნდა. გუჯარეთი ქართლის კათოლიკოსის სამწყსო იყო და ისიც ცდილობდა გაპარტახებული სოფლების აღორძინებას. XVIII საუკუნის 60-იანი წლებიდან ციციშვილები აქტიურად მოქმედებდნენ მოსაზღვრე ჯავახეთიდან თავიანთ მამულებში მოსახლეობის გადმოსაყვანად. ამ ნიადაგზე ხშირი იყო მცირემასშტაბიანი სამხედრო შეტაკებებიც. ამ მცდელობას არსებითი შედეგი არ მოჰყოლია. XIX საუკუნის დასაწყისში ამ სოფლების უმეტესობა თითქმის უკაცრიელი იყო. XIX საუკუნის 30-იან წლებში რუსეთის იმპერიის მთავრობამ პოლტავის გუბერნიიდან გადმოსახლებულთა ნაწილი წაღვერში ჩაასახლა. ახალმოსახლენი ჩამოვიდნენ იმერეთიდან, ქართლიდან. XIX საუკუნეში II ნახევარში ცხინვალის მიდამოებიდან გადმოსახლდნენ ოსები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. 1, თბ., 1964;
  • ბერძენიშვილი დ., გიორგიძე მ., ჩაჩხუნაშვილი ც., ჭანიშვილი გ., გუჯარეთი, თბ., 1987;