ამინდი
 
წელიწადის დროები

გაზაფხული · ზაფხული
შემოდგომა · ზამთარი

მშრალი სეზონი
ტენიანი სეზონი

შტორმი

ჭექა-ქუხილი · ტორნადო
ტროპიკული ციკლონი (ქარიშხალი)
ექსტრატროპიკული ციკლონი
ზამთრის ქარიშხალი · ქარბუქი
ყინულოვანი შტორმი

ნალექები

ნისლი · წვრილი წვიმა · წვიმა
ყინულის წვიმა · ფხვიერი ყინული
სეტყვა · თოვლი · ნალექი

თემები

მეტეოროლოგია
ამინდის პროგნოზი
კლიმატი · ჰაერის დაბინძურება

ამინდის პორტალი
      

ამინდი — ატმოსფეროს ფიზიკური მდგომარეობა მიწის ზედაპირთან კონკრეტულ ადგილას მოცემულ მომენტში ან გარკვეულ ინტერვალში (დღე-ღამე, დეკადა, თვე და სხვ.). ამინდი ხასიათდება მეტეოროლოგიური სიდიდეების მნიშვნელობათა ერთობლიობით: ატმოსფერული წნევა, ნალექები, ტემპერატურა, ჰაერის ტენიანობა, ქარის ძალა და მიმართულება; ღრუბლიანობის ხასიათი და მზის სიკაშკაშე, ნისლი, ჭექა-ქუხილი და სხვა ატმოსფერული მოვლენები. ამინდის მრავალწლოვანი რეჟიმი აყალიბებს კლიმატს (ჰავას). ამინდზე საუბრისას ჩვეულებრივ განიხილავენ მიწისპირა ფენას, „საცხოვრებელ ფენას“, თუმცა ატმოსფერული პროცესები სხვადასხვა სიმაღლეზე ერთმანეთთანაა დაკავშირებული, ამიტომ ამინდის შეცვლის მიზეზთა გაგებისათვის აუცილებელია ატმოსფეროს ყველა სიზრქის შესწავლა. განსაზღვრულ ტერიტორიაზე ამინდის განაწილება გამოისახება სინოპტიკური რუკების მეშვეობით, რომლებზეც გავლებულია იზობარები, პირობითი ნიშნებით აღნიშნულია ციკლონებისა და ანტიციკლონების, ატმოსფერული ფრონტების, ნალექების ზონების, ნისლებისა და სხვათა მდებარეობა.[1]

ადამიანის საქმიანობის მრავალი სფეროს განვითარებასთან ერთად ჩნდება ამინდის შესახებ ახალი ინფორმაციის მიღების მოთხოვნილება. ავიაციის გაჩენამ მასში მოიცვა ატმოსფეროს მახასიათებლები მიწისპირა ფენიდან ქვედა სტრატოსფერომდე და მთელ მარშრუტზე აფრენიდან დაჯდომამდე. საავიაციო მეტეოროლოგიაში დიდ ყურადღებას უთმობენ ამინდის ისეთ დამატებით მახასიათებლებს, როგორიცაა ხილვადობის სიშორე ატმოსფეროში, ტურბულენტობა და ატმოსფერული ელექტრობა, ქარის ძვრა, ჭავლური დინებების არსებობა და მათი თავისებურებები და სხვ. აგრომეტეოროლოგიისათვის მნიშვნელოვანია მონაცემები ნალექების, ჰაერის მაღალი ტემპერატურის ხანგრძლივობის (კვირა, დეკადა, თვე), მისი ფარდობითი ტენიანობის დაბალი მაჩვენებლების შესახებ, მცენარეთა ვეგეტაციის დროს ნიადაგსა და ჰაერში უარყოფითი ტემპერატურის გამოჩენის ალბათობა. გაჩნდა ცნება „ეფექტური ტემპერატურა“. სოფლის მეურნეობაში ის განისაზღვრება როგორც სხვაობა ფაქტობრივ ტემპერატურასა და ბიოლოგიური მინიმუმის[ა] მნიშვნელობას შორის; მედიცინაში — ტემპერატურა, რომელიც ახასიათებს ადამიანის ორგანიზმის მიერ სითბოს ან სიცივის სუბიექტურ აღქმას, მასში გაითვალისწინება ქარის სიჩქარე, ჰაერის ტენიანობა, ინსოლაცია; მშენებლობაში — ჰაერის ტემპერატურა ნაგებობის შიგნით შემომზღუდავი კონსტრუქციების (კედელი, ფანჯარა და სხვ.) სითბოგამტარობის, გარე ტემპერატურისა და ქარის სიჩქარის მიხედვით.[1]

ამინდის ცვლილება რედაქტირება

დედამიწის ნებისმიერ წერტილში ამინდი წლის, თვის, დღე-ღამის, საათისა და წუთის განმავლობაში განიცდის ცვლილებებს. ამ ცვლილებათა ნაწილს პერიოდული ხასიათი აქვს, კერძოდ კი მათ, რომლებიც დამოკიდებულია უშუალოდ მზის რადიაციის მოქმედებაზე და დაკავშირებულია დედამიწის ბრუნვასთან თავისი ღერძის (დღე-ღამური ცვლილებები) ან მზის გარშემო (წლიური ცვლილებები). ამინდის დღე-ღამური მიმდინარეობა ყველაზე მეტად გამოხატულია მიწის ზედაპირთა, რადგან ჰაერის ტემპერატურის ცვლილება დამოკიდებულია მიწის ზედაპირის ტემპერატურის ცვლილებაზე, ხოლო თავის მხრივ, მათზეა დამოკიდებული ტენიანობა, ღრუბლიანობა, ნალექები, ქარი. თავისუფალ ატმოსფეროში სიმაღლის ზრდასთან ერთად ტემპერატურისა და ჰაერის ტენიანობის დღე-ღამური ცვალებადობების ამპლიტუდები და ქარის სიჩქარე კლებულობს. ამინდის წლიური მიმდინარეობა, რომელიც წელიწადის დროების ცვლაში გამოიხატება, მთელ ატმოსფეროში ვრცელდება.[1]

შენიშვნები რედაქტირება

  1. განვითარების შესაბამის ფაზაში სასოფლო-სამეურნეო მცენარის აქტიური ვეგეტაციისათვის საჭირო ტემპერატურის ქვედა ზღვარი

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 Семенченко Б. А. Погода // Большая российская энциклопедия. т. 26. — М., 2014. — стр. 506.