ლექსიკოლოგია
ლექსიკოლოგია (ბერძ. λεξικός (ლექსიკოს) - სიტყვისა და ... ლოგია) — ენათმეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის ენის ლექსიკურ ფონდს, მის შემადგენლობას, ფუნქციონირებასა და ცვალებადობას. ლექსიკოლოგია იკვლევს როგორც მნიშვნელობის მქონე ენობრივ ერთეულს, შეისწავლის სიტყვისა და საგნის ურთიერთობას; ამით განსხვავდება იგი ფონეტიკისა და მორფოლოგიისაგან, რომელთა შესწავლის საგანია სიტყვის ბგერადობა და აგებულება. როდესაც სიტყვის აგებულების ცვლა დერივაციული ხასიათისაა, წარმოიქმნება ახალი საგნობრივი მიმართება, ახალი სიტყვა; ამრიგად, დერივაცია შინაგანად არის დაკავშირებული ლექსიკოლოგიასთან.
ლექსიკოლოგია შეისწავლის სიტყვისა და საგნის (მაგალითად სიტყვა წრე და წრეხაზით შემოზღუდული სიბრტყის მონაკვეთის) ურთიერთობას, რომელსაც ჩვეულებრივ, განიხილავენ სემასიოლოგიურად – სიტყვიდან ამოსვლით (რას ნიშნავს სიტყვა წრე?) ან ონომასიოლოგიურად – იწყებენ საგნით როგორც ცნობილით და იძიებენ მის სახელწოდებას (რა ეწოდება წრეხაზით შემოზღუდული სიბრტყის მონაკვეთს?). სემასიოლოგია და ონომასიოლოგია ლექსიკოლოგიის განშტოებებია. ლექსიკოლოგიას მიეკუთვნება ეტიმოლოგიაც, ხოლო მომიჯნავე დარგებია: მორფოლოგია (დერივაცია), ლექსიკოგრაფია, ფრაზეოლოგია და სტილისტიკა.
ლექსიკის შედგენილობის კვლევა გულისხმობს, პირველ ყოვლისა, სიტყვათა კლასიფიკაციას. ყველაზე ზოგადია დაჯგუფება სრულმნიშვნელობიან და დამხმარე სიტყვებად. ლექსიკოლოგია ახდენს დაჯგუფებას იმის მიხედვითაც, თუ აღნიშვნის, მითითების და გამოხატვის ფუნქციებიდან მკაფიოდ ამა თუ იმ სიტყვაში (ა. არსებითი სახელები, ზედსართავები, ზმნები და ზმნისართები. ბ. ნაცვალსახელები და დეიქტური სიტყვები. გ. შორისდებულები). ლექსიკოლოგია იკვლევს ლექსიკური ფონდის იმ თვისებებს, რომლებსაც კოლექტივი განაპირობებს, და ახდენს სიტყვათა დაჯგუფებას მოლაპარაკეთა ტერიტორიული დანაწილების თუ საქმიანობის შესაბამისად (დიალექტური და დარგობრივი ლექსიკა).
ენობრივი კოლექტივისა და მისი ქვეჯგუფების ურთიერთობა აისახება ცალკე სიტყვის სემანტიკურ სტრუქტურაშიც: სიტყვას სხვადასხვა პროფესიულ ჯგუფში შეიძლება განსხვავებული მნიშვნელობები ჰქონდეს; მათი შეხვედრა საერთო ენაში იძლევა პოლისემიას, ხოლო ტერიტორიულ ჯგუფებში არსებულ ერთგვარმნიშვნელობიან სიტყვათა თავმოყრის შედეგად ვიღებთ სონონიმებს.
ლექსიკა ენობრივ მოვლენათა შორის ყველაზე სწრაფად იცვლება, ამიტომ ლექსიკური სისტემის საწვდომად აუცილებელია მის კომპონენტთა ცალკე სიტყვების თუ სიტყვათა ჯგუფების ისტორიული გათვალისწინება, ინოვაციათა გზებისა და მიზეზების დადგენა.
ლექსიკის როგორც ცალკე სისტემის განხილვა გულისხმობს გაირკვეს ლექსიკური ფონდის ელელმენტთა (სიტყვების) ურტიერთმიმართება, კავშირი, რომლის საფუძველია სიტყვების აღნიშნული მოვლენების ურთიერთკავშირი. მაგრამ მას შემდეგ, რაც სიტყვები ერთმანეთს დაუკავშირდება და შექმნის სისტემას, ამ სისტემის (და მის კომპონენტთა) შემდგომ ბედს ენობრივი ტრადიციაც განსაზღვრავს. იგი შინაენობრივადაც არის შეპირობებული. ლექსიკოლოგიის ამოცანაა იკვლიოს ამგვარი (ტრადიციით შეპირობებული) სიტყვათკავშირები - პარადიგმატული (ასოციაციური) და სინტაგმატური (დისტრიბუციული) მიმართებები ლექსიკურ ერთეულთა შორის. ბ. ფოჩხუა
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქსე, ტომი 6-ე, კოქტო-მინკუსი. თბილისი: მთავარი სამეცნიერო რედაქცია, 1983. გვერდი 205/3
- Lexicology / Lexikologie: International Handbook on the Nature and Structure of Words and Vocabulary / Ein Internationales Handbuch Zur Natur and Struktur Von Wortern Und Wortschatzen, Vol 1. & Vol 2. (Eds. A. Cruse et al.)
- Words, Meaning, and Vocabulary: An Introduction to Modern English Lexicology, (ed. H. Jackson); ISBN 0-304-70396-6
- Toward a Functional Lexicology, (ed. G. Wotjak); ISBN 0-8204-3526-0
- Lexicology, Semantics, and Lexicography, (ed. J. Coleman); ISBN 1-55619-972-4
- English Lexicology: Lexical Structure, Word Semantics & Word-formation, (Leonhard Lipka.); ISBN 9783823349952
- Outline of English Lexicology, (Leonhard Lipka.); ISBN 34844100
- Christine Römer, Brigitte Matzke: Lexikologie des Deutschen. Eine Einführung. 2. Aktualisierte Auflage. Narr: 2005.
- Thea Schippan: Lexikologie der deutschen Gegenwartssprache 2. Auflage Niemeyer: 2002.
- Michael Schlaefer: Lexikologie und Lexikographie. Eine Einführung am Beispiel deutscher Wörterbücher, Erich Schmidt Verlag, Berlin 2002.