მინერალოგია (მინერალი და logos – მოძღვრება) — მეცნიერება მინერალთა შესახებ. შეისწავლის ბუნებაში მინერალთა წარმოქმნისა და გარდაქმნის პირობებს, მათ შედგენილობას, სტრუქტურასა და თვისებებს. მინერალოგიის ძირითადი მიმართულებებია: აღწერითი მინერალოგია — შეისწავლის ცალკეულ მინერალთა თავისებურებებს, მათ სისტემატიკას; გენეტური მინერალოგია — იკვლევს მინერალთა წარმოქმნის კანონზომიერებას; რეგიონული მინერალოგია — შეისწავლის და განაზოგადებს მინერალთა ტერიტორიული გავრცელების კანონზომიერებას; კოსმოსურ სხეულთა მინერალოგია — იკვლევს მეტეორიტებისა და მთვარის მინერალებს; ექსპერიმენტული მინერალოგია — შეისწავლის მინერალთა წარმოქმნის ბუნებრივი პროცესების მოდელირების საკითხებს; გამოყენებითი და ტექნიკურ-ეკონომიკური მინერალოგია — ამუშავებს მრეწველობაში მინერალთა გამოყენებასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

თეოფრასტე
ტრემოლიტი
მინერალი, როგორც მინერალოგიის კვლევის ობიექტი
მუსკოვიტი
პირომორფიტი

მინერალოგია ჩაისახა უხსოვარ დროს, ადამიანის პრაქტიკულ საქმიანობასთან დაკავშირებით. უძველესი ცნობები მინერალთა შესახებ შემონახულია არისტოტელეს (ძვ. წ. IV ს), თეოფრასტეს (ძვ. წ. IV-III სს.), პლინიუს უფროსის (ახ. წ. I ს), პედანიუს დიოსკორიდის (I ს), აგრეთვე ძველ ჩინელთა და ძველ ინდოელ მეცნიერთა შრომებში. მინერალოგიის, როგორც მეცნიერების ჩამოყალიბება დაკავშირებულია სამთო საქმისა და მეტალოგენიურ განვითარებასთან და მედიცინასა და ალქიმიაში მინერალთა გამოყენებასთან.

IX-XI საუკუნეებში აღმოსავლეთ ქვეყნებში იქმნება საყურადღებო მინერალოგიური ტრაქტატები (ალ-ჯაჰიზი, ალ-რაზი, ალ-ქინდი, იბნ სინა და ალ-ბირუნი). XII-XIII საუკუნეებში ევროპაში დაიწერა მარბოდიუსის, ალბერტ დიდის, ხოლო მოგვიანებით ლეონარდო და ვინჩის (1502 წ.) და გეორგ აგრიკოლას (1550 წ.) მეტად საყურადღებო ნაშრომები.

XVII-XVIII საუკუნეებში აღსანიშნავია ე. ბართოლინის, ნ. სტენოს, კ. ჰიუგენსის, რომე დე ლილის, რ. ჟ. აიუს და სხვ. შრომები. 1635 წელს იტალიელმა მეცნიერმა ბ. ცეზიუსმა შემოიღო ტემინი „მინერალოგია“.

XVIII საუკუნის II ნახევარსა და XIX საუკუნის დასაწყისში მინერალოგიაში გზას იკაფავს ქიმიური მიმართულება (მიხეილ ლომონოსოვი, ვ. სევერგინი - რუსეთში, ი. ბრაიტჰაუპტი და მ. კლაპროთი - გერმანიაში, ა. კრონსტედტი - შვედეთში). ყალიბდება იზომორფიზმისა და პოლიმორფიზმის ცნებები (გერმანელი მეცნიერი ე. მიჩერლიხი და ავსტრიელი გ. ჩერმაკი). მოგვიანებით ვითარდება რეგიონული მინერალოგია (დ. სოკოლოვი, ნ. კოქშაროვი და პ. ერემეევი - რუსეთში; პ. გროთი, ფ. კლოკმანი, ფ. რინე - გერმანიაში; ფ. ბეკე - ავსტრიაში; ა. ლაკრუა - საფრანგეთში; ვალდემარ ბრეგერი - ნორვეგიაში; ჯეიმზ დანა - აშშ).

