ლექსიკონი
ლექსიკონი (ბერძ. Λεξικό (ლექსიკო)) — წიგნი, რომელშიც გარკვეული წესით (ჩვეულებრივ ანბანურად) ჩამოთვლილია ამა თუ იმ ენის სიტყვები ან რომელიმე დარგის ცნებები და მოცემულია მათი განმარტება.
მთელი ლექსიკური ფონდის ამგვარი აღწერა დაახლოებით XVII საუკუნიდან იწყება (მანამდე არსებული ლექსიკონები მხოლოდ გაუგებარი სიტყვებისა და გამოთქმების ახსნას იძლეოდა და მთელ ლექსიკას არ ახასიათებდა). საერთოდ, ლექსიკონი თავისი დანიშნულებისა და აგებულების მიხედვით სხვადასხვაგვარია.
საყოველთაოდ ცნობილი ლექსიკონებია:
- საფრანგეთის აკადემიური ლექსიკონი ფრანგული ენისა (1-ლი გამოცემა 1694 წელს);
- ოქსფორდის ლექსიკონი ინგლისური ენისა;
- ი. და ვ. გრიმების გერმანული ლექსიკონი.
- თანამედროვე რუსული სალიტერატურო ენისა (1948-64 წლები)
არაანბანური (იდეოგრაფიული) ლექსიკონებია:
- როჟეს თეზაურუსი ინგლისური სიტყვებისა და ფრაზებისა (1-ლი გამოცემა 1852).
- დორნზაიფის გერმანული ენის ონომასიოლოგიური ლექსიკონი (1934) და სხვა.
ჩვენამდე მოღწეულ ქართულ ლექსიკონთაგან უძველესია სტეფანო პაოლინის და ნიკიფორე ირბახის მიერ შედგენილი ქართულ–იტალიური ლექსიკონი (შეიცავდა 3084 სიტყვას, გამოცემულია რომში 1629 წელს; იგი პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნია).
ქართული ლექსიკოგრაფიის შესანიშნავი ძეგლია სულხან–საბა ორბელიანის „სიტყვის კონა“, რომლის შედგენა ავტორს 1713 წელს დაუსრულებია; პირველად გამოიცა 1884 წელს რაფიელ ერისთავის რედაქტორობით, ის განმარტებითია, თუმცა სიტყვებს ხშირად თარგმანიც ახლავს (იტალიურ, თურქულ და სომხურ ენებზე). მასალა განლაგებულია ანბანურად, მაგრამ ასამდე სემანტიკურ ბუდესაც შეიცავს (მაგ.: სტატიაში თოვლი საკუთრივ „თოვლის“ განმარტებასთან ერთად დახასიათებული თრთვილი, ყაპი, ფიფქი, ჭყაპი და სხვა).
XIX საუკუნეში სულხან საბა ორბელიანის ლექსიკონის საფუძველზე ნიკოლოზმა და დავით ჩუბინაშვილებმა შეადგინეს ქართულ–რუსული (1840–1887) და რუსულ–ქართული (1846–1886) ლექსიკონები. 1884 წელს გამოქვეყნდა რაფიელ ერისთავის მოკლე ქართულ–ლათინური საბუნებისმეტყველო ლექსიკონი.
აღსანიშნავია 1950–1964 წლებში გამოცემული ქეგლი — ქართული ენის გამარტებითი რვა ტომიანი ლექსიკონი არნოლდ ჩიქობავას რედაქტორობით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 206.