თრთვილიყინულის წვრილი კრისტალები, რომელიც წარმოიქმნება ღამით დედამიწის ზედაპირის 0°C-ზე დაბლა რადიაციული გაცივებისას. ამ დროს წყნარ ამინდში ნიადაგის, ბალახისა და სხვა საგნების მიმდებარე ჰაერის ფენის ტემპერატურა იმდენად ეცემა, რომ წარმოიქმნება ხელსაყრელი პირობა მათ ზედაპირზე ჰაერში მყოფი წყლის ორთქლის სუბლიმაციისათვის. თრთვილი გამოიყოფა თოვლის ფიფქის მსგავსი ყინულის კრისტალების სახით.[1]

თრთვილი ფოთლებზე
თრთვილი ბალახზე

თრთვილის წარმოქმნისათვის ყველაზე ხელსაყრელია ღია უქარო ღამეები და ზედაპირის უსწორმასწოროებანი, რომელსაც გააჩნია მცირეოდენი სითბოგამტარიანობა (მაგ., ღია ნიადაგური საფარი). ტყეს დიდი გავლენა აქვს ნამსა და თრთვილზე. იგი განსაკუთრებით შეიმჩნევა ზამთარში ნისლიანი ამინდის დროს. მისგან გამოიყოფა წვრილი წყლის წვეთები და მომცრო მყინვარული კრისტალები. საქართველოში თრთვილი ხშირად გვიან შემოდგომაზე აღინიშნება.[2]

თრთვილის კრისტალებს სუსტი ყინვებისას აქვთ ექვსწახნაგა პრიზმის, ზომიერი ყინვებისას ფირფიტის, ხოლო ძლიერი ყინვებისას ბლაგვი ნემსის ფორმა. თრთვილის წარმოქმნისათვის ყველაზე ხელსაყრელია დაბალი ტემპერატურაგამტარობის მქონე ნათელი წყნარი ღამეები და სხეულის ხორკლიანი ზედაპირები. ძლიერი ქარი აბრკოლებს თრთვილის წარმოქმნას, თუმცა სუსტი ქარი, რომელიც იწვევს ნოტიო ჰაერის ყველა ახალი მასის ცივ ზედაპირთან ურთიერთშეხებას პირიქით, ხელს უწყობს თრთვილის წარმოშობას.[3]

ხალხში და მხატვრულ ლიტერატურაში კრისტალურ ჭირხლს ხშირად თრთვილს უწოდებენ, რაც შეცდომაა და იმისათვის, რომ არ აგვერიოს ცნებები, უნდა აღინიშნოს, რომ თრთვილი არ წარმოიქმნება ძაფისებრ ზედაპირებზე. თრთვილის ნაწილაკები თოვლის ფიფქებს წააგავს, თუმცა მისგან ნაკლებად სწორი ფორმით განირჩევა.[1][3]

  1. 1.0 1.1 Иней | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-24. ციტირების თარიღი: 2021-02-13.
  2. გობეჯიშვილი რ., კოტლიაკოვი ვ., გლაციოლოგია, თბ., 2006.
  3. 3.0 3.1 Гляциологический словарь / Под ред В. М. Котлякова. — Л.: Гидрометеоиздат, 1984. — 528 с.