მინერალოგიის განვითარებას დიდად შეუწყო ხელი ვლადიმერ ვერნადსკის, ნ. კურნაკოვისა და ი. ვანტ-ჰოფის მიერ მენდელეევის პერიოდული კანონისა და ჯ. გიბზის ფაზათა წესის გამოყენებამ მინერალების გენეზისის კვლევის საქმეში. XX საუკუნის დასაწყისიდან მინერალოგიაში მკვიდრდება კრისტალთქიმიური მიმართულება (ევგრაფ ფიოდოროვი და გ. ვულფი - რუსეთში; უ. პ. ბრეგი - ინგლისში, ვ. გოლდშმიდტი - ნორვეგიაში).

XX საუკუნეში ფუნდამენტურმა აღმოჩენებმა ფიზიკისა და ქიმიის დარგში ხელი შეუწყო თანამედროვე მინერალოგიის ჩამოყალიბებას. აღწერითი მინერალოგია ინტენსიურად შეისწავლის მინერალთა სტრუქტურულ და ქიმიურ თავისებურებებს, ადგენს მინერალთა და მათში შემავალ ატომთა თვისებებს შორის არსებულ კორელაციურ კავშირებს.

თანამედროვე მინერალოგიაში დიდი ადგილი უკავია მინერალთა წარმოქმნის ფიზიკურ-ქიმიურ ასპექტების კვლევას. მნიშვნელობა ენიჭება მინერალთა ინდივიდების შესწავლას მათი გენეზისის თვალსაზრისით, აგრეთვე მინერალებში თხევად და აირად-თხევად ჩანართთა კვლევას. დიდი წარმატება მოიპოვა რეგიონულმა მინერალოგიამ.

კვლევა მინერალოგიის დარგში მიმდინარეობს უმაღლეს სასწავლებლებსა და დარგობრივ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში. მინერალოგიის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს მინერალოგიური საზოგადოებები (საკავშირო მინერალოგიური საზოგადოება (1817 წ.), დიდი ბრიტანეთის მინერალოიური საზოგადოება (1876 წ.), გერმანისის მინერალოგიური საზოგადოება (1908 წ.), საფრანგეთის მინერალოგიისა და კრისტალოგრაფიის საზოგადოება (1878 წ.) და სხვა, რომლებიც გაერთიანებულია საერთაშორისო მინერალოგიურ ასოციაციაში, აგრეთვე მინერალოგიური მუზეუმები და მინერალოგიური განყოფილებები მსოფლიოს ბევრ დიდ კომპლექსურ თუ საბუნებისმეტყველო მუზეუმში.

მინერალოგია საქართველოში

რედაქტირება

საქართველოში მინერალოგიური ცოდნა ძველთაგანვე იყო გავრცელებული; ამაზე მეტყველებს ძვირფასი და სანახელავო ქვების ფართო გამოყენება, დადასტურებული მატერიალურ კულტურული ძეგლებით. მინერალოგიური შინაარსის უძველესი წერილობითი წყარო - ეპიფანე კვიპრელის (319-403) მინერალოგიური ტრაქტატის თარგმანი „თვალთა“ — შემოგვინახა „შატბერდის კრებულმა“ (X ს.). მინერალოგიური შინაარსის თხზულებები დაცულია აგრეთვე სხვა ძველ ქართულ ხელნაწერებში. მინერალთა და ქანთა გამოყენებითი კლასიფიკაცია ჩამოყალიბებული აქვს სულხან საბა ორბელიანს თავის „სიტყვის კონაში“.

ცნობები მინერალებისა და ქანების შესახებ გვხვდება ვახტანგ VI-ის თხზულებაში „წიგნი ზეთების შეზავებისა და ქიმიის ქმნის“, ვახუშტი ბატონიშვილის ნაშრომში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“, ძველ ქართულ სამკურნალო წიგნებში „კარაბადინებში“, იოანე ბატონიშვილის „კალმასობაში“, მისსა და თეიმურაზ ბატონიშვილის ლექსიკოგრაფიულ ნაშრომებში.

ძველი ქართული მინერალოგიურ-პეტროგრაფიული ტერმინოლოგიის გამოვლენისა და ახალი დამუშავების საქმეში გარკვეული როლი შეასრულეს XIX ს. II ნახევარში შექმნილმა ლექსიკოგრაფიულმა ნაშრომებმა, რომელთაგან აღსანიშნავია რ. ერისთავის „მოკლე ქართულ-რუსულ-ლათინური ლექსიკონი : მცენარეთა, ცხოველთა და ლითონთა სამეფოებეებიდგან“ (თბ., 1884 წ.).

მინერალოგის დარგში თანამედროვე მეცნიერული კვლევის ჩასახვა დაკავშირებულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებასთან, სადაც 1919 წელს ალექსანდრე თვალჭრელიძის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა მინერალოგიისა და პეტროგრაფიის კათედრა, მასვე ეკუთვნის ქართულ ენაზე დაწერილი პირველი სამეცნიერო შრომები მინერალოგიის დარგში.

1938 წელს ილ. ყიფშიძის, გ. გვახარიასა და გიორგი ძოწენიძის ავტორობით გამოვიდა მინერალოგიის პირველი ორიგინალური სახელმძღვანელო ქართულ ენაზე.

საქართველოში ამ დარგში კვლევა მიმართულია მინერალთა ბუნებრივი ჯგუფების სისტემატიური შესწავლისაკენ. ასეთებეია ბარიტი (თ. ბაგრატიშვილი), პიროქსენები და ამფიბოლები (გ. გვახარია, ე. ვეზირიშვილი), მინდვრის შპატები (რ. მანველიძე), ცეოლითები (გ. გვახარია, ბ. გოგიშვილი, თ. ბათიაშვილი, ნ. სხირტლაძე და სხვ. ), გლაუკონიტები (გ. ნასიძე), კვარცის ჯგუფის მინერალები (რ. ახვლედიანი) და სხვა. გამოკვლეულია ბენტონიტური თიხების მინერალოგია (ალ. თვალჭრელიძე, გ. მაჩაბელი, ნ. სხირტლაძე, გ. ძოწენიძე და სხვ.).

მინერალოგიური ჟურნალები

რედაქტირება

ყოფილ სსრკ-ში გამოიცემოდა მნიშვნელოვანი მინერალოგიური გამოცემები:

  • "Записки Всесоюзного Минералогического общества" (1866-იდან);
  • "Минералогический сборник" Львовского университета (1947-იდან);
  • "Труды Минералогического музея" АН СССР (1949-იდან).

საზღვარგარეთ:

  • "American Mineralogist" (Lancaster — Wash., 1916-იდან);
  • "Bulletin de la Société française de Minéralogique (et de Cristallographie)" (P., 1878-იდან);
  • "Bulletin Suisse de Minéralogie et de Pétrographie" (Bern — Z., 1921-იდან);
  • "Mineralogical Magazine" (L., 1876-იდან);
  • "Zentralblatt für Mineralogie" (Stuttg., 1950-იდან);
  • "Zeitschrift für Kristallographie" (Lpz., 1877-იდან);
  • "Acta Crystallographica" (Camb. — Cph., 1948-იდან);
  • "Neues Jahrbuch für Mineralogie. Abhandlungen" (Stuttg., 1807-იდან);
  • "Neues Jahrbuch für Mineralogie. Monatshefte" (Stuttg., 1900-იდან);
  • "Contributions to Mineralogy and Petrology" (Hdib. — B., 1947-იდან);
  • "Schweizerische Mineralogische und petrographische Mitteilungen" (Z., 1921-იდან);
  • "Tschermarks mineralogische und petrographische Mitteilungen" (Vienna — N. Y., 1872-იდან).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ავალიანი თ., ჯავრიშვილი ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 710.
  • ბეტეხტინი ა., მინერალოგიის კურსი, თბ., 1957;
  • ყიფშიძე ი., გვახარია გ., ძოწენიძე გ., მინერალოგია, თბ. 1938;
  • Ломоносов М. В., О слоях земных и другие работы по геологии, М. — Л., 1949;
  • Вернадский В. И., Избр. соч., т. 2—3 — Опыт описательной минералогии, М., 1955—59;
  • Григорьев Д. П., Шафрановский И. И., Выдающиеся русские минералоги, М. — Л., 1949;
  • Белов Н. В., Очерки структурной минералогии, в. 1—24, "Минералогический сборник", 1950—73, № 4—27.